სერგი კაპანაძე - ჩვენ ვნახეთ ღარიბაშვილის სრულიად უსირცხვილო გამოსვლა, მან 34-ჯერ უწოდა მოღალატე წინა ხელისუფლებას

დავით გარეჯის საქმე მოიგონეს იმისთვის რომ სწორედ წინასაარჩევნოდ, პროპაგანდისტულად ტალახი ესროლონ წინა ხელისუფლებას“- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე “კარტოგრაფების საქმეს”.

კაპანაძის თქმით, “კარტოგრაფების საქმე” პოლიტიკური საქმეა წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად.

„ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ოლიჩოვას საქმე არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი, შეკერილი საქმე, არაფერი კავშირი ამ საქმეს რეალობასთან, იურიდიულ ნაწილთან არ აქვს. ეს არის საქმე ერთადერთი მიზნით, რომ ტალახი ესროლონ წინა ხელისუფლებას.

ჩვენ ვნახეთ ღარიბაშვილის სრულიად უსირცხვილო გამოსვლა „იმედზე“, სადაც მან ტყუილების კორიანტელი დააყენა. ამ ყველაფერს, მისი აზრით, აქვს ერთადერთი გამართლება, რომ წინა ხელისუფლებას უწოდოს მოღალატე, მან 34-ჯერ უწოდა მოღალატე წინა ხელისუფლებას და თქვა, რომ ეს იყო ღალატი. რატომ? იმიტომ, რომ მათ რეალურად აინტერესებდათ არა ამ ადამიანების ბედი, არა ქვეყნის ინტერესები, არა მათ შორის ეს მოლაპარაკებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის. არამედ მათ აინტერესებთ, რომ არჩევნებამდე მაქსიმალურად დათესონ პროპაგანდა, რომ წინა ხელისუფლება ყიდდა დავით გარეჯს, მიუხედავად იმისა, რომ დავით გარეჯი ბრალში არ ფიგურირებს.

ამიტომ, სრულიად ნათელია და გასაგებია, რატომ იყენებენ ამ საქმეს იმისთვის, რომ დაესხან თავს წინა ხელისუფლებას.

ეს რომ ნორმალური გამოძიება იყოს, მართლა რომ იურიდიული შინაარსის მქონე საქმე ყოფილიყო, ბუნებრივია, ყველა ადამიანი დაიკითხებოდა სანამ ამ ადამიანებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებდნენ. საუბარი იმაზე პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილს დაკითხავს თუ არა, არარელევანტურია და არ აქვს აზრი ამის შეფასებას. ეს საქმე არის პოლიტიკური საქმე ივანიშვილის წინასაარჩევნოდ გადასარჩენად“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი