ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსისგან დაცვისთვის ყველაზე ეფექტიანი ორ ან სამშრიანი სამედიცინო პირბადეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ყოველდღიური მოხმარების პირბადეებს შორის კორონავირუსისგან დაცვისთვის ყველაზე ეფექტიანი ორ ან სამშრიან სამედიცინო პირბადეა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ რომელი პირბადე უფრო გვიცავს - სამედიცინო თუ ნაჭრის, ზახაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი შრისგან შედგება პირბადე და ამასთან, ნიღბის მოხმარებას სხვა პრევენციული ღონისძიებებიც უნდა ახლდეს თან.

„დღეისთვის მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის ყველაზე უფრო ეფექტურია სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი, შემდეგი ეფექტურობით გამოირჩევა ორშრიანი სამედიცინო ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი შრისგან შედგება, რაც მეტი შრისგან შედგება, ალბათობა, რომ შეაკავებს ვირუსს, მეტია. გვახსოვდეს, რომ მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი ვერ იქნება პრევენციის გარანტი. თან უნდა ახლდეს რამდენიმე სწორი ქმედება, ეს არის სწორად რისკის შეფასება, სად იმყოფებით, ნიღაბის სწორად ტარება, დისტანციის დაცვა და იმ გარემოს ვენტილაცია, სადაც იმყოფებით“,- განაცხადა ზახაშვილმა.

გარდა ამისა, ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, როგორ უნდა მოვიხმაროთ პირბადე სწორად, რომ მას ვირუსისგან დაცვის ეფექტი ჰქონდეს. მისი თქმით, სამედიცინო პირბადე ერთჯერადია და გარეცხვას და ხელმეორედ მოხმარებას არ ექვემდებარება,

„დღესაც ხშირად ვამჩნევ, რომ ნიღაბი ზოგს უკეთია, მაგრამ ფორმალურად. ყოველგვარ ეფექტს მოკლებულია ნიღაბი, რომელიც არასწორადაა სახეზე მორგებული, არ იცავს ცხვირს და პირს მთლიანად. ყველაფერს თავისი წესი აქვს. საზოგადოებაში დამკვიდრებულია არასწორი წარმოდგენა, რომ ჯანმრთელ ადამიანებს სამედიცინო ნიღაბი უნდა ეკეთოს უკუღმა - ანუ ღია ფერი გარეთ და მუქი ფერი შიგნით. გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე, რომელიც ორფერიანია, მუქი ფერით გარეთ უნდა გეკეთოთ, ეს არის წვეთების ამრეკლი შრე, ხოლო შიდა ფენა არის შემწოვი, რომელიც თქვენგან გამოტყორცილ წვეთებს შეაკავებს. სამედიცინო ნიღბები არის ერთჯერადი და ის არ ექვემდებარება გარეცხვას, გაუთოვებას და მეორედ გამოყენებას. მისი მოხმარების ხანგრძლივობა შემოიფარგლება იმ დროით, სანამ ეს ნიღაბი არ დაინესტება. შეიძლება დანესტვა დადგეს ძალიან ჩქარა ან გახანგრძლივდეს მაქსიმუმ ხუთ საათამდე“,- განაცხადა ზახაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: რომელი პირბადე გვიცავს ყველაზე ეფექტურად კორონავირუსისგან? - ხათუნა ზახაშვილი განმარტებას აკეთებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო