„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ხშირია ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და მუქარის, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტები.

ანგარიშის თანახმად, ადგილი აქვს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე ანგარიშსწორებისა და ზეწოლის, პოლიტიკური პარტიების ოფისების დარბევის და საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი ქონების დაზიანების შემთხვევებს.

როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში განმარტავენ, კვლევისთვის განკუთვნილ პერიოდში ასევე დაფიქსირდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლების პარტიულ ღონისძიებებზე მობილიზებისა და პოლიტიკური ნიშნით პროფესიული საქმიანობის შეზღუდვის ფაქტები. „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიიჩნევს, რომ საქართველოში, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდმა გამოკვეთა საყურადღებო საკითხები. კერძოდ, დაძაბული და პოლარიზებული გარემო, რაზეც ყველაზე უფრო მეტი უარყოფითი გავლენა იქონია ე.წ. „კარტოგრაფების საქმეზე“ დაწყებულმა გამოძიებამ. საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე გამოიკვეთა მიკერძოებული საქმიანობის ნიშნები, რაც ყველაზე მეტად გამოვლინდა საარჩევნო დავებისა და საოლქო/საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით განსაზღვრული კომისიის წევრების არჩევის პროცესში. საარჩევნო კამპანიის წარმოება ხდებოდა დაძაბულ გარემოში, ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ინციდენტებს, რომელთა დიდ ნაწილზე სამართალდამცველი სტრუქტურების რეაგირება იყო არასაკმარისი და ხშირ შემთხვევაში, არაადექვატურიც. განსაკუთრებით სამწუხარო იყო ჟურნალისტებსა და დამკვირვებელზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები. საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების მიმართულებით გამოიკვეთა საეჭვო შემოწირულობები, რომელიც აუცილებლად შესწავლილი უნდა იყოს აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ. საარჩევნო დავების წარმოებისას გამოიკვეთა ფორმალისტური მიდგომები, რომლის დროსაც ნაკლები ყურადღება ექცევა საკუთრივ საჩივრის არსზე მსჯელობას. არსებული გამოწვევების შესაბამისად, აუცილებელია, არჩევნების დასრულებამდე ხელისუფლებამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ ყურადღება გაამახვილოს წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი პრობლემური საკითხების მიმართ, გაითვალისწინოს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასაარჩევნო პერიოდში მომზადებული რეკომენდაციები, რათა უზურნველყოს არჩევნების მიუკერძოებელ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება“,-აღნიშნულია ანგარიშში.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია 2020 წლის 1 სექტემბერს დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა