მეუფე შიო - თუკი ადამიანი თავმდაბალი არ არის, შეიძლება, ითქვას, რომ ის ქრისტიანიც არ არის

თუკი ადამიანი თავმდაბალი არ არის, შეიძლება, ითქვას, რომ ის ქრისტიანიც არ არის. რაც უნდა მარტო სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი ჭამოს და სვას ადამიანმა მთელი ცხოვრება, ყველა მსახურება და ლოცვა ზეპირად ისწავლოს, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქრისტიანი იყოს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, ძვირფასო მამებო, დებო და ძმებო! გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღეს არის შობა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, დიდებული დღესასწაული, ვინაიდან ამ დღეს დაიწყო იმ უფსკრულის გადალახვა, რომელიც ღმერთსა და ადამიანებს შორის იყო; რამეთუ დღეს იშვება ყოვლადწმინდა ქალწული, რომელიც უნდა გახდეს შემაერთებელი ხიდი ზეცასა და მიწას შორის და რომელიც უნდა გახდეს კარიბჭე უფლის განკაცებისა. ამისთვის ვმადლობთ და ვადიდებთ მას. უნდა ვეცადოთ, რომ დიდი სიყვარულითა და მოწიწებით ვიხსენებდეთ მას.

ამავე დროს ჩვენ ვფიქრობთ, თუ რა გზა გამოიარეს მისმა მშობლებმა. თქვენ იცით, რომ იგი იშვა, როდესაც მისი მშობლები უკვე ძალიან მოხუცებულები იყვნენ. მრავალი წელი მათ შვილი არ უჩნდებოდათ. დღევანდელი დღესასწაულის საგალობელში არის ასეთი სიტყვები, რომ იოაკიმემ და ანამ დაითმინეს ყვედრება და გათავისუფლდნენ ამ ყვედრებისა და უშვილობისგან. ეს ყვედრება, მართლაც, მძიმე იყო ისრაელში, რადგან მიიჩნეოდა, რომ უშვილობა არის მძიმე ცოდვის ნიშანი. რა თქმა უნდა, ხალხი მათ პირშიც ეუბნებოდა, – თქვენ რაღაც მძიმე ცოდვა ან დაფარული ცოდვები გაქვთო და ზურგს უკანაც ჭორაობდნენ მათზე, განიკითხავდნენ და ყვედრიდნენ მათ.

აი, ასეთი მძიმე გზა გაიარეს იოაკიმემ და ანამ; უფალმა დაუშვა მათზე, რომ ათწლეულების განმავლობაში ეს ყვედრება დაეთმინათ და შემდეგ იშვა ყოვლადწმინდა ქალწული. რისთვის დაუშვა უფალმა მათზე ასეთი მძიმე ჯვარი? იმიტომ, რომ ამით უფალმა განწმინდა იოაკიმე და ანა, თუკი მათში იყო რაიმე ამპარტავნული, რაიმე გაღიზიანება, რაიმე ქედმაღლობა, ისინიც ხომ ადამიანები იყვნენ. და როდესაც მათ ასეთ დიდ სიმდაბლეს და სიწმინდეს მიაღწიეს, სწორედ მაშინ მოუვლინა მათ ღმერთმა შვილი. ბუნების წესი შეცვალა უფალმა ჩვენმა, ყოვლადწმინდა სამებამ და იშვა ქალწული მარიამი. მთელ ისრაელში იოაკიმე და ანა იყვნენ ყველაზე წმინდა და თავმდაბალი ადამიანები.

რისთვის იყო საჭირო ესოდენი სიმდაბლე? რატომ აღამაღლა უფალმა ისინი ასეთ სიწმინდემდე? იმიტომ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უნდა გამხდარიყო დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სულიწმინდით უნდა მომხდარიყო მისი ჩასახვა. სულიწმინდა გადამოდის მხოლოდ თავმდაბალ ადამიანებზე. გახსოვთ ბიბლიის სიტყვები, რომ „უფალი ამპარტავანსა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთ მისცემს მადლს“? – აი, ეს იყო მიზანი! ამისთვის იყო მთელი მათი ცხოვრება შეზავებული ყვედრებითა და შეურაცხყოფით.

სხვათა შორის, წმინდა მამები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ თუკი ადამიანმა უნდა მიაღწიოს სიწმინდეს, მის ცხოვრებაში აუცილებლად იქნებიან ისეთი ადამიანები, ვინც მას ყვედრიან, შეურაცხყოფენ, ვინც უტიფრად, უხეშად მოექცევა. თუ გსურს, შეიძინო ეს სულიერი თვისებები, მაშინ აუცილებლად უნდა მიიღო ასეთი ადამიანები ისეთებად, როგორებიც არიან და არასდროს უნდა ეცადო მათი გამოსწორება, რადგან არსებობს ხოლმე იმგვარი ვითარება, როდესაც გარემოებას ვერ ვცვლით და ეს ღვთისგან არის დაშვებული.

ხოლო თუკი ამგვარ სიმდაბლეს ვერ მოიპოვებ, თუკი ამისთვის არ ზრუნავ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სულიწმინდის მადლის მოხვეჭას არ ეძიებ და ეს შენი ინტერესი არ არის. უფრო მეტიც, თუკი ადამიანი თავმდაბალი არ არის, შეიძლება ითქვას, რომ ის ქრისტიანიც არ არის. რაც უნდა მარტო სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი ჭამოს და სვას ადამიანმა მთელი ცხოვრება, ყველა მსახურება და ლოცვა ზეპირად ისწავლოს, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქრისტიანი იყოს.

ამისთვის საჭიროა მოიპოვო ერთ-ერთი უმთავრესი თვისება – სიმდაბლე, რომელზეც დღეს საუბარი იყო სამოციქულოშიც, რომ „ესრეთ ზრახვაი იზრახებოდეს, რომელი არს ქრისტესი თქვენში“. და არის კიდევ პავლე მოციქულის სიტყვები, რომ ვისაც ქრისტეს სული არ აქვს, ის არც არის ქრისტესი. ქრისტეს სული – ეს არის სწორედ სიმდაბლის სული, რომელიც მოიპოვეს წმინდა იოაკიმემ და ანამ და, რა თქმა უნდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. ასეთი ადამიანები ხშირად მოდიან ხოლმე ჩვენთან აღსარებაზე და გვეუბნებიან, – ჩვენ ერთი და იგივე ცოდვები გვაქვს, აღსარებაში ერთსა და იმავეს ვამბობთ და ვერაფერს ვერ ვაღწევთო. ასე ვერც ვერაფერს მიაღწევ, რადგან რამეს რომ მიაღწიო, ამისთვის საჭიროა ცხოვრების შეცვლა.

აუცილებლად საჭიროა სინანული. აი, ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს! ვეცადოთ, დიდი სიყვარული გვქონდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, რომელიც არის ყოველი ჩვენგანის დედა. ვეცადოთ, ღირსნი ვიყოთ იმისა, რომ ერთი მოდგმისანი ვართ, მოდგმისა, რომლისგანაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე!,“ - განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორეს ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა, რომ მან ააღორძინა სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული. ამასთან, დღევანდელ დღეს მისი უწმინდესობა პირადად ლოცავს იმ ბავშვებს, რომლებიც ებრძვიან სიმსივნეს.

,,ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! დღეს ჩვენ ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ეს დღე, იმიტომ რომ ყველა დიდ ღვაწლთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა, რომ სწორედ მან ააღორძინა ჩვენს ერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული, რისი დაგვირგვინებაც გახლავთ ჩვენი სახელმწიფოს მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის სახელმწიფო დონეზე აყვანა და სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება.

მივულოცოთ ჩვენ უწმინდესსა და უნეტარესს, ვუსურვოთ მას დღეგრძელობა მრავალსა წელსა მრავალჟმიერ! დღევანდელ დღეს ჩვენ ტრადიცულად ვლოცავთ და მისი უწმინდესობა პირადად ლოცავს ხოლმე იმ ბავშვებს, რომლებიც ებრძვიან სიმსივნეს. დღეს ჩვენ ვლოცავთ ბერი ანდრიას ფონდის შვილობილებს, რომლებმაც ეს მძიმე სენი დაამარცხეს; მათი სახით ვლოცავთ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით, მათ, ვისაც აქვს პრობლემები და ვუსურვებთ მათ განკურნებას, ღვთისა და ღვთისმშობლის შეწევნასა და მფარველობას, რომ დაძლიონ ეს მძიმე სენი და თავიანთი ცხოვრებით ჩვენი ქვეყნის ღირსეული და ერთგული შვილები იყვნენ! ღმერთმა გაგახაროთ, დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ჩვენთან არს ღმერთი!“ - აღნიშნა მეუფე შიომ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს