ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით „ნაციონალური მოძრაობის“ გამრუდებულს

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს, გამჭრიახმა ქართველმა ხალხმა, სატყუარა არ მიიღო და ზედიზედ 5 არჩევნებში უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას, - ამის შესახებ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით სამ-სამჯერ არ ხსნიდა რომელიმე ხიდს თუ საწარმოს, ვიწრო კოშკში ჩადგმულ საბავშვო ატრაქციონს კი ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად არ ასაღებენ.

„ხელისუფლების დაკარგვის დღიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ფიქრი რევანშზე, რომლის განხორციელებისთვის, ისევ იმ მრავალნაცად ხერხს მიმართეს, რომელსაც მართლა სწორუპოვრად ფლობენ და რის ხარჯზეც ინარჩუნებდნენ 9 წლის მანძილზე ხელისუფლებას-სიცრუე და ძალადობა. დაუსრულებელი ცილისწამება და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ფიზიკურს ჩაენაცვლა.

მათ შეიმუშავეს მთელი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც საკუთარი დანაშაულებრივი მმართველობის შედეგად ქვეყნის და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი, მოჩვენებითი აღმშენებლობის პროპაგანდით და მათი ე.წ. ეფექტურობით უნდა გამართლებულიყო, „ქართული ოცნება“ კი უნდა წარმოჩენილიყო არაკომპეტენტური და არაფრის შემძლე ერთობად.

ასე დაიწერა მათი პროპაგანდისტული მოძღვრება ერთ მარტივ ტერმინში-უნიათობა, რომელიც უნდა ქცეულიყო „ქართული ოცნების“ მთავარ მახასიათებლად, ზედსართავ სახელად, რათა მომხდარიყო მმართველი გუნდის დისკრედიტაცია. მათ წლები მოანდომეს ამის დამკვიდრებას, ამოცანა კონკრეტული იყო, რაკი ვერაფერი გაათეთრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს ამიტომ უნდა გაშავებულიყო „ქართული ოცნება“. ამ ორ ძალას შორის, ქართველ ხალხს უნიათოს ნაცვლად ეფექტური უნდა აერჩია. სიცრუეში დახელოვნებულებმა საკუთარი შანსი ჩვენს სიმართლეში დაინახეს. ჩვენ არ ვიტყუებოდით მათსავით სამ-სამჯერ არ ვხნიდით რომელიმე ხიდს თუ საწარმოს, წითელ ლენტს არ ვჭრიდით თითო კილომეტრ დაგებულ გზაზე, არ ვპირდებოდით ხალხს მილიონიანი ქალაქის 2 წელიწადში აშენებას და საუკუნის პროექტებს არ ვართმევდით მათ. ვიწრო კოშკში ჩადგმულ საბავშვო ატრაქციონს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად არ ვასაღებდით, არ ვაშენებდით მოჩვენებით კეთილდღეობას. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს, ამიტომ შეგვრაცხეს უნიათოდებად. თუმცა, მათ გასაკვირად სიცრუემ არ იმუშავა. გამჭრიახმა ქართველმა ხალხმა, სატყუარა არ მიიღო, ზედიზედ 5 არჩევნებში უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა