NDI - ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა განიხილოს საჩივრები, ხელახლა დაითვალოს ხმები და განმეორებით დანიშნოს არჩევნები, სადაც საჭიროა

ამ ეტაპზე იმას ვიტყოდით,რომ მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა,- ამის შესახებ „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა გამოძებული იყოს ძალადობისა და დაშინების შესახებ გავრცელებული ცნობები და კანონის სრული ძალით გასამართლდნენ მისი დამრღვევები.

ალან გილამის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

„ამ ეტაპზე, ვფიქრობ, 21 ნოემბერს მეორე რაუნდის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ ბევრი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ არჩევნების მიმართ, საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს.

"ენ-დი-აის" გადმოსახედიდან, რაც ჩვენს ანგარიშში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციად შევიყვანეთ ისაა, რომ ყველა მონაწილე მხარემ უნდა გაწიოს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისკენ, შექმნას მშვიდობიანი გარემო და ფოკუსირება მოახდინოს 21 ნოემბერს დანიშნულ მეორე ტურზე. პარტიებმა და კანდიდატებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ დაასაბუთონ საჩივრები, საარჩევნო დარღვევები თუ სახელწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა და ძალადობა, და ამის გამოსასწორებლად ლეგალური პროცედურები გამოიყენონ", - აცხადებს ალან გილამი.

მისივე თქმით, სანამ ცნობილი არ იქნება საჩივრების განხილვის პროცესის შედეგი, ნაადრევია იმის თქმა, უნდა გაუქმდეს თუ არა ამ არჩევნების ნებისმიერი ნაწილი.

„შემდეგი გამოცდა მეორე ტურია, რომელიც უნდა გაიმართოს მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან გარემოში და შიშისა და დაშინების გარეშე. მთავრობამ და საარჩევნო უწყებების ოფიციალურმა პირებმა დაუყოვნებელი და მდგრადი ნაბიჯები უნდა გადადგან იმის საჩვენებლად, რომ ამომრჩევლის ნებას პატივს სცემენ“, - აცხადებს ალან გილამი, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა