თენგიზ ცერცვაძე - პოლიტიკურ პროცესებს ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ დაიცვან ელემენტარული რეგულაციები

ვინც ნიღაბს არ იკეთებს, ის შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს და გავრცელდეს ,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის კლინიცისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, რითაც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში ვერ შეჩერდება, ამიტომ მოსახლეობამ საპროტესტო აქციებზე რეკომენდაციები უნდა დაიცვას.

"პოლიტიკურ პროცესებს ვერ შევაჩერებთ. კარგია, ქვეყანაში სიმშვიდე ყოფილიყო და არა აქციების საჭიროება, მაგრამ რადგან არის მოსახლეობის ნაწილის სოციალური დაკვეთა რომ აქციები უნდა ჩატარდეს, პოლიტიკურ პროცესებს ვერ შევუშლით ხელს, მაგრამ დაიცვან ელემენტარული რეგულაციები. ვინ დამარწმუნებს, რომ იგივე აქციაზე ყველამ რომ გაიკეთოს ნიღაბი, ამით შესუსტდება პროტესტის გამოხატვის ფორმა, ან ნაკლებად დამაჯერებელი იქნება ამომრჩევლისთვის, ან ნაკლებ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ნიღაბი არაფერს არ გააფუჭებს. ვინც ნიღაბს არ იკეთებს, მე ვიტყოდი რომ ის შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს და გავრცელდეს, ის უბრალოდ, არ დაფიქრებულა, რომ ხვალ შეიძლება თვითონ იყოს ამის მსხვერპლი", - განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე დასძენს, რომ სამედიცინო სექტორი ყველაფერს აკეთებს რათა კორონავირუსით ინფიცირებულების გარდაცვალების მაჩვენებელი ქვეყანაში დაბალი იყოს.

"ნუ ვიმოქმედებთ იმ პრინციპით, რომ "შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს" ჩვენი ექიმები და კლინიკური სექტორი 7/24 რეჟიმში ყველაფერს აკეთებს, რომ გარდაცვალება მინიმალური იყოს. ამას ჯერჯერობით ვახერხებთ", - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის მასშტაბით აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები ცესკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა