არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში ბოლო პერიოდში აღმოჩენილ დოკუმენტაციას გამოიყენებს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე ქვეყანა უკანასკნელ პერიოდში აღმოჩენილ დოკუმენტაციას გამოიყენებს. პარლამენტის სპიკერის თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ დავით გარეჯის საკითხი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად გადაწყდეს.

„ჩვენი როგორც ხელისუფლების დამოკიდებულება არის ზუსტად ის, რომ დავით გარეჯს ვხედავთ როგორც ეროვნული მნიშვნელობის საკითხს. ის ყოველგვარი პარტიული დღის წესრიგის მიღმაა და ამას ვერავითარ შემთხვევაში პარტიულ დღის წესრიგში, რომელიმე პარტიის გადმოსახედიდან არ და ვერ განვიხილავთ. ამიტომ ჩვენ მივიჩნევთ, როგორც ხელისუფლება, რომ დავით გარეჯის საკითხი აერთიანებს ჩვენს ყველა თანამოქალაქეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში იმისთვის, რათა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული და გავარკიოთ ის სადავო საკითხები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობართან, აზერბაიჯანთან, რომელიც წლების განმავლობაში იდგა დღის წესრიგში. თუ ამას დაეხმარება ავთენტური რუკები, რომლებიც ბოლო პერიოდში იქნა მოწოდებული და აღმოჩენილი, მათ შორის, გამოძიების მხრიდან, ჩვენ ამას აუცილებლად გამოვიყენებთ მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე. ჩვენი ამოცანა ამ მომენტში არის ის, რომ უზრუნველვყოთ სასაზღვრო ხაზების შეთანხმება ისე, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული დავა მოგვარდეს და აღმოიფხვრას ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ. არ ყოფილა არც ერთი მონაკვეთი, არც ერთი დღე ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონოდა პრიორიტეტული ინტერესი დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით და ეს ასე იქნება მომავალშიც, სანამ ეს საკითხი არ დარეგულირდება მშვიდობიანად და მეგობრულად ჩვენს მეგობართან, აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან. ამის შესაძლებლობა, მე იმედი მაქვს, რომ იქნება ამ ახალი გარემოებების აღმოჩენით. შემდეგ მოლაპარაკებებზე ჩვენ ამ გარემოებებს დავაყენებთ კომისიის სხდომებზე და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავით გარეჯის საკითხი გადაწყდეს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთანავე, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საზღვრის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სამართლებრივი პროცესია, რომელშიც პოლიტიკური ჩარევა მისაღები არ არის.

„გამოძიება არის სამართლებრივი პროცესი, მე ვარ პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენელი და პოლიტიკური ჩარევა და შეფასებები ამ პროცესში, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები და ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ, რომ პოლიტკური ჩარევა არ იყოს ამ პროცესში არც ოპოზიციის, არც სხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, მათ შორის, ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ აქ სამართლებრივი გამჭირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს და გაეცეს იმ კითხვებს პასუხი, რომელიც დღეს არსებობს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა