მამუკა მდინარაძე დავით გარეჯის საქმეზე - მავნებელი პოლიტიკოსები აუცილებლად იტყვიან, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდისთვის იყო გათვლილი, მაგრამ იმის გამო, რომ ასე მავნებლობენ, გამოძიებას ვერ გააჩერებ

ვიღაც მავნებელი პოლიტიკოსები აუცილებლად იტყვიან, რომ ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდისთვის გათვლილი, მაგრამ იმის გამო, რომ ასე მავნებლობენ, გამოძიებას ვერ გააჩერებ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომ ოპოზიციის შეფასებით, დავით გარეჯის გამოძიების თემას მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ იყენებს.

როგორც მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც პროკურატურაში გარკვეული ინფორმაცია შედის, უწყებას აქვს ვალდებულება, გამოძიება დაიწყოს, ოპოზიციაში კი „ამ ვალდებულების შესრულება თარგმნეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად“.

„როდესაც ხდება ცნობილი, რომ არსებობს ავთენტური რუკები და ეს ცნობილი ხდება თავდაცვის სამინისტროსთვის, ერთადერთი, რაც თავდაცვის სამინისტრომ შეიძლება გააკეთოს, უნდა მიმართოს პროკურატურას, რომ აქ რაღაც იმალება და გამოსაძიებელია. თუკი ეს ინფორმაცია პროკურატურაში შევა წინასაარჩევნოდ, პროკურატურამ ეს უნდა დამალოს და თქვას, რომ არჩევნები რომ გადაივლის, მერე დავიწყებ გამოძიებას, თუ გამოძიება უნდა დაიწყოს? - ბუნებრივია, გამოძიება უნდა დაიწყოს. უნდა ველოდოთ იმას, რომ ვიღაც მავნებელი პოლიტიკოსი და მისი მავნებლურად მოლაპარაკე ტელევიზიები აუცილებლად იტყვიან, რომ ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდისთვის გათვლილი. იმის გამო, რომ ასე მავნებლობენ, გამოძიებას ვერ გააჩერებ. რომ აღმოჩნდეს, რომ რომელიღაც პოლიტიკოსმა ან არაპოლიტიკოსმა, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი კლასტერის მხარეს, დანაშაული ჩაიდინა (ამ შემთხვევას არ ეხება), იმიტომ არ შეჩერდება გამოძიება, რომ წინასაარჩევნო პერიოდია. თუ „ნაცმოძრაობას“და მის კლასტერს არ აწყობს რაღაცის გამოძიება და დადგებიან იმ სავარაუდო დამნაშავეების მხარეს, ვინც ძალიან ცუდი რამ ჩაიდინეს, ყველა სხვა შემთხვევაში, ამაზე გამოძიება უდნა დაიწყოს, თუ არა? უნდა დაიწყოს, ბუნებრივია. მერე ყველა იტყვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდია. როდესაც ინფორმაცია შედის, ამაზე ექსკლუზიური უფლება ან დისკრეცია კი არ არსებობს, არსებობს ვალდებულება. ამ ვალდებულების შესრულება თარგმნეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა