თამარ გაბუნია - თუ ვაქცინაცია ნოემბერში ჩატარდება, ესეც სრულიად შესაფერისი იქნება, რომ დეკემბერი, იანვარი, თებერვალი მშვიდად გავიაროთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაში კერძო სექტორიც ჩართულია და ამ თვალსაზრისით გარკვეული მექანიზმი უკვე შემუშავებულია. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.

„კარგია, რომ კერძო სექტორი ჩართულია ამ პროცესში და ვაქცინების გარკვეულ ნაწილს ისიც შემოიტანს. გარკვეულწილად მექანიზმი აქაც უკვე განსაზღვრული და დაგეგმილია. სამწუხაროდ, პრაქტიკულად, არ ხდება ისეთი რამ, რომ სახელმწიფოს პირდაპირი ბერკეტი ჰქონდეს, გლობალური მოწოდების ჯაჭვში ჩაერიოს, რათა ან კერძო და ან სახელმწიფო მიმწოდებელმა ვაქცინა იმაზე ადრე მიიღოს, ვიდრე ეს ხელშეკრულების პირობით არის გათვალისწინებული. ველოდებით ამბავს, რომ თუ ქვეყნებში გარკვეული მარაგი გამოთავისუფლდება, სახელმწიფომ თავად შემოიტანოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, საჭიროა თუ არა რაიმე კონტროლი დაწესდეს მაშინ, როდესაც კერძო სამედიცინო დაწესებულება ვაქცინაციის რეალიზაციას სამმაგ ფასად ახდენს, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ კარგი იქნება, ასეთი ბერკეტი კანონმდებლობის დონეზე შეიქმნეს.

„სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა კერძო სექტორში ფასების პირდაპირი რეგულირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა, როდესაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებას ეხება საქმე, კომერციული ინტერესების ჩადება, არაეთიკურია. კარგი იქნებოდა, ასეთი ბერკეტი კანონმდებლობის დონეზე ყოფილიყო, თუმცა, ჯერჯერობით არ არის. კანონმდებლობის რევიზიის საკითხი დიდი ხანია განიხილება და ალბათ, მას ახალი პარლამენტი დაუბრუნდება, როგორც კი მუშაობას შეუდგება“,-განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია ვაქცინაციის გაკეთება და ნოემბერში მისი ჩატარება დაგვიანებული არ იქნება.

„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ თუ ნოემბერში ჩატარდება ვაქცინაცია, ესეც სრულიად შესაფერისი იქნება იმისთვის, რომ აქტიური სეზონი-დეკემბერი, იანვარი, თებერვალი მშვიდად გავიაროთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა