გია ხუხაშვილი - სიის ფორმირების პრინციპი „ლელოში“ სწორია, მთავარი აქცენტი სწორად იყო დასმული და სიაც, შესაბამისად, კარგად გამოიყურება

ვფიქრობ, სიის ფორმირების პრინციპი „ლელოში“ სწორია, მთავარი აქცენტი სწორად იყო დასმული და სიაც, შესაბამისად, კარგად გამოიყურება, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოლიტიკური პარტია „ლელოს“ საარჩევნო სიას.

მისი თქმით, საქართველოში, ცივილიზებული ქვეყნებისგან განსხვავებით, სიის შედგენის სწორი კრიტერიუმი არ არსებობს და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ წინა და მოქმედი მთავრობების სია ერთნაირი ალგორითმითაა შედგენილი.

„რაც შეეხება პრინციპს, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტის საარჩევნო კულტურა ჯერ კიდევ დაბალია. ცივილიზებულ სამყაროში პარტიული სიები სხვა კრიტერიუმით დგება, ჩვენთან კი სხვა სისტემით. პროფესიონალი პოლიტიკოსებისგან უნდა შედგებოდეს სია, ჩვენთან კიდევ ადამიანები პოლიტიკოსებად ყალიბდებიან სიის შედგენის მომენტში, ასეთი მოცემულობა გვაქვს. ეს განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკური ძალები ვიღაცის ნების შემსრულებლად ითვლებიან, მთავარია, ხმები შეაგროვონ. მხოლოდ ესაა მათი ფუნქცია და შემდეგ ზემოდან მიღებული დირექტივა უნდა შეასრულონ. ამას ჩვენ ვხედავთ და ტერმინი „მორჩილი უმრავლესობა” აქედან მომდინარეობს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ სიები ამ პრინციპითაა დაკომპლექტებული. დღეს რომ სიები გაცვალონ, ამას ვერც მივხვდებით, იმდენად ერთნაირი ალგორითმით აქვთ შედგენილი. თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს, როგორც სიის შედგენის დროს, ასევე ხმის მიცემის მომენტში უნდა სარგებლობდეს შემდეგი კრიტერიუმებით: ცნობადობა, დაუზიანებელი პოლიტიკური ბიოგრაფია, ბოლო 4 წლის სამოქალაქო აქტივობა, დარგობრივი კომპეტენცია, რაც „ლელოს“ ნამდვილად აქვს,“- აცხადებს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი „ლელოს“ ლიდერების შესაძლებლობებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მიზეზი, რის გამოც პარტიის თავმჯდომარე საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანებას იწვევს, მისი კავშირია ბანკთან, თუმცა, ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ბანკირობა კომპრომატი არ უნდა იყოს, მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძეს ქვეყნის ყველაზე დიდი და გამართული კორპორაცია აქვს აგებული, „თიბისი ბანკის“ სახით.

„შეიძლება ხაზარაძე ვიღაცას მოსწონს ან არ მოსწონს, მაგრამ უდაოა, რომ ის თავის საქმეში კარგად ერკვევა, მაღალ დონეზე იცის ეკონომიკა და ფინანსები. ვერსად გავექცევით ფაქტს, რომ საქართველოში ბანკირები არ უყვართ, თუმცა არ ვიცი, რატომაა ეს კომპრომატი. არ მოსწონდეს პოლიტიკური ფიგურა, ამის ობიექტური მიზეზებიც არსებობს და სუბიექტურიც. მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში სუბიექტური მიზეზი ისაა, რომ როდესაც ადამიანს სოციალურად უჭირს და სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ასეთი ბევრია, მას უადვილდება მდიდარ ადამიანზე ნებისმიერი მოგონილი სიბინძურის დაჯერება, მე არ ვამბობ, რომ ხაზარაძე ანგელოზია, მაგრამ ის არის საქმის ადამიანი და მან იცის საქმის კეთება. მას აქვს კორპორაციული მშენებლობის უზარმაზარი გამოცდილება, რადგან „თიბისი ბანკი“ ყველაზე წარმატებული პროექტია, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობს. ამ მასშტაბის კორპორაცია საქართველოში არ არსებობს და ეს ააშენა ხაზარაძემ,“-განაცხადა ხუხაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა