დავით მათიკაშვილი - რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა დადგენილიყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, იყო დამალული და ის გამოძიებამ იპოვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, დავით მათიკაშვილი დავით გარეჯის საკითხზე ორი პირის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი დააანონსა.

მისი თქმით, რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა დადგენილიყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, იყო დამალული და ის გამოძიებამ იპოვა.

„დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი დააანონსა, რომლიდანაც გამომდინარეობს რამდენიმე ძირითადი მნიშვნელოვანი მომენტი. ერთი არის ის, რომ 1996 წელს საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებები შეთანხმდნენ, რომ საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია - დემარკაცია უნდა განხორციელებულიყო 1938 წელს შედგენილი რუკის შესაბამისად. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ ის, რომ 2006 – 2007 წლებში ეს პროცესი წარიმართა აბსოლუტურად სხვა რუკით. არსებობდა 1938 წლის რუკის ასლი, მაგრამ არავინ დაეყრდნო ამ ასლს და არავინ დაელოდა ორიგინალის მოძებნას. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ ამ რუკის ორიგინალი იქნა ნაპოვნი და ის იყო დამალული კონკრეტული პირების მიერ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, „ამ ფაქტს ემატება ოპოზიციის ძალიან კარგად გასაგები ალიაქოთი, რაც მათი შინაარსიდან გამომდინარეობს“.

„ისინი როგორ ეპყრობიან საკუთარ მიწა-წყალს ეს ძალიან კარგად ჩანს 2008 წლის შემდგომ მიღებულ რეზოლუციაში, სადაც მათ მხარი დაუჭირეს ჩვენი ქვეყნის მიერ ომის დაწყების პრეზუმფციას, პრაქტიკულად, ჯარისკაცებს დააბრალეს ეს ყველაფერი. მათ პოლიტიკურ მრუდე დღის წესრიგში ჯდება ეს ყველაფერი, ამიტომ გასაკვირიც ამ მხრივ არაფერია, რომ ისინი ამ სიტუაციის პოლიტიზირებას ცდილობენ და ამ ყველაფრის წარმოჩენას ისე, თითქოს რაიმე სახის პოლიტიკურ მოტივებზე იყოს რამე აგებული. არა, ეს არის კონკრეტული დანაშაულის ფაქტი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღემდე, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან არათუ რამე გაკეთებულა, რომ სწორედ ისტორიული, სწორედ ის ნამდვილი საზღვარი დადგენილიყო, რაც 1938 წლის რუკით არის გათვალისწინებული, არამედ, როგორც გამოძიებიდან ჩანს, რეალურად კომისია დაეყრდნო აბსოლუტურად სხვა მონაცემებს.

„რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი, რეალურად იყო დამალული და ის საგამოძიებო მოქმედების შედეგად იქნა ნაპოვნი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა