ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში ესტონეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ესტონეთის ელჩთან საქართველოში, რიინა კალიურანდისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ ელჩთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს და განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას, რადგან ისტორიულად ესტონეთი საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში რელიგიური პოლიტიკის და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბების, რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევებზე.

სააგენტოს ცნობით, ელჩმა მოიწონა სააგენტოს მიერ რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობა, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

„მისი განცხადებით, სააგენტოს მიერ გამოცემული რელიგიური და მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკები ნათლად გადმოსცემს საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებას. საქართველო ტოლერანტობის მაგალითია, რომელსაც დიდი ტრადიცია და მემკვიდრეობა გააჩნია. მისი თქმით ესტონეთი დიდი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და მიუხედავად ამისა, ის ევროპის ქვეყნებს შორის მეტად სეკულარულ სახელმწიფოდ მიიჩნევა.

რიინა კალიურანდიმ აღნიშნა, რომ ესტონეთში სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიები არანაირ დაფინანსებას არ იღებენ გარდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისა. ეკლესიები მრევლისგან მიღებული გადასახადით ფინანსდებიან, რის შედეგადაც დიდ ქალაქებში ეკლესია უფრო მდიდარია ვიდრე რეგიონებში. ესტონეთის ამჟამინდელი, ახალგაზრდა ეპისკოპოსის მმართველობის პერიოდში, ეკლესიას აქტიური როლი აქვს ქვეყნის სოციალურ საკითხებში და ნაკლებად ერევა პოლიტიკაში. ეკლესია თავად აბალანსებს ფინანსურ საკითხებს და წინა წლებთან შედარებით ახლა ის ყველაზე მდიდარია.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რელიგიური განათლების საკითხებზე. ესტონეთის სკოლებში, მაღალ კლასებში ისწავლება მსოფლიოს სხვადასხვა რელიგია, როგორც ისტორიის ნაწილი. მიუხედავად იმისა, მორწმუნეა თუ არა მოსწავლე, მან უნდა ისწავლოს რელიგია და ტოლერანტულ გარემოში ცხოვრება. ბავშვებმა უნდა იცოდნენ რომ არც ერთი რელიგია არ არის საფრთხის შემცველი, ის რომ ყველაფერს თვითონ ადამიანი განსაზღვრავს და ფანატიზმი ყველა რელიგიაში საფრთხეს წარმოადგენს. რელიგიური განათლება აუცილებელია მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრებისათვის.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მიღებული ინფორმაციისათვის, სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის. ასევე სააგენტოს დაეხმარება ესტონეთში კოლეგა ორგანიზაციასთან კომუნიკაციაში, რათა მოხდეს დამკვიდრებული პრაქტიკის გაზიარება“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა