საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია - საქართველოს ხელისუფლების დროულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა ღონისძიებებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენები

საქართველოს ხელისუფლების დროულმა ღონისძიებებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენები, -საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ასე შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებულ პრესრელიზში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური ნაბიჯები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

მათი ინფორმაციით, სსფ-ის მისია აღნიშნავს, რომ გლობალურ პანდემიამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა. როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, მისია ასევე მიუთითებს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულმა მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა, შეენარჩუნებინა ფისკალური სექტორის მდგრადობა.

„სსფ-ის მისიის შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით, 5.3%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. ფონდის მისია აღნიშნავს, რომ ზრდას ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები და მდგრადი სტრუქტურული რეფორმები, რაც, თავის მხრივ, გაზრდის პროდუქტიულობას და კერძო სექტორით განპირობებულ ზრდას შეუწყობს ხელს.

სსფ-ის მისის პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა მომავალ წელს განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს. წინა, 5%-იანი ზრდის პროგნოზის შეცვლის მიზეზად, ფონდის მიერ აღნიშნულია რეგიონული დაძაბულობა და პანდემიური მოვლენების გამძაფრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული მოლოდინების ზრდას და განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივას, მომავალში პოზიტიური გავლენა ექნება 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე.

პრესრელიზში ხაზგასმულია საბიუჯეტო პოლიტიკის მართებულობა. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის თანაბარზომიერმა შესრულებამ, ხელი შეუწყო სახელმწიფო ინვესტიციების და დღგ-ს დაბრუნების დაჩქარებას. შედეგად, 2020 წელს ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 8.7 პროცენტზეა პროგნოზირებული.

„2021 წლის ბიუჯეტი მართებულად აგრძელებს ეკონომიკური აქტივობის სათანადო მხარდაჭერას და ამასთან, ფისკალური კონსოლიდაციის საფუძველს ქმნის,“ - აღნიშნულია პრესრელიზში.

სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას, შეინარჩუნოს ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში.

„სსფ-ის მისია აღნიშნავს, რომ პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად, კვლავაც მნიშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ შეინარჩუნა რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და წელსაც განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მიესალმება მთავრობის მიერ დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირებისა და ფისკალური რისკების მონიტორინგის გაუმჯობესების შემდგომ ნაბიჯებს. განსაკუთრებით, აღნიშნავს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობას, რომლის განხორციელებაც საჯარო სექტორისთვის შექმნის უფრო ეფექტურ პირობებს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

სსფ-ის მისია დადებითად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომელიც მთავრობამ გადადგა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის. „ღონისძიებებმა, როგორიცაა: სახელფასო სუბსიდიები, ფულადი ტრანსფერები შინამეურნეობებისთვის, მათ შორის, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვის, გაფართოებული სოციალური ტრანსფერები, დროებითი საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის, ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას“, - წერს ფონდის მისია.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის პარტნიორს - საერთაშორისო სავალუტო ფონდს თანამშრომლობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უწევს ქვეყანას როგორც პანდემიის შედეგების შემსუბუქების, ისე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ ვირტუალურ ფორმატში მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით იმუშავა მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე დამტკიცების შემდეგ, საქართველო დამატებით მიიღებს, დაახლოებით, 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა