„სოციალ-დემოკრატები“ - „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებულები აქციების განახლებით იმუქრებიან და სახელმწიფოს გამოძიების დასრულებას სთხოვენ

პარტიის - ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ლიდერის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, „საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულთა საქმე სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს და „გამოკვეთოს სახელმწიფო ჩინოვნიკთა გულგრილობა და შიდა ვალად აღიაროს ამ ადამიანების წინაშე გასაცემი თანხები“.

ამის შესახებ ჟორჟოლიანმა ბრიფინგი გამართა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, პრესკონფერენციას, „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებულებიც ესწრებოდნენ. გია ჟორჟოლიანის თქმით, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

როგორც პარტიაში აცხადებენ, გია ჟორჟოლიანმა, საქართველოს პარლამენტის წინაშე დააყენა ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ საქმიანობის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობის საკითხი,თუმცა დღემდე მოქმედ პარლამენტში არ აღმოჩნდა საკმარისი მხარდამჭერები და კომისია ვერ შეიქმნა.

,,ჩვენ გვჯერა, რომ მომავალ პარლამენტში, სადაც პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ სერიოზული ძალით ვიქნებით წარმოდგენილნი, ბოლომდე მივიყვანთ ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ საქმის გამოძიებას, რომლის შედეგადაც დაისჯებიან დამნაშავეები და სახელმწიფო გამონახავს გზებს დაზარალებული მოქალაქეებისთვის ზარალის ასანაზღაურებლად,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებულმა ეთერ კოხტაშვილმა ჟურნალისტებს გააცნო გამოძიების დღემდე აღნიშნული შედეგები.

„დღემდე არ არის დადგენილი დაზარალებულთა ზუსტი რიცხვი და ის თანხა, რომელიც მოტყუებით მიიტაცა „საფინანსო კომპანია საქართველომ“. გამოძიება 4 წელზე მეტხანს მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში უკვე დაიღუპა 50 დაზარალებული, 3-მა მათგანმა თავი მოიკლა, ფსიქიკური პრობლემების გამო კი სხვადასხვა კლინიკაში დღემდე მკურნალობენ უბინაოდ და უსახსროდ, ქუჩაში დარჩენილი ადამიანები. გახსოვთ, ყოველ საათში სხვადასხვა ტელევიზიებიდან, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, როგორ მოგვიწოდებდნენ ცნობილი სახეები დაგვებანდებინა ფული ,,საფინანსო კომპანია ,,საქართველოში“. ნუთუ არცერთი ეს რეკლამა წლების განმავლობაში არ უნახავს ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნებს და არ დაფიქრებულან კომპანიის თაღლითურ სქემაზე, რომელიც ადრე თუ გვიან მოქალაქეებს დააზარალებდა? ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, თუ ხელისუფლება და მომავალი პარლამენტი უახლოეს მომავალში ჩვენს საკითხს არ განიხილავს და კვლავ უპასუხოდ დაგვტოვებს, განვაახლებთ აქციებს, შევაკვდებით და ხელისუფლებას იძულებულს გავხდით აგვინაზღაუროს ზარალი იმ უწყებებმა, რომელთა სამსახურებრივი გულგრილობის გამო ასობით ოჯახი დაზარალდა“,- განაცხადა დაზარალებულმა.

ჩვენმა ფრაქციამ მიაღწია იმას, რომ ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ და მათ მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა საქმე შევიტანეთ ბიუროს დღის წესრიგში. ბიურომ საკითხი განიხილა და სასესიო დღის წესრიგში შეიტანა, თუმცა სესიაზე აღარ გაუტანია. სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს თაღლითური კომპანიის დანაშაული, გამოკვეთოს სახელმწიფო ჩინოვნიკთა გულგრილობა და შიდა ვალად აღიაროს ამ ადამიანების წინაშე გასაცემი თანხები“,-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

„შეგასენებთ, რომ ,,საფინანსო კომპანია საქართველო“ თბილისში, კოსტავას 73-ში ფუნქციონირება 2008 წელს დაიწყო, ხოლო 2016 წლის 1-ელ ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსურ ორგანიზაციას ფუნქციონირების უფლება შეუწყვიტა. საგამოძიებო ორგანოების მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, დაზარალდა დაახლოებით 2 400 მოქალაქე, რომელთა ფინანსურმა ზარალმა 20 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებულ გამოძიებაში იკვეთება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მხრიდან მინიმუმ დანაშაულებრივი გულგრილობის ფაქტები, რამაც ხელი შეუწყო კომპანიის მიერ თაღლითური საქმიანობის წარმართვას და მოქალაქეების გაღატაკებას“,- აღნიშნულია „სოციალ-დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა