ირაკლი კობახიძე - შემაშფოთებელია ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსების გაწბილებული კომენტარები 43-ივე მძევლის უვნებლად გათავისუფლებასთან დაკავშირებით

ერთ მხარეს იდგნენ ხელისუფლება, გმირი პოლიციელები და მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დაინტერესებული ჩვენი თანამოქალაქეები, ხოლო მეორე მხარეს იდგნენ ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა, რომლისთვისაც პრიორიტეტი ადამიანია.

„ბრიფინგი გვინდა დავიწყოთ მადლობით, მადლობით გმირი პოლიციელების მიმართ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყვეს 43 ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის დაცვა. გამორჩეულია სამხარეო პოლიციის უფროსის, ავთანდილ გალდავას გმირული ქმედება, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩაენაცვლა მძევლებს და უზრუნველყო მათი უვნებლად განთავისუფლება. მადლობა სამართალდამცავი სტრუქტურების თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ჩართული იყო სპეცოპერაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებაში. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელმაც სპეცოპერაციის დაგეგმვითა და ჩატარებით უზრუნველყო 43-ივე მძევლის ეტაპობრივი განთავისუფლება. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ადამიანია. სპეცოპერაციის მთავარი მიზანი - 43-ივე მძევლის უვნებლად განთავისუფლება შესრულებულია. ახლა მთავარია, სპეცოპერაცია წარმატებით იქნეს ბოლომდე მიყვანილი. დარწმუნებული ვართ, სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი მუშაობით, ოპერაცია წარმატებით დასრულდება.

ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და მათი მედიასაშუალებების არაჯანსაღ საქციელს, რისი თვითმხილველიც გუშინ მთელი დღის მანძილზე გახდა ქართული საზოგადოება. ამ ტიპის კრიმინალზე პოლიტიკური ქულების დაწერის იაფფასიანი მცდელობა, შემთხვევის ადგილთან პოზიორობა, დამნაშავესთან უპასუხისმგებლო მოლაპარაკებების პირდაპირ ეთერში წარმოება, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ადგილების პირდაპირ ეთერში გადაცემა და ასე შემდეგ, პოლიტიკური თუ ჟურნალისტური ეთიკისა და მორალის ყოველგვარ ზღვარს სცდება. გუშინაც, სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიურად, ერთ მხარეს იდგნენ ხელისუფლება, გმირი პოლიციელები და მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დაინტერესებული ჩვენი თანამოქალაქეები, ხოლო მეორე მხარეს იდგნენ ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები. არანაკლებ შემაშფოთებელია ამ ადამიანების დღევანდელი გაწბილებული კომენტარები 43-ივე მძევლის უვნებლად გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს 31 ოქტომბერს საზოგადოების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა