მთიან აჭარაში ევროპული დონის ველობილიკზე მუშაობა დაიწყო

მთიან აჭარაში პირველ, ევროპული დონის სამთო ველობილიკზე მუშაობა დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, 6 კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. “Down Hill”–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

მათივე ცნობით, ველობილიკის ინფრასტრუქტურის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მასში ქართველი და უცხოელი ექსპერტებია ჩართული, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ველობილიკის ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნენ.

უწყების ინფორმაციით, სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება. პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს.

„ეს იქნება პირველი ევროპული დონის სამთო ველობილიკი აჭარაში, რომელიც გათვლილი იქნება, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ველოსიპედისტებისთვის. ველობილიკი გადის ულამაზეს ტყეში და სრულებით იზოლირებულია სატრანსპორტო გზიდან, რაც ხელს შეუწყობს ველომრბოლელებს ისიამოვნონ ულამაზესი ბუნებით. ველობილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობისას ვგეგმავთ მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების, ველო და ავტოპარკინგის, წყლის პუნქტებისა და საპირფარეშოების გაკეთებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველობილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაციას,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა