გიგი უგულავა - ჩვენ ვიცით, რომ იქ, სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში

„ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრე გუნდი „ევროპული საქართველოა“ და ჩვენ ვიცით, რომ სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, იქ ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პარტიის საპარლამენტო გუნდის წარდგენისას განაცხადა.

უგულავას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არის გუნდი, რომელმაც შეძლო კორუფციის და ბიუროკრატიის დამარცხება.

„ყველა ოლქში აბსოლუტურად განსხვავებული და ამავე დროს საერთო კამპანია გვაქვს, ფოკუსირებული გარდამტეხ ცვლილებებზე. ამავე დროს ყველას აქვს განსხვავებული და ინდივიდუალური კამპანია. სწორედ ეს არის გუნდის მარილი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ვინ არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრე და რა არის „ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა“, გეტყვით, რომ „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეები არ არიან ადამიანები, „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა იყო ის, რომ ხალხმა უარი თქვა კორუფციაზე, სახელმწიფოს არარსებობაზე, ნეპოტიზმსა და საბჭოთა კავშირის გადმონაშთზე ჩვენს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით მთავარი მემკვიდრეობა არის რეფორმები, რომელმაც ეკონომიკა ფეხზე დააყენა და დღემდე 8 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ანგრევს, დახუნძლა უაზრო პარაზიტული რეგულაციებით, მაგრამ მაინც ვერ დაახრჩო და თუ რამე არსებობს დღეს, სწორედ ამ რეფორმების შედეგია. ყველა რეფორმას სჭირდება გუნდი, იმ ცვლილებებს, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, სჭირდება გუნდი, გამოცდილება და ცოდნა და „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრე გუნდი დგას აქ, იმიტომ, რომ ეს არის გუნდი, რომელმაც შეძლო დაემარცხებინა კორუფცია, უაზრო ბიუროკრატია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, პარლამენტი არც სპორტდარბაზია და არც ფილარმონია - პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა მიიღონ კანონი.

„ეს გუნდი სჭირდება დღეს საქართველოს, რადგან ხვალ საქართველოს სჭირდება ცვლილებები და ცვლილებებს სჭირდება კომპეტენციაც, წარსულის გააზრებაც, შეცდომის აღიარებაც და იქ, სადაც ჩვენ ოდესმე მიგვიღწევია, ყოველთვის ვიცით, რომ არასდროს უნდა მოვითხოვოთ მადლობა და სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, იქ ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში. სწორედ ეს არის გუნდის სიძლიერე, იმიტომ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ პარლამენტზე, რომელმაც უნდა მიიღოს კანონი, ამას სჭირდება გუნდი. პარლამენტი არ არის არც სპორტდარბაზი და არც ფილარმონია, პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა მოემსახურო. 4 წლის ვადით ჩაირთო წამზომი და ეს წამზომი გვავალდებულებს ჩვენ, რომ დავწიოთ გადასახადები, შევამციროთ ბიუროკრატიის ხარჯი, გავაძლიეროთ სასამართლო. მართლმსაჯულება და კრიმინალთან ბრძოლა არასდროს აღარ უნდა იყოს ადამიანის უფლებების ხარჯზე და ამას სჭირდება ცოდნა, კომპეტენცია, გამოცდილება და ის, რაც დღეს საქართველოში სწორედ „ევროპულ საქართველოს“ წარმოაჩენს. „ევროპული საქართველო“ არის უალტერნატივო“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

როგორც პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საპარლამენტო გუნდის პრეზენტაციაზე განაცხადა, სიაში მათი წარმომადგენლები რიგითობის მიხედვით არ არიან გადანაწილებული, რაც ნიშნავს, რომ თავად ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ შევიდეს პარლამენტში.

პარტიის გუნდს წარმოადგენენ: გიგი უგულავა, ტარიელ ნაკაიძე, გოჩა გურგუჩიანი, ლევან თარხნიშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, არსენ კარაპეტიანი, ახმედ იმამყულიევი, ირინე აფხაზავა, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მაია კაციტაძე, გიორგი ღვინიაშვილი, სერგო რატიანი, ელენე ოზაშვილი, მალხაზ პატარაია, ირაკლი კიკნაველიძე, მარიამ რამინაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, ნინო გოგუაძე, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, არმაზ ახვლედიანი, ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე და დავით ბაქრაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა