ხათუნა გოგორიშვილი - სააკაშვილმა თავად უნდა შეწყვიტოს ცეცხლის გახსნა

მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი წარმოაჩინოს, როგორც ორპოლუსიანი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ მხოლოდ საზოგადოების კოალიციას ხედავს, ხოლო პარტიულ კოალიციას - არა, გოგორიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილს განცხადებები ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

„ის, რომ ყველა პარტიას თავისი სტრატეგია აქვს და ყველა პარტია არჩევნებში იბრძვის იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიიღოს, ეს ძალიან ბუნებრივია და არავის უკვირს, უბრალოდ ბოლო 8 წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყველა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილიც ცდილობს, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი წარმოაჩინოს, როგორც ორპოლუსიანი. ასე ნამდვილად არ არის და ამას აჩვენებს 31 ოქტომბრის არჩევნები, როდესაც ვნახავთ, რომ სხვა პარტიებსაც ექნებათ საკმაოდ კარგი შედეგი. როდესაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მარტო მე ვარ ბიძინა ივანიშვილის ვიზავი, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხავს წყალს“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

მისივე თქმით, ყოველდღე ერთი და იგივე საკითხზე წაღმა-უკუღმა კომენტარების კეთება არასწორია.

„გუშინ სააკაშვილის განცხადება იყო, რომ უმრავლესობით მოდის და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ აკომპლექტებს ყველაფერს მომავალ მთავრობაში და დღეს უკვე ამბობს, მეგობარო პარტიებო, მოდით მოვემზადოთ თანამშრომლობისთვის, ანუ დაუშვა, რომ კოალიციური ერთობის საჭიროება გახდა. გუშინდელი და დღევანდელი მესიჯი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ასე რომ ყოველდღე ერთი და იგივე საკითხზე წაღმა-უკუღმა კომენტარების კეთება მე მგონი, არასწორია. ზუსტად ის, რასაც ამბობს მიხეილ სააკაშვილი, არის, რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ დაარწმუნოს ქართველი ამომრჩეველი, რომ არჩევანი არის მხოლოდ ბიძინასა და მიშას შორის.

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ძალაუფლებისკენ ლტოლვა იმდენად მაღალია, რომ სხვა ვერაფერი წარმოუდგენია. არ უნდა მიხეილ სააკაშვილს კოალიციურ მთავრობაში იხილოს თავისი პარტია იმიტომ, რომ ზუსტად იცის, კოალიციურ პარტიაში ერთპიროვნული ლიდერობა არ გამოუვა. როდესაც ის გამოდის და ამბობს, მე ვარ ერთადერთი, ვინც ბიძინას საპირწონეა, გამოდის, რომ ამით ის აფუჭებს საერთო ოპოზიციური ერთობის იდეას“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციური სპექტრისადმი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მიმართვას, რომ ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დააზიანონ საერთო ინტერესები, გოგორიშვილის თქმით, ამ მიმართვას და შენიშვნას საკუთარ თავზე ვერ მიიღებს და სააკაშვილმა თავად უნდა შეწყვიტოს ცეცხლის გახსნა და მსგავსი განცხადებების გაკეთება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ იგი მხოლოდ საზოგადოების კოალიციას ხედავს, ხოლო პარტიულ კოალიციას - არა.

„მე ვხედავ კოალიციას საზოგადოების, მე საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას, მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიების და პარტიუკების. საერთოდ არ მჯერა, ზოგადად, პოლიტიკანობის და პოლიტიკოსობის, ვიწრო გაგებით. მე მჯერა სახელმწიფოებრივი აზროვნების, მე მჯერა ინოვაციების, მე მჯერა ფართო ხედვის და პატრიოტიზმის, მე მჯერა ფართო საზოგადოებრივი ძალების გაერთიანების", - განაცხადა სააკაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.

დღეს კი მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური.

„მინდა მივმართო კოლეგებს სხვა ოპოზიციური პარტიებიდან თუ სხვადასხვა ჯგუფებიდან - თავიდანვე ჩვენი შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.

აქვე უნდა ითქვას, რომ ვფიქრობ, ახლა ბევრად უკეთესი იქნება მთავარ მიზანზე კონცენტრირება და ის, რომ ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები“, - აცხადებს სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა