ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს

წინასაარჩევნოდ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, წინასაარჩევნო კამპანია მალე დასრულდება და არჩევნების დღეც მალე დადგება, რომლისთვის ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური ძალები კარგა ხანია ემზადებიან. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სავარაუდოდ, რით განსხვავდება წლევანდელი არჩევნები წინა წლების არჩევნებისაგან?

- წლევანდელი არჩევნები მართლაც განსაკუთრებული არჩევნებია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა პარამეტრი, რაც კი არჩევნებისთვისაა დამახასიათებელი, თითქმის შეცვლილია და სრულიად განსხვავებულ ამპლუაშია წარმოდგენილი.

მე ასეთი არჩევნები არც მახსენდება, ვგულისხმობ არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ ველზე არსებულ პარტიებს შორის ურთიერთობებსა და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას, არამედ იმასაც, რომ ელექტრონული მედიაა პარტიული და მათი საშუალებით განსაკუთრებულად პოლარიზებულია გარემო. ასეთივე ვითარებაა არასამთავრობო სექტორში. 2020 წლის არჩევნები წინა წლების არჩევნებისაგან იმით განსხვავდება, რომ პოლიტიკურ სპექტრში მიმდინარე პროცესები, განწყობები და ხედვები ნაკლებადაა თანხვედრაში საზოგადოებაში არსებულ განწყობებთან.

2020 წლის არჩევნები წინა წლების არჩევნებისაგან იმით განსხვავდება, რომ პოლიტიკურ სპექტრში მიმდინარე პროცესები, განწყობები და ხედვები ნაკლებადაა თანხვედრაში საზოგადოებაში არსებულ განწყობებთან

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია საკმაოდ გააქტიურებულია, საზოგადოებაში დღესაც კი არჩევნების მოახლოება არ იგრძნობა და არ მიდის განხილვა არა მარტო ვინ უნდა იყოს, არამედ რა და როგორ უნდა იყოს მომავალში. მხოლოდ პატარ-პატარა პოლიტიკურ ჯგუფებში ხდება ამა თუ იმ პროცესების განხილვა.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მაინც შეიმჩნევა არჩევნების მიმართ ინტერესი და დარწმუნებული ვარ, რომ მასში მონაწილეობას 1,8 მილიონი ანდა 2 მილიონამდე ამომრჩეველი მიიღებს. ვიმეორებ, ასე იქნება მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოების უდიდეს ნაწილში არსებული განწყობები ერთმანეთს მნიშვნელოვნადაა აცდენილი.

ვფიქრობ, არჩევნების მოახლოების კვალობაზე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი შემცირდება, მაგრამ არჩევნების შედეგებისადმი საკმაოდ ინდიფერენტული დამოკიდებულება იქნება არა პოლიტიკური კლასის, არამედ საზოგადოების.

არჩევნების შედეგებისადმი საკმაოდ ინდიფერენტული დამოკიდებულება იქნება არა პოლიტიკური კლასის, არამედ საზოგადოების

- ამ თემებზე მსჯელობისას ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა“.

ქალბატონ ნანას მხედველობაში ჰქონდა არა მხოლოდ კორონავისუსის მძვინვარება ქვეყანაში, რომლის პირობებშიც მოგვიწევს არჩევნების ჩატარება, არამედ ბევრ შემთხვევაში აშკარად გაუგებარი ვითარებები. მხედველობაში მაქვს თუნდაც ზუგდიდში ბანკის ძარცვა და ამავე თემის გარშემო განვითარებული პროცესები.

ბატონი ამირან გამყრელიძე კი აცხადებს, რომ ომში ვართ, სრული მობილიზაცია გვჭირდება, მაგრამ ოპოზიციის მტკიცებით ხელისუფლება პანდემიას სათავისოდ იყენებს.

თქვენი დაკვირვებით რამდენად მართებულია მტკიცება, რომ ხელისუფლება პანდემიას არჩევნებისთვის სათავისოდ იყენებს? და ამ არჩევნების ყველაზე დიდ უცნაურობად რა შეიძლება ჩაითვალოს?

- ნამდვილად არაორდინალური ვითარებაა, თუნდაც პანდემიასთან დამოკიდებულებაში. როდესაც ვამბობ, რომ პოლიტიკური კლასის და საზოგადოების განწყობები ერთმანეთს მნიშვნელოვნადაა აცდენილი, ამ საკითხში დამოკიდებულებასაც ვგულისხმობ.

როდესაც გაზაფხულზე პანდემიის გამო ხელისუფლებამ შემოიღო მკაცრი რეგულაციები, ამას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შეხვდა შიშით, ახალი რაღაც ხდებოდა და არც კი ვიცოდით რა ხდებოდა. იყო იმის იმედი, რომ ხელისუფლება რაღაცას გააკეთებდა.

ამ დროს ოპოზიციის უმრავლესობა აცხადებდა, რომ ეკონომიკა ჩამოიქცეოდა. მაშინაც არ იყო საზოგადოების განწყობებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის განწყობების თანხვედრა. ამ საკითხში თანხვედრა არც დღეს არაა. ასეა იმიტომ, რომ დარჩენილია პანდემიის შიში, მაგრამ, როგორც ჩანს, საზოგადოება მართლა შეეჩვია პანდემიასთან თანაცხოვრებას და მას დღეს ისე აღარ ეშინია, როგორც გაზაფხულზე.

რაც შეეხება წლევანდელი არჩევნების ყველაზე დიდ უცნაურობას ვიტყვი იმასაც, რომ არ მახსენდება არჩევნები, რომ ასე მნიშვნელოვნად არ ემთხვეოდეს ერთმანეთს და ერთმანეთისგან აცდენილი იყოს პოლიტიკური სპექტრის განწყობები საზოგადოებაში არსებულ განწყობებს.

არ მახსენდება არჩევნები, რომ ასე მნიშვნელოვნად არ ემთხვეოდეს ერთმანეთს და ერთმანეთისგან აცდენილი იყოს პოლიტიკური სპექტრის განწყობები საზოგადოებაში არსებულ განწყობებს

მეტსაც ვიტყოდი - პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის სახელისუფლებო გუნდისა და საზოგადოების განწყობები ერთმანეთს 50%-თაც კი არ ემთხვევა. ოპოზიციის მტკიცება, რომ ხალხს ხელისუფლება არ მოსწონს სწორია, მაგრამ ასევე სწორია ხელისუფლების შეფასება, რომ ხალხს არც ოპოზიცია არ მოსწონს. ეს ვითარებაც განასხვავებს ახლანდელს ყველა წინა არჩევნებისაგან.

დღეს შეიძლება იმის თქმაც, რომ პოლიტიკური სპექტრის უმეტესობა საზოგადოებისთვის საკმაოდ უინტერესოდაც კი გამოიყურება. არც არსებული ხელისუფლებისადმია ნდობა და არც ოპოზიციის მიმართ.

ოპოზიციის მტკიცება, რომ ხალხს ხელისუფლება არ მოსწონს სწორია, მაგრამ ასევე სწორია ხელისუფლების შეფასება, რომ ხალხს არც ოპოზიცია არ მოსწონს. ეს ვითარებაც განასხვავებს ახლანდელს ყველა წინა არჩევნებისაგან... პოლიტიკური სპექტრის უმეტესობა საზოგადოებისთვის საკმაოდ უინტერესოდაც კი გამოიყურება

- საარჩევნო კამპანიების ფონზე აშკარაა პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე სატელევიზიო საინფორმაციო ომები.

ხელისუფლება ქმნის ილუზია, რომ ყველაფერი კარგადაა. გასაგებია, რომ ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, მაგრამ ვხედავთ, ოპოზიციური მედია აპოკალიფსურ სურათს ხატავს. სამწუხაროდ, არც ერთი ასახავს რეალობას და არც მეორე.

როგორ შეაფასებდით დაპირისპირებული მხარეების მიერ წარმოებულ პიარ-კამპანიებს, ერთმანეთის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომებს და თქვენი აზრით, ამ ომში ვის უფრო აქვს უპირატესობა?

- ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხედვები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, რაც ასახვას პოვებს მათ მიერვე წარმოებულ საინფორმაციო ომებზე. მადლობა ღმერთს, ჩვენ გვიწევს საუბარი მხოლოდ საინფორმაციო-პროპაგანდისტულ ომებზე და არა სამოქალაქო დაპირისპირებაზე. კარგია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული მძიმე ურთიერთობა საზოგადოებაზე ნაკლებად აისახება.

არადა, საინფორმაციო-პროპაგანდისტული ომების მწარმოებელი პოლიტიკური ძალები, ეს ოპოზიცისაც ეხება და ხელისუფლებასაც, ცდილობენ მათ შორის დაპირისპირების როგორმე საზოგადოებაში გადატანას.

ვინ უფრო წარმატებულად აწარმოებს ერთმანეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს არჩევნების შედედეგები გვიჩვენებს. მაგრამ, ახლა რაც ჩანს ისაა, რომ უფრო მომგებიან სიტუაციაში ხელისუფლებაა. არა ომის მოგების თვალსაზრისით, არამედ ამ ომის გავლენის თვალსაზრისით საზოგადოებაზე.

ვინ უფრო წარმატებულად აწარმოებს ერთმანეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს, არჩევნების შედეგები გვიჩვენებს. მაგრამ ახლა რაც ჩანს ისაა, რომ უფრო მომგებიან სიტუაციაში ხელისუფლებაა. არა ომის მოგების თვალსაზრისით, არამედ ამ ომის გავლენის თვალსაზრისით საზოგადოებაზე

ყველა არჩევნებში ბოლო ორი კვირა იყო ყველაზე დაძაბული, ახლა ეს დრო ერთ კვირამდეა ჩამოსული. ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე ხელისუფლებამ საკმაო დანაკარგი განიცადა. ვგულისხმობ პოლიტიკურ კაპიტალსა და მხარდაჭერას.

ამ არჩევნების განმასხვავებელ ნიშნად ისიც უნდა მივიჩნიოთ, რომ 2020-ის არჩევნების წინ საკმაოდ მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი, შესაძლოა ამომრჩეველმა გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან მისვლისასაც კი მიიღოს. ბოლო დღეებში განვითარებული პროცესების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი დაკარგა.

2020-ის არჩევნების წინ საკმაოდ მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი, შესაძლოა ამომრჩეველმა გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან მისვლისასაც კი მიიღოს

ხელისუფლებამ ხმები კი დაკარგა, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ხელისუფლების ხმები უფრო წავიდა ოპოზიციის მესამე სექტორში. თუ რამდენაც სწორია ჩემი ამგვარი დაკვირვება, ამას არჩევნების შედეგები გვიჩვენებს.

- ვხედავთ, რომ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც არიან „შიშების“ წყაროები. ვგულისხმობ მათ მიერ წარმოებულ უკვე ნახსენებ საინფორმაციო-პროპაგანტისტულ ომებს.

ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება ხალხის დაშინებას ხან პანდემიით, ხანაც „სააკაშვილის დაბრუნების“ შიშით ცდილობს.

ოპოზიცია კი საზოგადოებას იმით აშინებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში ქვეყანა თუ არ დაინგრევა, ვერ განვითარდება და უძრაობის მორევში ჩაეფლობა.

ისეთი არასრულყოფილი დემოკრატიის ქვეყნაში, როგორიც საქართველოა, შიშით პოლიტიკური პროცესის მართვა არახალია. თქვენი დაკვირვებით, ჩვენს საზოგადოებას რისი შიში უფრო აქვს - პანდემიის, „მიშას დაბრუნების“ თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის?

- დიახ, ჩვენი საზოგადოებისთვის არახალია. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების წინ შიშების გაჩენა ქრონიკულად მოგვდევს საბჭოური პერიოდიდან. 30 წელია საზოგადოებამ ამ ტიპის შიშები ვერ დაძლია.

მე ასე ვიტყოდი, - ახლა საზოგადოებას ალბათ გადაწყვეტილების მიღების შიში უფრო აქვს. საზოგადოებას შიში შესაძლოა იმის გამოც ჰქონდეს, რომ ბევრი თვალსაზრისით გაურკვეველი ვითარებაა.

პანდემიის შიში თუ მიშას დაბრუნების შიში გამოვლინებაა იმ შიშების, რასაც არსებულ ვითარებაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შიში ჰქვია. ასეთი შიშები აჩენს აჯანყების შესაძლებლობას.

ჩვენს საზოგადოებაში მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც პანდემიის შიშიც აქვს, მიშას დაბურების შიშიც და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შიშიც, მაგრამ ჩემი აზრით, საზოგადოების უდიდეს ნაწილს ყველაზე მეტად მაინც არასტაბილურობის ეშინია.

ჩვენს საზოგადოებაში მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც პანდემიის შიშიც აქვს, მიშას დაბრუნების შიშიც და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შიშიც, მაგრამ, ჩემი აზრით, საზოგადოების უდიდეს ნაწილს ყველაზე მეტად მაინც არასტაბილურობის ეშინია

როცა ვამბობ, რომ პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების განწყობები ერთმანეთს მნიშვნელოვნად აცდენილია, იმასაც ვგულოსხმობ, რომ ჩვენი საზოგადოების უმდიდეს ნაწილს ყველაზე მეტად სწორედ ქვეყანაში არასტაბილური ვითარების ეშინია.

დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა ის მოვიდეს. არადა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სწორედ ამგვარი განწყობების ფონზე ხერხდებოდა. ამიტომ, სამწუხაროდ, არ ველოდები, რომ ამ არჩევნებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება.

დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა ის მოვიდეს. არადა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სწორედ ამგვარი განწყობების ფონზე ხერხდებოდა

- მესამე ძალების სასარგებლოდ თქვენმა მსჯელობამ თქვენი „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუ გამახსენა, - „ახლა საზოგადოება იმ დონეზე მაინცაა, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი ერთობლივად ვეღარ შეძლებენ შუის გაკრეფას.“

რაც ჩვენში ჩატარებული არჩევნები მახსენდება, ამომრჩეველი სულ იყო ძლიერი პოლიტიკური ძალების მანიპულაციის სუბიექტი. ახლაც ამ პროცესს ვადევნებთ თვალს. თანაც ვხედავთ, რომ მანიპულაციის ტექნოლოგიები ისეა დახვეწილი, მტყუან-მართლის გარჩევა მარტივი სულაც არაა.

რამდენად გაქვთ იმის იმედი, რომ ამჯერად სააკაშვილი და ივანიშვილი ვერ შეძლებენ შუის გაკრეფას?

- საარჩევნო კოდექსი იძლევა საშუალებას, რომ 1%-იანი ბარიერის პირობებში სხვადასხვა პარტიის სახეები შეიძლება მოხვდნენ პარლამენტში. მათ მიეცემათ პოლიტიკური ტრიბუნა იმისთვის, რომ თავისი თავი მეტად გამოავლინონ და მეტ-ნაკლებად მოემზადონ შემდეგი არჩევნებისთვის. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ახალი პოლიტიკური ფიგურები შეიძლება გაჩდნენ.

გარდა ამისა, იგივე საარჩევნო კოდექსი იძლევა საშუალებას, რომ ორი ძალის - „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ დაპირისპირების ფონზე გაჩნდეს პოლიტიკური სპექტრი ან ძალთა ერთობლიობა გამოიკვეთოს, როგორც ბაზისი მომავალი მესამე ცენტრის შესაქმნელად.

საპრეზიდენტო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ არსებობს საკმაოდ დიდი მასა ადამიანების, რომლებისთვისაც როგორც დღევანდელი, ისე წინა ხელისუფლება მიუღებელია და მას ჯამურად დაახლოებით იმდენივე მხარდამჭერი ჰყავს, როგორც ძირითად პოლიტიკურ ძალებად მიჩნეულ პარტიებს.

თუ სხვადასხვა პარტიებმა ჯამურად 600 ათასზე მეტი ხმა მიიღო ჩავთვლი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ერთი ნაბიჯი გადადგა, როგორც იმ შიშის დასაძლევად, რომელზეც ვისაუბრეთ, ისე პოლიტიკური კულტურის ამაღლების თვალსაზრისით.

თუ სხვადასხვა პარტიებმა ჯამურად 600 ათასზე მეტი ხმა მიიღეს ჩავთვლი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ერთი ნაბიჯი გადადგა როგორც იმ შიშების დასაძლევად, რომელზეცად ვისაუბრეთ, ისე პოლიტიკური კულტურის ამაღლების თვალსაზრისით

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოპოზიციურ ძალებს ჯამურად პარლამენტში მეტი წარმომადგენლობა ჰყავდეს ვიდრე „ქართულ ოცნებას“?

- ჩემი დაკვირვებით, პროპორციულ არჩევნებში მეტ ხმებს მაინც „ქართული ოცნება“ მიიღებს, არ გვულისხმობ, რომ ისინი პროპორციულ არჩევნებში ხმების 50%-ს მიიღებენ. ეს მას მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში აძლევს საშუალებას ორჯერ შეეცადოს მთავრობის ფორმირებას.

იმის გათვალისწინებით თუ როგორ მოძრაობს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, მხედველობაში მაქვს მოძრაობა ოპოზიციიდან ხელისუფლებაში და რამდენად არიან ისინი მიდრეკილი მუდამ იყვნენ ხელისუფლებაში, მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იქნება თუ „ნაცმოძრაობა“, ხელისუფლებას მეტი შანსი აქვს შეინარჩუნოს ძალაუფლება. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება.

ხელისუფლებას მეტი შანსი აქვს შეინარჩუნოს ძალაუფლება

- ბრძანეთ, რომ პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების განწყობები ერთმანეთს აცდენილია.

ხელისუფლება ოპოზიციის „ნაცმოძრაობის“ ფრთას არჩევნების შემდეგ პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარების მზადებაში ადანაშაულებს.

ხალხი ხელისუფლების მიმართ ბევრი რამის გამო გამოთქვამს უკმაყოფილებას, გაბრაზებულიც კია, მაგრამ რამდენადაა ეს განწყობები რევოლუციური, ძნელი სათქმელია.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქუჩაში გამოსული ხალხის ტალღა წალეკავს „ქართულ ოცნებას“. რამდენად იძლევა საზოგადოებაში არსებული განწყობები იმის თქმის საშუალებას, რომ არჩევნების შემდეგ პროცესები შესაძლოა რევოლუციური სცენარით განვითარდეს?

- არჩევნების შემდეგ მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებას პრაქტიკულად გამოვრიცხავ. ალბათ ქუჩაში იქნება გარკვეული ძალების ქუჩაში გამოსვლებიც და საპროტესტო აქციებიც, მაგრამ არა მგონია დღევანდელ საქართველოში შესაძლებელი იყოს დიდი საპროტესტო ტალღის აგორება.

ამის მიზეზი კი სწორედ ის იქნება, რომ პოლიტიკური კლასისა და საზოგადოების განწყობები, ხედვები და შეფასებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ასეა მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვნახეთ „ნაცმოძრაობას“, საკმაოდ ხალხმრავალი მხარდამჭერების აქციები ჰქონდა აჭარასა და ზუგდიდში. ეს ნაწილობრივ ქმნის ილუზიას, რომ ასე დუღს მთელი საქართველო, მაგრამ რეალურად ასე არაა.

როგორც ვთქვი, საზოგადოების უდიდეს ნაწილს არც ხელისუფლება მოსწონს და არც ოპოზიცია, მაგრამ ხელისუფლების ცვლილებას საზოგადოებაში კიდევ სხვა მუხტი და ენერგია სჭირდება.

საზოგადოების უდიდეს ნაწილს არც ხელისუფლება მოსწონს და არც ოპოზიცია, მაგრამ ხელისუფლების ცვლილებას საზოგადოებაში კიდევ სხვა მუხტი და ენერგია სჭირდება

ხელისუფლების ცვლილების სასარგებლოდ მუშაობს გამძვინვარებული პანდემია, რეგიონებში არსებული ვითარება. თუ არჩევნები ნორმალურად ჩატარდება, არ იქნება კატასტროფული დარღვევები, მაშინ არჩევნების შემდეგ პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებას გამოვრიცხავ. ასეთ შემთხვევაში არა მგონია ქუჩის აქციებს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაუჭირონ მხარი.

ვიმეორებ, მცირე ზომის საპროტესტო ქუჩის აქციებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვფიქრობ ამით დასრულდება ქუჩის პროცესები.

- გაქვთ იმის განცდა, რომ მოახლოებული არჩევნები მინიმალური სტანდარტებით მაინც ჩატარდება?

- წესით და რიგით ხელისუფლებას ყველაზე მეტად არჩევნების მინიმალური სტანდარტებით მაინც ჩატარება უნდა უნდოდეს. მიუხედავად ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ზოგადი კრიტიკული დამოკიდებულებისა, ხელისუფლებას მის სასარგებლოდ არჩევნების ჩატარება მაინც საკმაოდ კარგ პირობებში უწევს.

ამიტომ იყო, რომ პანდემიის გამძვინვარების პირობებში ხელისუფლება შეზღუდვების გამკაცრებაზე არ წავიდა. დარღვევები წელსაც საკმაოდ იყო, მაგრამ არა ისეთი, რაც წინა წლებში გვახსოვს. მხედველობაში მაქვს რევოლუციური ვითარების წინა პერიოდებში ქვების სროლა, მასობრივი შეხლა-შემოხლები და ასე შემდეგ. ჯერჯერობით რა დარღვევებზეცაა ახლა საუბარი, არ იძლევა იმის თქმის საშველებას ხელისუფლება არჩევნების დღეს ზღვარს გადავა.

ჯერჯერობით რა დარღვევებზეცაა ახლა საუბარი, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლება არჩევნების დღეს ზღვარს გადავა

ხელისუფლებას აქვს თავისი ბერკეტები, რა თქმა უნდა, იგი ყველა ბერკეტს, მათ შორის პანდემისაც, გამოიყენებს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ იგი დასაშვებ ზღვარს არ გადავა და მაქსიმალურად იმოქმედებს კანონის ფარგლებში.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა