ეკა ბესელია პრემიერის განცხადებაზე - წარსულის ნოსტალგია საკუთარი არასწორი მართვის და შედეგის არქონის ხაზგასმას აკეთებს

წარსულის ნოსტალგიები და ასეთი შედარებები, საკუთარი არასწორი მართვის და შედეგის არქონის ხაზგასმას აკეთებს, - ასე აფასებს პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას, სადაც ის აცხადებს, რომ „საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი გვინდა, საქართველო დავინახოთ უახლოეს პერიოდში".

ეკა ბესელია დასძენს, რომ 8 წლის თავზე, არ არსებობს ქალაქი, რომელზეც მთავრობა იტყვის, რომ სანიმუშოა იმ შედეგებით, რაც მიაღწიეს.

„გამიჭირდება გამოვიცნო რა იგულისხმა პრემიერმა. ალბათ, ეს იყო მინიშნება, რომ კეთილმოწყობის და სოციალური პირობების თვალსაზრისით საჩხერე უკეთ გამოიყურება, ვიდრე სხვა ქალაქები. მე არ მგონია, რომ ეს კარგი შედარება იყოს პირველ რიგში მთავრობისთვის და მთავრობის მეთაურისთვის.

როდესაც 8 წლის თავზე, ჩვენ არ შეგვიძლია ვიამაყოთ სხვა ქალაქებით, რაიონებით ან რეგიონებით, რომლებიც სოციალური პრობლემების, მათ შორის, ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით წინ წავიდა და მოდელია, ეს ნიშნავს, რომ წარუმატებელი პოლიტიკაა. საჩხერესთან ასეთი პარალელების გავლება, არამგონია „ქართული ოცნებისთვის" მომგებიანი იყოს", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ -მინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის ჭიათურაში წარდგენისას განაცხადა, „საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი გვინდა, საქართველო დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წვლილია".

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს