ჩვენ ის პოლიტიკური ძალა ვართ, რომელიც ყურადღებით უსმენს საზოგადოების პოლიტიკურ დაკვეთას, ჩვენ გვესმის თქვენი ხმა „ცვლილების დროა“ და ამიტომ ამ ცვლილებას თქვენთან ერთად, თქვენივე მხარდაჭერით ვაპირებთ,- ამ სიტყვებით მიმართა დღეს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ზემო იმერეთის ადგილობრივ მოსახლეობას. ინფორმაციას “თავისუფალი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.
კუკავას თქმით, წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის, აქედან გამომდინარე კი, პოლიტიკოსთა მხრიდან ხალხის მიმართ დაპირებების ჩამონათვალი იზრდება.
„თუ პოლიტიკურ ლოზუნგებს გადავხედავთ, ადვილად ამოვიკითხავთ იმ დაპირებებს, რომლებიც უხვად გაიცემა. ზოგი 500-ს ლარიან პენსიებს გპირდებათ, ზოგი ხალხის მხრიდან დავალებების მისაღებად არის მზად და ბოდიშებს იხდის მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე. ალბათ, ის ბანკირებიც გახსოვთ, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ ვიდეორგოლებში მონაწილეობდნენ და ხალხს, 48-ის შემოხაზვისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო რაც ხელისუფლებასთან საერთო ენა ვეღარ გამონახეს, „პრინციპული“ოპოზიციონერები გახდნენ. თქვენ ასევე გახსოვთ ის ადამიანი, რომელიც უფასო ფულს გპირდებოდათ, მაგრამ დღეს ეს იაფი ფული უკვე 3 ლარზე მეტი ღირს. ამიტომაც თქვენ, არა დაპირებებს, არამედ პოლიტიკოსთა მიერ განვლილ გზას უნდა გადახედოთ. მჯერა, ამ შემთხვევაში სწორი არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებათ“,- განაცხადა კახა კუკავამ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის შემდეგ, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით როსტომ ცარციძემ გამოვიდა. ზემო იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იმ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც „თავისუფალი საქართველოს“ ეგიდით განხორციელდა.
„მეგობრებო, იმას რასაც სხვები ახლა, წინასაარჩევნოდ გპირდებიან, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ და დღემდე წარმატებით ვახორციელებთ. ასობით ადამიანმა „იაფი მედიკამენტების პროგრამით“ ისარგებლა, ასობით ოჯახი კი ჩვენმა პარტიამ, საკუთარი სახლ-კარიდან, ბანკებისგან გამოსახლებას გადაარჩინა.
დღეს, ჩვენ მიერ ასევე წარმატებით ხორციელდება კიდევ ერთი ეროვნული საქმე, რასაც ქართული ჩაის რეაბილიტაცია და მისი შემდგომი განვითარება ჰქვია. ასე რომ. რასაც სხვები ახლა, მხოლოდ სიტყვით გპირდებიან, ჩვენ ეს ყველაფერი საქმით დავამტკიცეთ“,- განაცხადა ცარციძემ და იმედი გამოთქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის გარდამტეხი იქნება