მინდია დავითაძემ WIPO-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახელით განცხადება გააკეთა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი სახელმწიფოების 61-ე გენერალური ასამბლეა წელს ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე ხელმძღვანელობს, ღონისძიებაში დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, WIPO-ს ახლად არჩეულ გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს, მოქმედ გენერალურ დირექტორს ფრენსის გარის და WIPO-ს წევრი 193 ქვეყნის დელეგაციას, მინდია დავითაძემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაცია გამოთქვამს მზაობას გენერალური ასამბლეის კონსტრუქციული სესიის ფარგლებში იმუშაოს.

“ მე, როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის თავმჯდომარეს, მაქვს პატივი, საქართველოს დელეგაციის სახელით გავაკეთო ეს განცხადება.

ბატონო თავმჯდომარევ, საქართველოს დელეგაცია მადლიერებას გამოხატავს თქვენს მიმართ WIPO-ს წლევანდელი გენერალური ასამბლეის ორგანიზებასთან დაკავშირებით, თქვენს მიერ გამოჩენილი ენერგიული ძალისხმევისა და მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობისათვის. საქართველოს დელეგაცია ასევე მადლობას უხდის გენერალურ დირექტორსა და სამდივნოს დოკუმენტების მომზადებისა და გაწეული სამუშაოსთვის, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელებისათვის, რამაც შექმნილი ვითარების მიუხედავად შესაძლებელი გახადა ისმო-ს გენერალური ასამბლეის ჩატარება.

საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ ულოცავს ბატონ დარენ ტანგს WIPO-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე არჩევას და წარმატებას უსურვებს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის საქმეში. გვაქვს პატივი, საქართველოს სახელით გამოვხატოთ ნდობა და მხარდაჭერა არჩეული გენერალური დირექტორის მიმართ, რომელსაც დაკისრებული აქვს WIPO-ს ხელმძღვანელობის უზარმაზარი პასუხისმგებლობა ამ უპრეცედენტო პერიოდში.

საქართველოს დელეგაცია მადლობას უხდის გენერალურ დირექტორს, ფრენსის გარის, საქართველოს მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისათვის ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში. აღსანიშნავია WIPO-ს გამორჩეული მიღწევები ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, რის შედეგადაც, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საერთაშორისო თანამშრომლობამ ორგანიზაციაში ახალ საფეხურზე გადაინაცვლა.

საქართველოს დელეგაცია სარგებლობს ამ შესაძლებლობით, რათა ხაზგასმით აღნიშნოს და მადლიერება გამოხატოს გარდამავალი ეკონომიკისა და განვითარებული ქვეყნების დეპარტამენტის მიმდინარე ეფექტური საქმიანობის გამო. საქართველოსთვის დიდი სარგებელის მომტანია თანამშრომლობის ფარგლებში ამ დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებები, ჩვენ კვლავაც მოუთმენლად ველით ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას.

საქართველოს დელეგაციის სახელით, მინდა გულითადი მადლიერება გამოვხატო WIPO-ს აკადემიის მიმართ წლების განმავლობაში შესანიშნავი თანამშრომლობისათვის. გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ინტელექტუალური საკუთრების სწავლების სფეროში ჩასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით მომავალშიც გაგრძელდება.

დაბოლოს, საქართველოს დელეგაცია გამოთქვამს მზაობას გენერალური ასამბლეის კონსტრუქციული სესიის ფარგლებში იმუშაოს თქვენთან, ბატონო თავმჯდომარევ, ისევე როგორც სხვა დელეგაციებთან და რეგიონალურ ჯგუფებთან” , - განაცხადა საქპატენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, WIPO-ს გენერალური ასამბლეა, რომლის მთავარი მიზანია წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით ერთობლივად განისაზღვროს WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის მთავარი მიმართულება და პრიორიტეტები, გავნლილი წლის პროგრესის შეჯამება და მომავალი სამოქმედო გეგმის დასახვა, 25 სექტემბრის ჩათვლით იმუშავებს.

61-ე სესიაზე გაიმართება მმართველობის ორგანოებისა და ინსტიტუციურ გამოწვევებთან დაკავშირებული მსჯელობა, დელეგატები გაეცნობიან პროგრამისა და ბიუჯეტის ანგარიშს, ასევე, დღის წესრიგით განსაზღვრულია WIPO-ს ხელშეკრულებების გადახედვა, მათ შორის მადრიდისა და ჰააგის სისტემების, პარიზის გაერთიანების და მარაკეშის ხელშეკრულების. აღნიშნულ საკითხებზე საქპატენტის დელეგაცია საქართველოს სახელით დააფიქსირებს პოზიციას.

ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე მიმდინარე და სამომავლო გეგმების განსახილველად, შეხვედრას გამართვას WIPO-ს ახლად არჩეულ გენერალურ დირექტორთან დარენ ტანგთან, WIPO-ს აკადემიის დირექტორთან შერიფ საადალასთან და WIPO-ს გარდამავალი ეკონომიკისა და განვითარებული ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მიხალ სვანტნერთან. დაგეგმილია მოლაპარაკებები თურქეთის, სინგაპურის და მოლდოვის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების პირველ პირებთან, თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ.

WIPO წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უწყებას, რომელიც სპეციალიზდება ქვეყნებში ინოვაციებისა და შემოქმედებითობის განვითარების ხელშეწყობაში. ის აერთიანებს 193 სახელმწიფოს. საქართველო WIPO-ს წევრია 1991 წლიდან. WIPO ფორუმის წევრი ქვეყნებისთვის უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების გლობალური პოლიტიკის შემუშავებასა და ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სისტემის ეფექტიან და დაბალანსებულ განვითარებას. ის ხელს უწყობს ქვეყნების ინოვაციურ და კრეატიულ განვითარებას. WIPO-ში საქართველოს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა