გრიგოლ ვაშაძე - მინდა მივმართო თამარ ჟვანიას და ოპონენტებს, ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუსტეში ნუ გერევათ - დაჯდეს შედეგები, რომელიც მართლა იყო არჩევნებზე​

კატეგორიულად მოვითხოვ, დაჯდეს ის შედეგები, რომელიც მართლა იყო ამ არჩევნებზე და ყველა გაუქმებული ბიულეტენი გასაჯაროვდეს, რომ ყველამ თავის თვალით ნახოს რა ხდება კერძოდ ქუთაისში და დანარჩენ ოლქებში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ცესკო-მ ოქმების ატვირთვის ყველა ვადას გადააცილა.

„აბსოლუტური კლოუნადის მომსწრეები ვართ. დღეს, მთელი დღე ქუთაისში ამომრჩეველიც, ვინც მონაწილეობას ვიღებთ არჩევნებში და ჟურნალისტებიც, გაკვირვებით ვუყურებდით, რომ ასე თუ ისე ეს არჩევნები ნორმალურად მიდიოდა. თურმე, რას ამბობ, ყველაფერი მომზადებული იყო, რომ 2018 წლისმაგვარი ოპერაცია გაემეორებინათ და კიდევ ერთხელ მოეპარათ საქართველოს მოქალაქისთვის ის არჩევანი, რომელიც მან გააკეთა.

ცეკსკო-მ გადააცილა ყველა ვადას, როდესაც ოქმები ატვირთული უნდა ყოფილიყო და შედეგები გაცხადებულიყო. ქუთაისში, ჩვენს მოგებულ უბნებზე ერთბაშად გაფუჭდა ყველა ქსეროქსი და თავმჯდომარეებს ერთბაშად მოუნდათ მეჩვიდმეტედ ოქმების გადათვლა. 47 ბიულეტენია გაუქმებული ზოგიერთ უბანზე და რა თქმა უნდა, ყველაზე ხუთი ნომერია შემოხაზული. აღმაშფოთებელია, რასაც აკეთებენ. აბსოლუტურად მიაფურთხეს საქართველოს მოქალაქის ღირსებას.

მინდა მივმართო ცესკო-ს, პირადად ქალბატონ თამარ ჟვანიას და ოპონენტებს - მეგობრებო, ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუტეში ნუ გერევათ. იმის გამო, რომ ვალდებულებას ვგრძნობთ ამ სახელმწიფოს წინაშე, 2018 წელს გადავყლაპეთ ყველაფერი და თავის შევიკავეთ. ისე ნუ გააკეთებთ, რომ ჩვენ ყველაფერზე უარი ვთქვათ და თქვენ ხალხმა კაბინეტებიდან ფეხებით გამოგათრიონ. შეიძლება, რომ თქვენს მთავარ არხზე, საიდანაც გამარჯვების ემოციები მოდიოდა, ფილმი გადიოდეს და თქვენმა ყველა სპიკერმა ენა ჩაიწყვიტოს? ქართველები გინდათ მაგით მოატყუოთ? რასაც თქვენ აკეთებთ, სისხლის სამართლის საქმეა. კატეგორიულად მოვითხოვ, დაჯდეს ის შედეგები, რომელიც მართლა იყო ამ არჩევნებზე და ყველა გაუქმებული ბიულეტენი გასაჯაროვდეს, რომ ყველამ თავის თვალით ნახოს რა ხდება, კერძოდ, ქუთაისში და დანარჩენ ოლქებში. ისე ნუ იზამთ, რომ ეს გამაფრთხილებელი ბრიფინგი, ბოლო გახდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა