ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით

ბელარუსში არსებულ ვითარებასა და ბელარუსში მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე „ინტერპრესნიუსი“ ცნობილ რუს პოლიტოლოგს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ბორის, როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში არსებულ ვითარებას?

- ჯერჯერობით, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება ჩიხურია. ხელისუფლება ვერ ახერხებს საპროტესტო ტალღის შეჩერებას, ხოლო ოპოზიცია არ შეუძლია ხელისუფლების დამხობა.

ფაქტია, რომ საპროტესტო აქციების მასშტაბები საკმაოდ დიდია. ის რომ მინსკში საპროტესტო აქციებზე 200 ათასი ადამიანი გამოდის, ეს ძალიან ბევრზე მეტყველებს. პირველ რიგში კი იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობის აქტიური ნაწილი უკმაყოფილოა ლუკაშენკოს მმართველობით.

- რაც უფრო არ ცხრება აქციები ბელარუსში, მით მეტად ცხადად ჩანს, რომ მინსკი პოლიტიკური თვალსაზრისით სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება კრემლზე...

- არა მგონია, ეს სრულიად ცხადი იყოს. მინსკის კრემლზე დამოკიდებულება იმის გამო იზრდება, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლება ვერ ახერხებს საპროტესტო ტალღის ჩახშობას.

- მე მხედველობაში მაქვს ის, რომ ბელარუსის საშინაო საქმეებში აქტიურად არიან ჩართული რუსეთის მოქალაქეები და სხვადასხვა წყაროების მტკიცებით რუსეთის თავდაცვისა და სხვადასხვა სპეცრაზმების წარმომადგენლები...

- მე მიჭირს იმის თქმა, ნამდვილად მონაწილეობენ თუ არა ბელარუსში სახალხო მღელვარების ჩასახშობად რუსეთის მოქაალქეები. ჩემი აზრით, ჯერჯერობით არ მონაწილეობენ, ამისთვის ლუკაშენკოს ხალხი ჯერჯერობით ჰყოფნის.

- ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ყველაფერი რაც ახლა ბელარუსში ხდება, მოსკოვის მიერ იყო ინიცირებული, რომ ამ პროცესების ფონზე დასუსტებული ლუკაშენკო კრემლთან მოლაპარაკებებზე უფრო „დამჯერი“ ყოფილიყო...

რაც შეეხება რუსეთის მონაწილეობა-არმონაწილეობას ბელარუსის პროცესებში - ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ხრენინი, პენზელი რუსეთის მოქალაქეა, შსს-ს მინისტრი ვლადიკავკაზელი ოსი კარაევია, შსს ქვედანაყოფებისა და სპეცრაზმების მეთაურები არიან დაღესტნელი და ჩეჩენი რუსეთის მოქალაქეები...

- რა თქმა უნდა, რუსეთი ამ პროცესებში მონაწილეობს მაგრამ, ჩემი აზრით, კრემლს ლუკაშენკოს ბაბარიკათი შეცვლის სურვილი ჰქონდა, ახლა აღმოჩნდა, რომ ეს ვერ ხერხდება.

ვფიქრობ, ბელარუსთან მიმართებაში კრემლმა ვერ გათვალა, შეცდომები დაუშვა და არ მოელოდა, რომ არჩევნების შედეგებს სახალხო მღელვარება მოჰყვებოდა. როგორც ჩანს, კრემლს არც იმის მოლოდინი ჰქონდა, რომ ლუკაშენკო ასეთ ხისტ ნაბიჯებს გადადგამდა.

- თქვენ ლუკაშენკოს სავარაუდო შემცვლელად ბაბარიკა ახსენეთ. ცნობილი ფაქტია, რომ ის საკმაოდ დიდხანს მუშაობდა რუსულ „გაზპრომში“, ასევე საუბრობდნენ ცეპკალოზე, რომელიც ასევე საკმაოდ დიდხანს მუშაობდა რუსეთის საგარეო უწყებაში...

- გასაგებია, რომ ბაბარიკაცა და ცეპკალოც რუსული კრეატურაა, მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ საპროტესტო ტალღის შედეგად ლუკაშენკოს ხელისუფლება დაემხობა და ხელახლა ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, არავინ იცის, კრემლთან დაახლოებული პოლიტიკოსებს ხალხი დაუჭერს მხარს თუ არა.

თუ საპროტესტო ტალღის შედეგად ლუკაშენკოს ხელისუფლება დაემხობა და ხელახლა ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, არავინ იცის, კრემლთან დაახლოებული პოლიტიკოსებს ხალხი დაუჭერს მხარს თუ არა

- საქართველოს თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ბელარუსში დაწყებული პროცესები?

- ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით, ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით. ასეთი ორი ვარიანტია, მესამე ვარიანტი არ ჩანს.

- ძნელი წარმოსადგენია, რომ კრემლმა დაუშვას არამისი სცენარით ბელარუსში პროცესების განვითარება...

- თუ სახალხო მღელვარება შენარჩუნდა, ლუკაშენკო ხელისუფლებაში ვერ დარჩება. იმისთვის, რომ ლუკაშენკომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, სახალხო მღელვარების ჩახშობა აუცილებელი პირობაა. ამას კი მინსკი ვერც თავად და ვერც კრემლის ირიბი თუ პირდაპირი ჩარევით ვერ ახერხებს.

- მრავალი თვალსაზრისით მრავლისმეტყველი აღმოჩნდა ლუკაშენკოს შეხვედრა პუტინთან. მხედველობაში მაქვს ის, რომ ადლერის აეროპორტში მას არათუ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრიც არ დახვედრია და დახვდა მხარის გუბერნატორი.

რუსი დამკვირვებლების აზრით, პუტინმა ლუკაშენკო დემონსტრაციულად დაამცირა. თქვენი აზრით ფაქტი, რომ ლუკაშენკოს, როგორც სხვა ქვეყნის პრეზიდენტს აეროპორტში მხოლოდ გუბერნატორი დახვდა, რას შეიძლება ნიშნავდეს?

- შესაძლოა, არც არაფერს ნიშნავდეს. პუტინი ლუკაშენკოს ვერ იტანს, მაგრამ ჯერ ვერ ხედავს ვისით შეიძლება იგი ჩაანაცვლოს. ვიმეორებ, რჩება შთაბეჭდილება, რომ კრემლი არ ელოდა იმას, რომ ლუკაშენკოს კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტებას მასშტაბური საპროტესო აქციები მოჰყვებოდა.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ბელარუსში საპროტესტო აქციები?

- ისეთი პირი უჩანს, რომ ბელარუსში საპროტესტო ტალღა მალე არ ჩაცხრება. ჩემი ვარაუდით, რამდენიმე კვირა ნამდვილად გაგრძელდება. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ბელარუსში 1 ოქტომბრისთვისაა გადადებული უნივერსიტეტებში სწავლის განახლება.

თუ უნივერსიტეტებში სწავლა 1 ოქტომბერს განახლდა, აქტიური სტუდენტობა გააძლიერებს მინსკში საპროტესტო მოძრაობას. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ ასეთ შემთხვევაში როგორ იმოქმედებეს ხელისუფლება.

- რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლუკაშენკოს ვაჟი მეორე ქორწინებიდან უკვე მოსკოვის ოლქში აგარაკზეა გადაბარგებული. ასევე რუსეთში საცხოვრებლადაა გადასული ლუკაშენკოს მეორე ვაჟი პირველი ქორწინებიდან.

თქვენი აზრით, მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის მოსკოვი ემზადებოდა თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

- არ ვიცი, მიჭირს პასუხის გაცემა. შესაძლოა, ლუკაშენკოს შვილების რუსეთში გადაბარგება მხოლოდ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვას უკავშირდებოდეს.

- ცნობილი რუსი პოლიტიკური მიმომხილველი იულია ლატინინას მტკიცებით, -ბელარუსში ყველაფერი, მათ შორის მომგებიანი საწარმოების პრივატიზაცია პუტინის მეგობრების სასარგებლოდ დასრულდება. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან ძნელია იმის პროგნოზირება, სავარაუდოდ როგორ დასრულდება პროცესები ბელარუსში. თუ ლუკაშენკომ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, იგი პუტინის მეგობრებს ბელორუსულ არც მომგებიან და არც წამგებიან საწარმოებს არ მისცემს და ისინი ვერც ვერაფერს გაიყოფენ.

თუ სახალხო მღელვარებამ შეძლო ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობა, თუ როგორგ განვითარდება შემდგომ პროცესები დამოკიდებული იქნება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკმა საზღვარი ჩაკეტა პოლონეთთან და ლიეტუვასთან. თქვენი აზრით, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ლუკაშენკომ? წესით, ახლა მას ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა არ უნდა აწყობდეს...

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ლუკაშენკოს მხრიდან პოლონეთისა და ლიეტუას საზღვრების ჩაკეტვა დემონსტრატიული ჟესტია, თან ისეთი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა ამბობს, - როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები ბელარუსში, კრემლი არ დაუშვებს იმას, რომ მოსკოვმა დაკარგოს კონტროლი ბელარუსზე...

- მიჭირს ამის თქმა, რადგან ახლა ძნელია თქმა თუ რა სცენარით განვითარდება პროცესები. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიციას დაიჭერს ბელარუსის არმია.

- კი მაგრამ, ბელარუსის არმიას ხომ პენზიდან რუსეთის მოქალაქე ხრენინი ხელმძღვანელობს?

- კი ასეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბელარუსის არმიაში, მათ შორის უმაღლეს ხელმძღვანელობაში ოფიცრები ყველა რუსეთის მოქალაქები არ არიან.

- ალბათ იცით, რომ მალე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. თქვენი აზრით, ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები რა გაკვეთილი შეიძლება იყოს საქართველოსათვის?

- არანაირი, რადგან ბიძინა ივანიშვილი არანაირად არ ჰგავს ლუკაშენკოს. ივანიშვილი უფრო ბელარუს პოლიტიკოს ბაბარიკას ჰგავს. თქვენთან სხვა ვითარებაა, ამიტომ რუსეთმა ჩარევა რომ მოისურვოს, მოვლენათა განვითარების სხვა სცენარები იქნება.

ივანიშვილი არანაირად არ ჰგავს ლუკაშენკოს. ივანიშვილი უფრო ბელარუს პოლიტიკოს ბაბარიკას ჰგავს. თქვენთან სხვა ვითარებაა, ამიტომ რუსეთმა ჩარევა რომ მოისურვოს, მოვლენათა განვითარების სხვა სცენარები იქნება

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან წინასაარჩევნოდ ვითარება საქართველოში საკმაოდ საინტერესოდ და იმავდროულად რთულადაც კი გამოიყურება. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების შანსებს ინარჩუნებს.

- იმის გათვალისწინებით, რომ ახლა კრემლი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საშინაო საქმეებში საკმაოდ აქტიურად ერევა, არ გამორიცხავენ რომ რუსეთის მხრიდან არჩევნების დღეს კიბერშეტევა იქნას განხორციელებული ცესკოზე.

თქვენი დაკვირვებით, ამგვარი ალბათობა რამდენად მაღალია?

- არა მგონია. ასე იმიტომ მგონია, რომ არა ვარ დარწმუნებული კრემლს ეს საქართველოში სჭირდებოდეს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით