ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნესდარბაზი. სპორტულ კომპლექსში ეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის. განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, და მერის პირველ მოადგილე, კონსტანტინე თოფურია გაეცნენ.

„მსგავსი პროექტების განხორციელება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს”,-განაცხადა ფოთის მერმა.

პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. სამუშაო პროცესში 45 ადამიანია დასაქმებული. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მოეწყო ევროსტანდარების შესაბამისი სარაგბო ბაზა, რეაბილიტირდა კრივის და ხელბურთის დარბაზი, აშენდა ფოთის საფეხბურთო ცენტრი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა