ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020

“თუ მძიმე ფორმები წამოვიდა, იგივე მოხდება რაც იტალიაში” - რა საფრთხე ელის საქართველოს

მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ფარ-ხმალი დაყარეს - ლარი ვეღარ დასტაბილურდება

“ოცნებაში” თვლიან, რომ არჩევნებზე რეალური კონკურენტი არ ჰყავთ

* * *

“თუ მძიმე ფორმები წამოვიდა, იგივე მოხდება რაც იტალიაში” - რა საფრთხე ელის საქართველოს

“საქართველოში კორონავირუსის პირველი აფეთქებისას, 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმში გადავიდა, ეს მაშინ, როცა ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი ერთ ასეულს შეადგენდა, ამჯერად კი როცა ეს მაჩვენებელი ორ ასეულს ბევრად სცდება, ლოკალური შეზღუდვების გარდა, ქვეყანაში სხვა არანაირი საერთო შემზღუდავი ზომები არ მოქმედებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “თუ მძიმე ფორმები წამოვიდა, იგივე მოხდება რაც იტალიაში” - რა საფრთხე ელის საქართველოს.

“ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ოთხშაბათს საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 165 აჭარაში დაფიქსირდა, ხოლო თბილისში 34. უკვე გარდაცვლილთა რაოდენობა 25-ს შეადგენს, 24-ე პაციენტი, რომელსაც მძიმე ფონური დაავადებები ჰქონდა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ხოლო 25-ე გარდაცვლილი პაციენტი კი აჭარის რეგიონს ეკუთვნის... საქართველომ დღიური მაჩვენებლით მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც გადაასწრო, ოთხშაბათის დილის მონაცემებით, სომხეთში 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო აზერბაიჯანში 98. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პრესასთან აცხადებს, რომ აღნიშნული შემთხვევებით საქართველო ჯერ კიდევ ე.წ. მწვანე ზონაშია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ, როცა ვსაუბრობთ დღეში, საშუალოდ 188 შემთხვევაზე, ეს არის კიდევ “მწვანე ზონა”. როცა შემთხვევები ორმაგდება, გადავდივართ “ყვითელ ზონაზე”, ამის შემდეგ, უკვე ნარინჯისფერ ზონაზე და როცა შემთხვევების ოდენობა გადაცდება დღეში 700-ს, უკვე შემდეგ დგება “წითელი განგაშის ზონის” საკითხი. ყოველდღე როცა 700-ს აცდება, მარტივი მათემატიკაა, 10-დღიან პერიოდში გროვდება 7000 პაციენტი, რომელსაც სჭირდება შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობა. რა თქმა უნდა, რთული იქნება ყველა პაციენტი მოთავსდეს ჰოსპიტალში და ამიტომაა მართვა ასეთ დროს რთული, ვინ იქნება ჰოსპიტალში. ამიტომაც გავააქტიურეთ ჰოსპიტალის ნაცვლად სასტუმრო. ასევე ბინაზე მართვის მოდელიც. ანუ 700-ზე ზემოთ როცაა შემთხვევები დღეში, მეტი მობილიზაცია სჭირდება ქვეყანას, ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მატება იქნება განგაშის საფუძველი”, - განაცხადა გაბუნიამ. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მკაცრი ზომები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გატარდეს, თუ მძიმე შემთხვევების რიცხვი მოიმატებს, თუმცა მისივე პროგნოზით, თუ მძიმე შემთხვევების რიცხვი ქვეყანაში ძალიან მოიმატებს, იტალიის სცენარი განმეორდება”, - დასძენს გამოცემა.

“ზომები იმ შემთხვევაში უნდა გატარდეს, თუ მძიმე შემთხვევათა რიცხვი მოიმატებს, რა მნიშვნელობა აქვს კოლაფსში ქვეყანას რა მოაქცევს - ჩაკეტვა თუ დაავადება. ჩვეულებრივი გრიპის დროს იკეტებოდა სკოლები და რაღაცა ღონისძიებები ტარდებოდა, მთავარია, რომ მძიმე ხასიათის შეზღუდვები მხოლოდ მძიმე ფორმების მომატების შემთხვებში უნდა გატარდეს. სამედიცინო სამყაროს ამ დაავადებულებთან ტექნიკური ბრძოლა გაუჭირდება, ამას ვაბობ, რომ თუ ბევრი ხელოვნური სუნთქვის აპარატი დაგვჭირდა, მაშინ ჩვენ კი არა, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაქაჩავს. ეკონომიკურადაც თუ არ მოვძლიერდით, სულ ჩაკეტვაზე საუბარი არ შეიძლება, რაღაცნაირად საზოგადოებამაც უნდა შეიგნოს ის, რომ თავი უნდა დაიცვან და არა ის, რომ სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს თვალებში უყურონ. ქუჩაში რომ გახვიდეთ ნახეთ პირბადე ვის როგორ უკეთია და ხელს ვინ იბანს. ახლა ხელებს ძალიან იშვიათად იმუშავებენ, უწინ გამწარებული ისხამდნენ ხოლმე სადეზინფიქციო საშუალებებს და ახლა რიგში დგანან, ლაპარაკობენ, ერთმანეთს კოცნიან, ეს უნდა მოისპოს, თორემ ქალაქი რაც არ უნდა ჩაკეტონ, სახლებშიც ხომ არ ჩაკეტავთ?”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ინფექციის გავრცელება მაინც მოხდება, ჩვენ ამ შემთხვევაში ეპიდპრევენცია უფრო დაგვეხმარება, ვიდრე მკურნალობის რაღაც მეთოდების ძებნა, იმიტომ რომ ამაზე სხვებიც მუშაობენ. ინფექცია რაც არ უნდა გავრცელდეს, თუ მძიმე ფორმები არ იქნება, კიდევ გავქაჩავთ, მაგრამ თუ მძიმე ფორმები წამოვიდა, იგივე მოხდება რაც იტალიაში მოხდა, თუკი საავადმყოფოებში ადგილი არ იქნება და დასაწვენი, მერე გინდა ჩაკეტე და გინდა არა, მთავარია, რომ ამ წუთასვე ეპიდპრევენცია დაიწყოს, როგორმე ვაქცინამდე უნდა მივაღწიოთ, მერე უკვე ბევრად უკეთესი სიტუაცია იქნება. აშკარად ხალხიც და მთავრობაც მოდუნდა - თითქოს ამას შევეჩვიეთ, ადამიანი თურმე ყველაფერს ეჩვევა, მაგრამ რეალურად ახლა ჩვენ მოდუნების საფუძველი არ გვაქვს, ახლა უფრო სერიოზულად უნდა დავდგეთ. რაც შეეხება ვაქცინას, ვაქცინის შექმნა რთულია, თუ ჩვენ შევქმენით ისეთი რამ, რომელიც ვირუსს უჯრედთან ერთად მოსპობს, მაშინ ავტოიმუნურ დაავადებას მივიღებთ, რომელიც უფრო მეტ მსხვერპლს მოიტანს, ვიდრე თვითონ ვირუსი, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, ძალიან რთულია...” - მიიჩნევს ხმალაძე.

მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ფარ-ხმალი დაყარეს - ლარი ვეღარ დასტაბილურდება

“ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარებაზე ხელები დაიბანა. კურსი ყოველდღე ეცემა, თუმცა აღარც მთავრობა და აღარც ცენტრალური ბანკი მის გამყარებაზე საერთოდ აღარ საუბრობენ. ვითარების გამოსწორების შანსი უკვე გამქრალია. ლარი დიდხანს არც დასტაბილურდება და არც გამყარდება, რადგან ვითარების გამოსწორებაზე ყველამ ხელი ჩაიქნია. ეროვნული ვალუტა ახალი ანტირეკორდისკენ მიიწევს, ამ დროს კი ეროვნული ბანკი რეზერვებს ხარჯავს, რომელიც ლარს ვერაფერს შველის. პირიქით, ვითარება უფრო მეტად იძაბება და ლარი უკუსვლას განაგრძობს. ასეთ რთულ ვითარებაში ლარის არათუ გამყარება, არამედ სტაბილიზაციაც ვერ ხერხდება. თანაც, წინ არჩევნებია, რომლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, ეროვნული ვალუტა კიდევ მეტად ეცემა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ფარ-ხმალი დაყარეს - ლარი ვეღარ დასტაბილურდება / სებ-ის პრეზიდენტმა იმდენად გაურკვეველი ვადები დაასახელა, რომ ცხადია, ეროვნულ ვალუტაზე ყველამ ხელი ჩაიქნია.

“სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ახლა უკვე აცხადებს, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება. ეს იმდენად ბუნდოვანი და გაურკვეველი პერსპექტივაა, რომ ცხადია, ლარს კარგა ხანი დასტაბილურება არ უწერია. “საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკისთვის ოპტიმალური არჩევანია. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და იქვე განმარტა, რომ პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ძირითადად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თითქმის განულებაში აისახა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ლარის გასამყარებლად წელს, ჯამში, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 460 მილიონი დოლარი გაყიდა. მიუხედავად ასეთი აქტივობისა, ქართული ვალუტა მაინც ვერაფრით მყარდება. ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი აცხადებს, რომ გაყიდული რეზერვებით ვალუტის გამყარება ვერ მოხდება და სებ-ის მხრიდან უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. “ეკონომიკაში არის ფუნდამენტური პრობლემები, რეზერვები არ არის ელექსირი, რომ როდესაც მას გაყიდი, ლარი აუცილებლად გამყარდება. ეს ერთადერთი მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ გვინდა, რომ მოკლევადიანი რყევა აღმოფხვრა. კურსი წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება და ბიზნესს დაუბრუნდება ნდობა პოლიტიკური გარემოთი. დღეს კი ჩვენს ქვეყანაში ბიზნესს ფულის ჩადება არ უღირს, რადგან ბიზნესს ნდობა აქვს დაკარგული. ძალიან ბევრი ინვესტორი საქართველოს საინვესტიციოდ მიმზიდველად არ აღიქვამს”, ამბობს ყიფიანი, რომლის თქმით, “გვენეტაძემ როგორ შეიძლება, ლარი დაიჭიროს, სადაც ბიზნესი ქვეყანას არ ენდობა”, - დასძენს გამოცემა.

“ის თანხა, რომელიც ეკონომიკაში შემოვიდა, უნდა მოხმარებულიყო მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. იმავდროულად, უნდა დაწყებულიყო ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, რომ ლარის ხარჯვა მთავრობას შეემცირებინა და განეხორციელებინა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმა, მაგალითად, საგადასახო კუთხით. რეალური რეფორმები არ ხორციელდება, სტაბილურ ვალუტას კი სჭირდება სტაბილური ეკონომიკა”, - თვლის ირაკლი ყიფიანი. სექტემბრის თვეში ლარი უკვე 19 პუნქტით გაუფასურდა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. “ახალი ეკონომიკური სკოლის” დამფუძნებელ პაატა შეშელიძის აზრით, სებ-ის მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ დაძაბულობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და არ შემცირდეს. ლარის მოულოდნელმა ვარდნამ გააღიზიანა ბიზნესმენებიც. ისინიც ცენტრალური ბანკის შეცდომებზე საუბრობენ - ლაშა პაპაშვილს მიაჩნია, რომ დღეს ეკონომიკაში არის შოკი, რომელსაც მოხსნა სჭირდება და მთავარი ინსტრუმენტი სებ-ს გააჩნია”, - წერს სტატიის ავტორი.

“ბოლო პერიოდში ლარის მასა იყო გაზრდილი, რაც უცნაურია, რადგან როცა ეკონომიკა ეცემა, ფულის მასა კი არ უნდა იზრდებოდეს, არამედ პირიქით, უნდა მცირდებოდეს. შესაბამისად, რადგან ლარი მიმოქცევაში იზრდებოდა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეროვნული ვალუტა უფასურდება. თანაც, ეროვნული ბანკი არ აღიარებს, რომ გაცვლითი კურსი მისი პასუხისმგებლობაა და ასეთ ფონზე ინტერვენციები არის ზოგადად აუხსნელი, დაუსაბუთებელი, დროსა და სივრცეში აცდენილი და გაურკვეველი. მთავრობას ახლა აქვს დიდი ხარჯები, გაზრდილი პანდემური მოვლენების გამო. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული ეჭვი და შიში, რომ შესაძლოა, ქვეყანა ისევ ჩაიკეტოს. ამიტომ ხალხი ცდილობს, შეიძინოს უცხოური ვალუტა, განსაკუთრებით ამას აკეთებს მსხვილი ბიზნესი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა შეშელიძე.

“ერთი მხრივ, ფულის მასა იზრდება, მეორე მხრივ, გაურკვეველი ვითარებაა, რაც ქმნის დაძაბულობას და, სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება ერონული ბანკის მიერ, რომ ეს დაძაბულობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და არ შემცირდეს. ლარის გაუფასურების არჩევნებზე გადაბრალება არასწორია. ნეგატიური მოლოდინი გამოწვეულია მცდარი გადაწყვეტილებებით. იგი შესაძლოა, ხვალვე შეიცვალოს და მოლოდინი იყოს უკეთესი. მე დევალვაციას არჩევნებს არ ვუკავშირებ, ეს არის მონეტარული პოლიტიკის ხარვეზების შედეგი და არა - რაიმე ცალკეულად განყენებულ საკითხთან დაკავშირებული. გვენეტაძისა და მისი მსგავსი ადამიანების განცხადება, რომ პროცესი მათგან დამოუკიდებლად ხდება, არის, უბრალოდ, ტყუილი. მათი არასწორი პოლიტიკა ქმნის უარყოფით ფონს, რადგან ხალხი ხედავს, რომ ხვალაც იმავე შეცდომას დაუშვებენ. ამიტომაა ასეთი დაძაბულობა”, - დაასკვნის პაატა შეშელიძე.

“დღეს ისტორიულ ნიშნულზეა საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები. რა თქმა უნდა, სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ყველა ქვეყნისგან, მათ შორის საქართველოსგან, ითხოვენ რეზერვების რაღაც დონეზე შენარჩუნებას, მაგრამ ამ კრიზისის ფონზე მისი მეტად გამოყენება შეიძლება. სებ-ი ახლა 40-40 მლნ დოლარს ყიდის. როცა 2 წლის წინ მე ვამბობდი, რომ მეტი უნდა გაეყიდა ეროვნულ ბანკს, მან საერთოდ არაფერი გაყიდა, პირიქით, ყიდულობდა დოლარს და ბაზრიდან ამოჰქონდა ვალუტა. ამან შექმნა ფონი, რომ ლარი სუსტია. სამწუხაროდ, ორი წელი ვიძახეთ, რომ ფუნდამენტურ ფარგლებში არ დაეშვათ ლარის გაუფასურება, მაგრამ ვერ შევასმინეთ ეროვნულ ბანკს, დღეს კი, ამ სიტუაციაში, 40-40 მილიონის გაყიდვა არაა საკმარისი. ვფიქრობ, მეტი დოლარი უნდა გაყიდოს ცენტრალურმა ბანკმა. მას ახლა ასეთი პოზიცია აქვს - ხომ ხედავთ, მე ვყიდი და არ შველის. დამეთანხმებიან სპეციალისტები, რომ რაც მოთხოვნაა, იმაზე 1 მილიონით მეტი უნდა გაყიდოს, რომ შოკი მოხსნას. ესაა, როგორც ორჯერ ორი - ოთხი. შოკს სჭირდება მოხსნა და ახლა გვაქვს შოკი“, - ამბობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.

“ოცნებაში” თვლიან, რომ არჩევნებზე რეალური კონკურენტი არ ჰყავთ

“წინასაარჩევნოდ განვითარებული პროცესების პირობებში, დაპირისპირებებისა და უთანხმოების საფუძველზე გამოიკვეთა ორი პოლიტიკური ძალა, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, რომელთა შორისაც მიმდინარეობს მთავარი ბრძოლა გამარჯვებისთვის - ასეთია ექსპერტების მოლოდინი საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური ძალების გამარჯვების შანსებზე. ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, ზაალ ანჯაფარიძე, ამბობს, რომ “8 სოციოლოგიური კვლევისა და პარტიების რეიტიგნების საფუძველზე, “ქართული ოცნების" მთავარ კონკურენტად სახელდება “ნაციონალური მოძრაობა”. პოლიტოლოგი და ექსპერტი ნიკა ჩიტიძე იზიარებს, ანჯაფარიძის პოზიციას და 2020 წლის, 31 ოქტომბრის არჩევნებში, მთავარ კონკურენტებად, “ქართულ იოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” ასახელებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნებაში” თვლიან, რომ არჩევნებზე რეალური კონკურენტი არ ჰყავთ - “უკონკურენტოები ვართ და კოალიციის შექმნა არ დაგვჭირდება”.

“ჩემი პროგნოზით ბრძოლა არჩევნებზე გამარჯვებისთვის გაიმართება “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის. ეს ტრადიციული პროცესია. ჯერ კიდევ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მეორე ადგილზე გავიდა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, დავით ბაქრაძე - მან ამომრჩეველთა ხმების 22%-ი მოიპოვა და მეორე ადგილი დაიკავა. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების დროსაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამომრჩეველთა ხმების 27%-ი მიიღო, ასევე 2018 წელსაც მიმდინარეობდა ბრძოლა “ქართულ ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელს შორის. დღევანდელი სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფენ, რომ მეორე ადგილზე გავა “ნაციონალური მოძრაობა. ჩემი აზრით, ამომრჩევლისთვის, “ნაციონალურ მოძრაობაში” სააკაშვილის ფაქტორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“სააკაშვილი გახლავთ ქარიზმატული ლიდერი, გარდა ამისა, სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მიაღწია “ნაციონალურმა მოძრაობამ” მნიშვნელოვან წარმატებებს ქვეყანაში - სოციალურ-ეკონომიკურ, კორუფციასთან ბრძოლის, ინვესტიციების მოზიდვისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით. შესაბამისად, ამომრჩეველსაც აქვს ნდობა მის მიმართ, საუბარია ნახევარ მილიონ ადამიანზე. მიუხედავად იმისა, რომ “ევროპული საქართველო” გამოეყო “ნაცმოძრაობას” და დაკომპლექტებულია ძალიან ინტელექტუალი ადამიანებით, მათი რეიტინგი მაინც დაბალია “ნაცინალურ მოძრაობასთან” შედარებით, რადგან აქ მაღალ რეიტიგზე სააკაშვილი თამაშობს გადამწყვეტ როლს” , - მიიჩნევს ნიკა ჩიტიძე.

“იმაზე თუ ვინ გაუწევს კონკურენციას “ქართულ ოცნებას”, 31 ოქტომბრის არჩევნებში, მმართველი გუნდიდანაც საუბრობენ. “ქართული ოცნების” დეპუტატების თქმით მმართველი გუნდი არჩევნებში უკონკურენტოა. “ქართული ოცნების” მთავარი კონკურენტი ამ არჩევნებზე არის, ქვეყანაში არსებული გამოწვევები, რომელსაც დარწმუნებული ვართ, მომავალი 4 წლის განმავლობაში გავუმკლავდებით. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენს მოწინააღმდეგეებს არასწორი მიმართულება აქვთ არჩეული წინასაარჩევნო კამპანიისთვის, შედეგად კი, ამომრჩეველი, გააკეთებს სწორ არჩევანს, - არ მისცემს ხმას, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ვერაფერს ჰპირდებიან და ერთმანეთის დაპირისპირებით არიან გართულნი. სწორედ ამიტომ, ვერ მივიჩნევ კონკურენტად ვერც ერთ პარტიას. ამ პარტიებმა თვითონვე შექმნეს ნეგატიური დამოკიდებულებები ჩვენი და ამომრჩევლის მხრიდანაც”, ამბობს ამბობს “ქართული ოცნების”დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, რომლის აზრით, “რასაკვირველია, პარტიები გარკვეული ხმების რაოდენობას მოაგროვებენ, თუმცა, საზოგადოების უმრავლესობა, “ოცნების” მხარდამჭერია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ხალხი არაფერს გვიმალავს, მათ შორის გვესაუბრებიან თავიანთ პრობლემებზეც, რადგან აქვთ სწორი მოლოდინი და ჩვენი იმედი. ჩვენ წარმატებით გავართმევთ თავს ამ 4 წელსაც, ისევე როგორც წინა 8 წლის განმავლობაში ვართმევდით”, - დასძენს გურამ მაჭარაშვილი. “ქართული ოცნების” დეპუტატის, რევაზ არველაძის თქმით კი, წინასაარჩევნოდ, მმართველი გუნდის რეიტინგი ძალიან მაღალია და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტიას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება. “კონკურენტი ქართულ ოცნებას არ ჰყავს. ბოლო კვლევებისა და რეიტინგების მიხედვით, ჩვენი ამომრჩეველთა ხმა 50%-ს სცდება. ჩვენი გუნდისთვის არაფერს წყვეტს ოპოზიციური პარტიების დაპირისპირებები, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უკონკურენტოები ვართ”, - ამბობს რევაზ არველაძე “რეზონანასთან”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით