ნეძვის აღკვეთილში ახალი ეკოტურისტული ბილიკი მოეწყობა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ახალი ეკოტურისტული ბილიკი მოეწყობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ დაათვალიერა.

„32 კილომეტრიანი წრიული ბილიკის მოსაწყობად, 230 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. პროექტი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პანორამული ბილიკები ერთმანეთთან სოფელ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოს და სოფელ ნეძვს აკავშირებს. ბილიკის დალაშქვრა როგორც ფეხით, ისე ცხენით გახდება შესაძლებელი და იგი საშუალო სირთულის იქნება. ბილიკი ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება მარკირებული; მის გასწვრივ დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები. მთა შუანოსთან კი, ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ლაშქრობის მოყვარულებს, წლის ნებისმიერ დროს, საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ნეძვის აღკვეთილის უძველესი, ხელუხლებელი ბუნება.

„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მუდმივად განვავითაროთ და განვაახლოთ ტურისტული სერვისები და პარკში მოგზაურობა კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ. დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტად განაგრძობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამ კუთხით არაერთ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი მოეწყო, აბასთუმანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, სათაფლიაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი უკვე გაიხსნა; ასევე დაგეგმილი გვაქვს სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტები. კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით კი, ნეძვის აღკვეთილში ახალი ტურისტული ბილიკი მალე მიიღებს ვიზიტორებს”, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კავკასიის ბუნების ფონდი(CNF) დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე სააგენტოს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა