ნიკა მელია - რევანშის დრო ნამდვილად არ გვაქვს, ჩვენ არ მოვდივართ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ვიღაცას ვსდიოთ - დასაჭერად, დასაკავებლად, ანგარიშსწორებისთვის

„არჩევნების დღეს ვინმე თუ გაყალბებას ეცდება, იგი იქნება მხილებული და მას ვერც ქართველი ხალხის რისხვა აცდება და ვერც მართლმსაჯულების სუსხიანი ხელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მან ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ და ასევე მიმართა საჯარო მოხელეებს განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში. მელიას თქმით, მათ „საკუთარ მომავალზე უნდა იფიქრონ“.

„როგორც არასოდეს, ერთ მუშტად ვართ შეკრული ქართველი ერი და წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველს, გულახდილად ვუსურვებ წარმატებას, რადგან დღეს ყველა მოკავშირეები ვართ. ყველა პარტიას თავისი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და ეს უკვე ხდება.

ვფიქრობ, 2012 წელზე მაღალი აქტივობა იქნება, მინიმუმ, არანაკლები. ყველა საჯარო მოხელეს მივმართავ, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში - პროკურორებს, პოლიციის უფროსებს: ხალხნო, თქვენი ბედი ახლა არის ხალხის ხელში. ხელი არ წაგიცდეთ, იყავით მშვიდად, დაელოდეთ საარჩევნო შედეგების გამოცხადებას საღამოს 8 საათზე და იფიქრეთ საკუთარ მომავალზე; არ გქონდეთ განცდა, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი იქნება და იქნება, ეს განცდა თქვენ რატომღაც გქონდათ, პოლიციის უფროსებს მივმართავ განსაკუთრებით“, - აღნიშნა მელიამ.

მისი თქმით, დღეს ეს ყველაფერი სრულდება და მოხელეები სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდნენ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში რევანშისთვის არ მოდის და ბევრ ადამიანს ბევრი რამ შეიძლება, ეპატიოს.

„საქართველოს სახელმწიფო ეკუთვნის ხალხს და არა ბატონ კობახიძეს, ბატონ მდინარაძეს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, თქვენზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ, რამდენად პრობლემას შეუქმნით საკუთარ თავს მომავალში. არანაირი რევანში არ იქნება, არანაირი ანგარიშსწორება არ იქნება, თუ არჩევნების დღეს მოიქცევით ისე, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა იქცეოდნენ მაღალი თანამდებობის პირები. მე შემიძლია გითხრათ ჩემი გუნდის სახელით, რომ თუ არ გაქვთ უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი, ყველა ადამიანს ძალიან ბევრი რამ ეპატიება, რადგან რევანშის დრო ნამდვილად არ გვაქვს, ჩვენ არ მოვდივართ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ვიღაცას ვსდიოთ - დასაჭერად, დასაკავებლად, ანგარიშსწორებისთვის. ამისთვის არც დრო გვაქვს, არც ხალისი, ამისთვის ჩვენ არ გვიბრძოლია, უბრალოდ, გამონაკლისი იქნება ვინ და რა შემთხვევა - კონკრეტულად არჩევნების დღეს ადამიანი თუ ეცდება არჩევნების გაყალბებას რომელიმე ცალკე აღებულ საარჩევნო უბანზე და იგი იქნება მხილებული, ამ შემთხვევაში ამ ადამიანს ვერც ქართველი ხალხის რისხვა აცდება და ვერც მართლმსაჯულების სუსხიანი ხელი“, - განაცხადა ნიკა მელიამ მედიასთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა