მეუფე იაკობი - ამბობენ, თითქოს ეკლესია და სახელმწიფო რაღაცაზე შევთანხმდით, გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი, რუკის გამო არსად არ დავდგები

გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი, აფხაზეთს რომ გვიბრუნებდნენ, დავდგებოდი მის მხარეს, მაგრამ მე თუ დღეს რაღაც აზრი მაქვს, რუკის გამო არსად არ დავდგები, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში რაიმე ხდება, პოლიტიკური ძალები და ტელევიზიები ყველაფერს არჩევნებს უკავშირებენ.

როგორც მეუფე იაკობი ამბობს, სასიხარულოა, რომ იპოვეს რუკა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესია ვინმეს მხარეს დაიჭერს.

"როცა პროფესიონალი ხარ და რაღაც თანამდებობაზე ხარ, ყოველთვის უნდა შეგეძლოს იმის განსაზღვრა, რას რა მოჰყვება. როცა შენ ცალსახად ამბობ, იმ რუკას იყენებ, რომელიც იმ მიწას სადავოს ხდის და საზღვარი აქეთ გამოდის, ჩემი ბრალია? ნახეს რუკა, ჩამოიტანეს, სულ არ მაინტერესებს, საიდან ჩამოიტანეს, მთავარია რუკა იყოს სწორი, ყველა მხარემ მიიღოს, მაგრამ სხვა რამის ეშინიათ ეტყობა - ზუსტად ისე არ გავიდეს საზღვარი, როგორც ახალ რუკაზე, ეშინიათ და არ უნდათ, რომ რომელიღაც ხელისუფლებამ გააკეთოს. ახალი პარლამენტი იქნება და თუნდაც, რუკა გქონდეს, ამას უნდა მოლაპარაკებები, 24 წელი გრძელდებოდა ხომ? უბრალოდ, სასიხარულოა, რომ წესიერი რუკა ვნახეთ, რომელიც უნდა გვქონოდა. ამ დროს ატეხილი ამბავი... ხან მამაოს გადასწვდებიან და ნეტავ, რომელიმე მათგანი იყოს მამაოსავით წესიერი, პატიოსანი და საქართველოსთვის თავდადებული. მამაოს გამო არავინ არის დაჭერილი, ყველა თავის საქციელზე აგებს პასუხს, თუ პროკურატურა, ხელისუფლება არ არის საჭირო, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დავარღვიოთ, მოღალატეები არ უნდა ვეძახოთ, გამოჩნდება მალე, შეგნებულად კეთდებოდა რაღაც თუ რის გამო კეთდებოდა?,- აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, ვრცელდება ინფორმაციები, რომ ხელისუფლება და ეკლესია რაღაცაზე შეთანხმდნენ, თუმცა აღნიშნავს, რომ რუკის გამო არსად დადგება.

"ოღონდ ეკლესიას აგინონ, დღეს იმას იძახიან, რომ ეკლესია და სახელმწიფო თითქოს რაღაცაზე შევთანხმდით და იმის გამო, რომ რუკა იპოვეს, იმაში მხარი უნდა დავუჭიროთ. ეს არის მხოლოდ რუკა, მადლობა ღმერთს, რომ გამოჩნდა, მაგრამ ეგ ის თემა არ არის - გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს იმის მხარეს დავდგებოდი, აფხაზეთს რომ გვიბრუნებდნენ, დავგდებოდი მის მხარეს, მაგრამ მე თუ დღეს რაღაც აზრი მაქვს, რუკის გამო არსად არ დავდგები, მაგრამ სასიხარულოა, რუკა რომ არის, ალბათ, ორივე მხარემ უნდა მიიღოს ის, რომ ამ რუკით იხელმძღვანელონ“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ არასწორია, კონკრეტულ პირებზე საუბარი, რომ უდანაშაულოა, არამედ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, მართომასშტაბიანი ამნისტია.

„ისედაც ვიცი აზერბაიჯანელების განწყობა, ეს რომ არ ყოფილიყო, ძაბავენ ტყუილად სიტუაციას, მოვა დრო ორივე მხარე დაჯდება და ორივე მხარისთვის დადებითად გადაწყდება, ქართველებიც გაიხარებენ და აზერბაიჯანელებიც. ტყუილად ძაბავენ სიტუაციას, თორე აზერბაიჯანის მხარე განაცხადებდა, არ გაუჭირდებოდა ამის თქმა.

ის, რომ დაჭერილი ადამიანები სიმპათიის მიხედვით დაასახელო, არ არის დამნაშავე...მოდით რა ამდენი ადამიანია დაჭერილი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ ამნისტია შედგეს, ცოტა დიდი ამნისტია, გამოვიდნენ და ოჯახები გაახარონ, თითოეულ კაცს რომ დასდევენ რომ პოლიტიკური სარჩული მოუდონ, ეს ძალიან ცუდია. ჩვენ არავის მხარეს არ ვიჭერთ, ბევრჯერ გავაფრთხილე უკვე რომ თავი დაგვანებონ, ნუ გვაიძულებენ, რომ მართლა მხარე დავიჭიროთ, თორემ გადახედონ, მხარეს როცა ვიჭერდით, ვინც დღეს ლაპარაკობს იმათთვის სასიკეთოდ არ მთავრდებოდა. ჩვენ არ გვინდა, არაფერში ვერევით დღეს, ყველა მხარე ჩვენია, საქართველოს შვილია, რასაც ხალხი გადაწყვეტს ისე იყოს, ჩვენ ნუ გვაიძულებენ, რომ რაიმე ნაბიჯი გადავდგათ, არ ვაპირებთ, მაგრამ თუ ძალიან ასეთი არასწორი ქმედებები გააგრძელეს ტელევიზიებში შეტევა ეკლესიაში, ისინი ღმერთს ებრძვიან, ჩვენ კი არა, რა უნდა დაგვაკლონ, არავის აქვს იმაზე მეტი გაკეთებული, რასაც ეკლესია უკეთებს ქვეყანას,“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა