ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი - ყველას შევახსენებდი, რომ საქმე პოლიტიკური პროცესის მთლიანობას ეხება, სწორედ ეს დევს სასწორზე

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირაზე ნაკლები რჩება, დაძაბულობის ხარისხი კი უკვე საკმაოდ მაღალია. პროცესს აკვირდებიან ეუთო (ODIHR)-ის დამკვირვებლები, არჩევნების შემდეგ რამდენიმე კვირაში კი ისინი არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს გამოსცემენ. არჩევნებისა და დაკვირვების პროცესზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ჯილიან სტირკი „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა.

- პირველ რიგში, როგორ მიმდინარეობს სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ამჟამად - რა არის ძირითადი, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ფაქტორები, რასაც უკვე წააწყდით წინასაარჩევნო პერიოდში?

- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, როგორი დიდი პატივია აქ, საქართველოში ყოფნა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ჩვენ ძალიან აქტიურები ვიყავით, ვხვდებით ფართო სპექტრის ოფიციალურ პირებს, პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა ინსტიტუტებს სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიას. დადებითი მიმართულებით ვიტყოდი, რომ საარჩევნო კამპანიის მიმართ ინტერესი მაღალია, ხალხი ძალიან ჩართულია და ამის ხილვა ყოველთვის გამამხნევებელია. ჩვენს შუალედურ ანგარიშში აღწერილია რამდენიმე სფერო, რომელზეც ყურადღება გავამახვილეთ, მაგალითად საარჩევნო ადმინისტრაცია, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რაც გასულ ზაფხულს გაკეთდა; ამასთანავე, შესაძლოა, იყოს გარკვეული შეშფოთება საარჩევნო კამპანიის ფინანსირების შესახებ; რა თქმა უნდა, დარღვევების ან დავების შესახებ ზოგიერთი ბრალდების გათვალისწინება ან ა.შ. კამპანიის დაფინანსების შესახებ ვიტყოდი, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ შეიძლება ამასთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობა არსებობდეს. არის საჩივრების პროცედურის კრიტიკაც, ის, რომ სხვადასხვა ორგანოს სხვადასხვა დონეზე საკმაოდ ბევრი საჩივარია წარდგენილი, მაგრამ ისინი დღემდე არ განხილულა. ამ ყველაზე მნიშვნელოვან ორ მაგალითს მოვიყვანდი.

- როგორ ჩატარდება დაკვირვება არჩევნების დღეს - რამდენი დამკვირვებელი, სად და როგორ დააკვირდება პროცესს და არსებობს თუ არა დაკვირვების რაიმე ახალი მეთოდი?

- თბილისში, გუნდის ძირითადი 13 წევრი ვართ 10 სხვადასხვა ქვეყნიდან, ასე რომ, ეს ძალიან მრავალფეროვანი გუნდია. პერსონალში დაახლოებით 13 თანამშრომელი გვყავს და 27 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ და აკვირდებოდნენ სიტუაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით. არჩევნების დღეს, რადგან ამჯერად მოკლევადიანი დამკვირვებლები არ გვყავს, სტატისტიკურ ანალიზს არ გავაკეთებთ, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით კვლავ დავათვალიერებთ გარკვეული რაოდენობის საარჩევნო უბნებს და გავაკეთებთ ხარისხობრივ შეფასებებსა და დაკვირვებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნების დღე.

- რა სახის სირთულეები აქვთ თქვენს დამკვირვებლებს კოვიდის მდგომარეობის გამო და როგორ გადაჭრით თქვენ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისია (CEC) ამ პრობლემას? როგორ ფიქრობთ, შეიძლება, პანდემიამ ხელი შეუშალოს იმას, თუ რამდენად კარგად მოხდება დაკვირვება?

- ცესკოს მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ა­რჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ. ოდირის გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს, რომ ქართული რეგულაციები და პროტოკოლები აქ, ჩვენს ოფისებში დავიცვათ, ისევე, როგორც ოფისს გარეთ მუშაობის დროს, რადგან გვსურს, ამ პანდემიის მართვაში დადებითი წვლილი შეიტანოთ. ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, კოვიდი იყო ფაქტორი, რის გამოც შეუძლებელი გახდა ჩვენი მოკლევადიანი დამკვირვებლების განთავსება. მაგალითად, სამოგზაურო რეგულაციების გათვალისწინებით და ა.შ. არ შეგვიძლია დავადგინოთ დამკვირვებლების საკმარისი რაოდენობა, რათა გავაკეთოთ ყოვლისმომცველი ანალიზი. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ძალიან ძლიერი ანგარიში გვექნება. ასევე მსურს ვთქვა, რომ არჩევნებზე დაკვირვება არ ეხება მხოლოდ არჩევნების დღეს, ეს არის მთელი კამპანიის პერიოდის მონიტორინგი და დაკვირვება, ისევე, როგორც არჩევნების დღის შემდეგი პერიოდის. შემდეგ გაკეთებულ საბოლოო ანგარიშში მოცემული იქნება რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მთავრობას შეუძლია, პროცესის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლო გზები გაითვალისწინოს. ასე რომ, ჩვენ ვამჯობინებთ, ამ ყველაფერს ისე შევხედოთ, როგორც უწყვეტობას და ვიტყოდი, რომ ჩვენი ანგარიში და ამჟამინდელი მუშაობა ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს.

- შეგიძლიათ კიდევ ერთხელ შეგვახსენოთ ეუთო/ოდირის ძირითადი რეკომენდაციები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ და აღნიშნოთ, რომელი იქნა გათვალისწინებული და რომელი - არა; ამასთანავე, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი?

- რამდენიმე ძირითად მიმართულებას გამოვყოფ. წინა რეკომენდაციები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ხმების მოსყიდვა, საარჩევნო დავების მოგვარების რეკომენდაცია მოკლე ვადებში, საარჩევნო კომისიების კრიტერიუმები სხვადასხვა დონეზე, ზომები ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის. ამ რეკომენდაციების ნაწილი შესრულდა ზაფხულში განხორციელებული საარჩევნო ცვლილებებით და, რა თქმა უნდა, ამის გამო ძალიან მოხარულნი ვიყავით; სხვები კი სრულად არ ასახულა. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამჟამად განხორციელებაა. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად უნდა ვნახოთ, კამპანიის ბოლოს რა საბოლოო შედეგები იქნება, რამდენად მოხდება ამ რეკომენდაციების რეალურად მიღება და ამოქმედება.

- მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ყველა ამ რეკომენდაციის გათვალისწინება?

- რეალურად, ეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, ოდირი რეკომენდაციების შეთავაზებას აკეთებს, შემდეგ კი მთავრობებზეა დამოკიდებული, რამდენად სასარგებლო იქნება ეს მათი საარჩევნო პროცესისთვის.

- თქვენ უკვე ბევრი შეხვედრა გქონდათ მთავრობის, ოპოზიციის, საელჩოების წარმომადგენლებთან. რა არის ძირითადი შეშფოთება, რომლის შესახებაც ისმენთ? რამდენად პოლარიზებულია მათი შეხედულებები?

- ვიტყოდი, რომ არსებობს პოლარიზაციის გარკვეული ხარისხი, განსაკუთრებით, ეს მედიაშიც შევნიშნეთ. საუბრებში გვესმის მაგალითად, დაშინების ბრალდებების შესახებ; ხმების მოსყიდვაზე; გამჭვირვალობის არარსებობის შესახებ სხვადასხვა პარტიების მხრიდან. ჩვენი როლის ნაწილია ამ საკითხების განხილვა და მტკიცებულებების შეგროვება. ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო ფაქტებზე დაფუძნებულია, ამიტომ ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებლების შრომა, რომლებიც რეგიონებში იმყოფებიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დეტალურ ინფორმაციას გვაწვდიან იმის შესახებ, თუ რას ხედავენ ადგილზე, ეს კი ხელს უწყობს ჩვენს ინფორმირებას ანგარიშის შედგენის პროცესში, ამასთანავე, გვეხმარება იმ რეკომენდაციებისთვის ინფორმირებაში, რაც შეიძლება გავაკეთოთ.

- არჩევნების დღემდე გვესმის ძალადობის შესახებ, მაგალითად, ასეთი მოხდა მარნეულში და სხვა ადგილებში. ამაზე რას იტყოდით?

- ვცდილობთ, ფაქტებზე დაფუძნებული სამუშაო გავწიოთ, ამიტომ აღვნუსხავთ იმ შემთხვევებს, რაც ჩვენს ყურადღებას მიიპყრობს, თუ საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს, მაგრამ ალბათ ცოტა ადრეა, რაიმე სახის საბოლოო დასკვნა გამოვიტანოთ. ამას კამპანიის დასასრულს ვიხილავთ.

- ვინაიდან დაძაბულობა უკვე მაღალია, რას ურჩევდით ჩვენს საზოგადოებას და სხვადასხვა პარტიას?

- ყველა ჩართულ პირს შევახსენებდი, რომ საქმე პროცესის მთლიანობას, ინტეგრაციას ეხება. სწორედ პროცესის მთლიანობა დევს სასწორზე. ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ ისეთი ქცევისკენ, რომელიც დემოკრატიულ პროცესზე დადებით წვლილს შეიტანს.

- საერთოდ, როგორ შეაფასებდით ამჟამინდელ საარჩევნო სისტემას?

- ვფიქრობ, არ არის ჩემი, როგორც ოდირის მისიის ხელმძღვანელის როლი, კომენტარი გავაკეთო იმ სისტემის შესახებ, რომელიც საქართველომ მიიღო, ეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა. ჩვენი როლი აქ პროცესის განხორციელების შეფასებაა, იმის დანახვა, თუ რამდენად შეესაბამება იგი საერთაშორისო, განსაკუთრებით, ეუთოს ვალდებულებებს და რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას. თუნდაც წინასთან შედარებით, ჩვენ ვერ შევადარებთ სხვადასხვა საარჩევნო მოდელს, თუმცა ვითვალისწინებთ ჩვენს წინა რეკომენდაციებს.

- შეგიძლიათ, თქვენი გადმოსახედიდან აღწეროთ ამ არჩევნების მნიშვნელობა ქართული დემოკრატიისთვის?

- ვფიქრობ, რომ ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია, ეს ხალხს შესაძლებლობას აძლევს, გამოხატოს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, უპირატესობები და პოლიტიკური ნება. ამ თვალსაზრისით, აღვნიშნავ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ინტერესისა და ჩართულობის დონეს, რაც ძალიან დადებითი მხარეა.

- არჩევნების დღის შემდეგ, რას გააკეთებს ეუთო/ოდირი იმის გარანტიად, რომ თუ პროცესი არ იყო თავისუფალი ან სამართლიანი, ან რაიმე ნაკლი ჰქონდა, ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ამის შესახებ ხმამაღლა გაიგონ?

- არჩევნების მეორე დღეს გამოვაქვეყნებთ წინასწარ განცხადებას, რომელიც კვლავ ხაზს გაუსვამს იმას, რასაც დავაკვირდით და გავაკეთებთ მითითებებს ნებისმიერ ისეთ სფეროზე, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა, გარკვეული შეშფოთება არსებობდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი როლი არ არის შედეგებზე კომენტირება, არამედ იმაზე ხაზგასმა, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები. წინასწარი განცხადების შემდეგ, რამდენიმე კვირაში გამოვცემთ საბოლოო ანგარიშს, რომელიც, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ღრმად შეაფასებს პროცესს.

ეკა აბაშიძე

„ინტერპრესნიუსი“

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო