ანა დოლიძე - მე ვიქნები მუხტი პარლამენტში, რომელიც შექმნის პოლიტიკას არამხოლოდ პატარა ჯგუფებისთვის, არამედ ხალხისთვის

„მე ვიქნები მუხტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც შექმნის პოლიტიკას არამხოლოდ პატარა ჯგუფებისთვის, არამედ შექმნის პოლიტიკას ხალხისთვის“, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, მას არსებული პრობლემების გადაჭრის ორი გეგმა აქვს.

„პირველი არის ეროვნული ფასეულობების ხედვა 6 პრიორიტეტული მიმართულებით. ჩემი ერთ გეგმა გამოხატავს ეროვნულ პრიორიტეტებს, სადაც შედის ეკონომიკა, განათლება, უსაფრთხოება, სასამართლო, ახალგაზრდობის პოლიტიკა და სოფლის მეურნეობა. მეორე გეგმა, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არის გეგმა - „ჩემი უბანი ჩემი ქვეყანაა“. ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღება არ ხდება მარტო ლამაზი საუბრით ტელევიზორში საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღება ხდება ყველა უბანში და ყველა ეზოში. პოლიტიკის განხორციელება პირველ რიგში ხდება ადგილებზე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, გეგმაში „ჩემი უბანი ჩემი ქვეყანაა“ შედის 10 ნაბიჯი, სადაც თავმოყრილია ყველაზე მწვავე პრობლემები.

„ერთ-ერთია მაგალითად რკინიგზის გადატანა. ეს არის სახე და მაგალითი იმ პროექტისა და საქმისა, რომელშიც დაიხარჯა მილიონობით დოლარი და მიტოვებულია ნახევარ გზაზე. ჩემი გეგმაა ამჟამინდელ რკინიგზაზე მხოლოდ სამგზავრო მატარებლების დატოვება ცივილიზებული ფორმით, რომელიც მოქცეული იქნება მწვანე ზოლში. ჩვენ დავარქვით ამას „მწვანე ლიანდაგის პროექტი“.

მეორე პრობლემა არის დიდუბის ავტოსადგური. ეს არის ადგილი, სადაც ჩემი შეთავაზებით, გურამ დოჩანაშვილს, რომ აქვს „კარცერ ლუქსი“, ასე უნდა შემოვიღოთ, რომ რამდენიმე საათი ყველა მინისტრმა, რომელიც დაინიშნება, გაატაროს ამ ავტოსადგურში, რათა თვითონ დაინახოს, თუ როგორ უღირს ყოფაში არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დიდუბის ავტოსადგურში. როდესაც ქვეყანას გაქვს პრეტენზია, რომ ხარ დერეფანი ევრაზიულ გზაზე და ხარ ტურიზმის ეპიცენტრი და გაქვს ასეთი ავტოსადგური, ეს განაპირობებს უსერიოზულეს კოგნიტურ დისონანსს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა მწერალი დათო ტურაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ანა დოლიძე არი კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დეპუტატი.

“ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ნებისმიერ პარლამენტს, ნებისმიერ ქვეყანაში დაამშვენებდა. ეს არის ადამიანი, რომელიც იმ ღირებულებების მატარებელია, რაც ძალიან მომწონს ადამიანში. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მერამდენე ხელისუფლება გამოვიცვალეთ, მერამდენედ გვიწევს პარლამენტის არჩევა, ჩვენდა სამწუხაროდ, რამდენჯერაც მოვინდომეთ, მაინც ვერ მოვახერხეთ, რომ აგვეცილებინა ძალიან სერიოზული პრობლემა. ძალიან ხშირად, ძალიან ბევრი უღირსი ადამიანი ხვდება პარლამენტში, ადამიანები, რომლებიც სრულიად დაშორებული არიან განათლებას, კულტურას, პასუხისმგებლობას, რაც მთავარია პატრიოტიზმს“, - განაცხადა ტურაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა