ლევან დავითაშვილი - სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რთველი წარმატებით ჩატარდეს და მევენახე ფერმერების შრომა დაფასდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, მევენახე ფერმერის, მალხაზ პავლიაშვილის ოჯახს ესტუმრა და რთველში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებულ ვენახში, ფერმერს სხვადასხვა ჯიშის ყურძენი ბიომეთოდით მოჰყავს და ორგანულ ღვინოს აწარმოებს. მევენახემ 3 ტონა რქაწითელი უკვე ჩააბარა. ამჟამად კი, საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალს იღებს.

„რთველი, ტრადიციულად დიდი ზეიმია, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, სადაც მოსახლეობის შემოსავალი, ძირითადად, ყურძნის რეალიზაციაზეა დამოკიდებული. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რთველი წარმატებით ჩატარდეს და მევენახე ფერმერების შრომა დაფასდეს. მოხარული ვარ, რომ პავლიაშვილების ოჯახთან ერთად რთველში მივიღე მონაწილეობა. მათ ბიოლოგიურად სუფთა ყურძენი მოჰყავთ და ორგანულ ღვინოს აწარმოებენ, რომელზეც მოთხოვნა მზარდია და, შესაბამისად, განსაკუთრებული პერსპექტივა აქვს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, პავლიაშვილების რთველში კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილიც იმყოფებოდა.

კახეთის რეგიონში რთველი პიკურ ფაზაშია. ყურძნის ჩაბარება-გადამუშავების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. 22 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 130 ათასი ტონა ყურძენი, აქედან, 96 ათასი ტონა რქაწითელია, 26 ათასი ტონა - საფერავი, 2 ათასი ტონა -კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. მიმდინარე წელს, პანდემიის შედეგად შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის ყველა ის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ, 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს, არანაკლებ, 0,80 ლარს გადაუხდის. აღნიშნულ შემთხვევაში, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია 0,30 ლარის ოდენობით როგორც 1 კგ რქაწითელზე, ისე 1 კგ კახურ მწვანეზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული