გორის მერია - სოფელ ზერტში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მერია - სოფელ ზერტში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

„აღნიშნულ უბანში მცხოვრები 120-მდე ოჯახი სასმელ წყალს დღემდე მეზობელი უბნებიდან ეზიდება. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600 ლარი გამოიყო“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.