გრიგოლ ვაშაძე - ეს ხელისუფლება არ არის - ეს ხალხი ზოოპარკში უნდა იჯდეს, გალიებში

ხვალ ვჯდები ტელეფონზე და ევროკავშირის, შეერთებული შტატების, აბსოლუტურად ყველა ელჩს მოვუყვები, როგორ იცავთ ქცევის კოდექსს, საქართველოს კანონმდებლობას და დემოკრატიულ წესრიგს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რითაც მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წევრები ზოოპარკში გალიებში უნდა ისხდნენ და მათი ადგილი სამინისტროებში, უწყებებში და პარლამენტში არ არის.

„სრული განუკითხაობაა მარნეულშიც, ბოლნისშიც და გლდანულაშიც. კორპუსებიდან, სადაც ბავშვები და ქალები არიან, ქვებს ისვრიან. ეს ხელისუფლება არ არის - ეს ხალხი ზოოპარკში უნდა იჯდეს, გალიებში. ამათი სამინისტროში, უწყებაში ან პარლამენტში ყოფნა, როგორ შეიძლება და შემდეგ ბატონი კობახიძე გამოდის და როგორც 20 ივნისს, კიდევ აქეთ „გვეკაჩავება“ და იძახის, რომ თურმე ნასვამები იყვნენ, თურმე პროვოკაცია მოაწყვეს და თავები ურტყეს „ქართული ოცნების“ ზონდერ ბრიგადის მუშტრებს. მანქანა დამსხვრეულია, ჟურნალისტები გალახულია, კადრები არსებობს - ბატონებო, ყველაფერს მიიღებთ, რაც დაიმსახურეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი სასტიკად არის ნაცემი.

„ვერ იცნეს ან ჩათვალეს, რომ ყველა ჟურნალისტი საცემი იყო იმ დღეს და მიაყოლეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი. ჩვენი სამი წევრი სასტიკად არის ნაცემი. ესენი არიან გივი ქველაძე, მისი შვილი და მისი დისშვილი - ისინი საავადმყოფოში არიან. არ უშვებენ ოჯახის წევრებს და შეიპარა პოლიციის თანამშრომელი თავი გააცნო თინა ბოკუჩავას, როგორც გამომძიებელი და ეგ რომელ კანონში და კანონმდებლობაში არის ჩაწერილი, რომ გამომძიებელი ადვოკატის გარეშე ესაუბრება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

ვაშაძის თქმით, მარნეულში დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს და ამ წაგების გადაფარვის მიზნით, დაიწყება მასობრივი ცემა-ტყეპა მთელ ქვეყანაში.

ცნობისთვის, დღეს საღამოს, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა