NDI - ოქმებში ხარვეზებმა, უბნებზე ან მის გარეთ შესაძლო დაშინების თაობაზე ინფორმაციამ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გადაფარა

შედეგების ოქმებში ხარვეზებმა, საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ შესაძლო დაშინების თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუდმივმა განცდამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკანონმდებლო ბაზის და ადმინისტრაციული პროცედურების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გადაფარა, - ამის შესახებ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI-ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე თქმით, პირველი ტურის შედეგების შეჯამებისა და 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურისთვის მზადების ფონზე, არჩევნების პროცესში გაჩენილი ეჭვების საპასუხოდ, ასევე საარჩევნო პროცესისა და საბოლოო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის გასაზრდელად, მთავრობის ლიდერებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას საგანგებო ნაბიჯების გადადგმა დასჭირდებათ.

„არჩევნების დღეს ხმის მიცემა, ძირითადად, კანონით დადგენილი წესების შესაბამისად მიმდინარეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა აქტივობამ 56.11 პროცენტი შეადგინა. პროპორციული სისტემით ცხრა პარტიამ გადალახა დადგენილი ზღვარი, 30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება. თუმცა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელთა ჯგუფებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვეს შედეგების ოქმებთან და ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებულ დარღვევებს. მათ დააფიქსირეს საარჩევნო უბნებს გარეთ ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტები, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ხმების გაყალბების სავარაუდო შემთხვევები და საარჩევნო უბნების უმეტესობის გარეთ პარტიული კოორდინატორების და აქტივისტების ყოფნა, რაც დაშინების გარემოს ქმნიდა. არჩევნების დღის შემდეგ ოპოზიციურმა აქტივისტებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს, ბევრი მათგანი ხმების გადათვლას, ან შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების გამართვას ითხოვს. მთლიანობაში სამართლებრივმა ჩარჩომ არჩევნების ჩატარებისთვის მყარი საფუძველი შექმნა.

NDI-სთან საუბრისას, ჩართული მხარეების უმრავლესობა პოზიტიურად აფასებდა ივნისსა და ივლისში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საკანონმდებლო რეფორმებს, ამავე დროს აღნიშნავდნენ, რომ რიგი საკითხები გამოწვევად რჩებოდა. წინასაარჩევნო პროცედურების ადმინისტრირება ზოგადად შეფასდა როგორც კომპეტენტური, კანონთან შესაბამისი და გამჭვირვალე, თუმცა, პარტიული ნიშნით მიკერძოებულობა, განსაკუთრებით ქვედა დონის კომისიებში, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუდმივი კრიტიკის საგანი იყო. მხარეების უმრავლესობამ, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისთვის მიღებული ზომები პოზიტიურად შეაფასა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებული დაბალი საზოგადოებრივი ნდობა სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების მხრიდან საარჩევნო საჩივრების და გასაჩივრების პროცესების მიმართ უნდობლობას განაპირობებდა.

„მმართველ „ქართულ ოცნებას“ ფინანსური რესურსების დიდი უპირატესობა ჰქონდა, რაც კამპანიისა და პარტიის დაფინანსების სისტემის სამართლიანობის შესახებ არსებულ წუხილებს აძლიერებდა. მართალია კამპანია ღია და პლურალისტური იყო, თუმცა არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად დაძაბულობამ და თავდასხმების შემთხვევებმა იმატა. პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და მედია გამოცემებმა კამპანიის პერიოდში ძალადობის და დაშინების მრავალი შემთხვევა დააფიქსირეს. ვრცელდებოდა ბრალდებები სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ. ასევე, საკმაოდ ხშირი იყო ცნობები ამომრჩეველთა მოსყიდვის თაობაზე. საარჩევნო სისტემაში ცვლილებებმა ხელი შეუწყო არჩევნებში ახალი პარტიების მონაწილეობას, რომელთაგანაც რამდენიმემ საპარლამენტო მანდატები მოიპოვა. თუმცა, მედიის პოლარიზაციის გამო პარტიებს სატელევიზიო გაშუქებაზე არათანაბარი წვდომა ჰქონდათ. კამპანიის გზავნილები კონსტრუქციულ და განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვებსა და გადაწყვეტილებებზე მეტად ოპონენტის კრიტიკაზე იყო ორიენტირებული. რაც შეეხება პანდემიას, მას კამპანიის სტრატეგიებზე მოსალოდნელზე ნაკლები გავლენა ჰქონდა. საქართველომ პოლიტიკაში მეტი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზვიად კირტავა - მთავარი მიზანი მაინც არის ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტა და შემთხვევების შემცირება, ამის მიღწევის გარეშე საწოლების და პერსონალის კიდევ გაზრდაც ვერ აგვაცილებს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან "მოედანი"
ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის