სერგი კაპანაძე - გიორგი გახარიას განცხადებას, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები და არ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებად

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ამ განცხადებებს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები და არ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებებად.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, დიალოგის ინიციატორები თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლები არიან და დიალოგი უნდა იყოს კონკრეტულ თემაზე, ახალ არჩევნებზე.

„გახარიას განცხადებას უნდა მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები და საქმე და არ უნდა დარჩეს მარტო სადღეგრძელოდ, როგორც ხშირად გვსმენია ხოლმე გახარიასგან და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისაგან. მოწოდება დიალოგზე იყო ოპოზიციის მხრიდან და ახლა მესმის, რომ გახარიას, კალაძეს და სხვებს უნდათ, ისე წარმოაჩინონ, რომ თვითონ არიან ამ დიალოგის ინიციატორები. 8 ნოემბერსვე, დიდ მიტინგზე, ოპოზიციამ დააყენა ასე საკითხი, რომ კონკრეტულ თემაზე, შემდგარიყო დიალოგი ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და ჯერ კიდევ ველით კონკრეტულ ნაბიჯებს.

ამიტომ, თუ გახარიას მართლა გულწრფელად ჰგონია, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის დიალოგი, ეს ადვილად გამოჩნდება თუ ისინი წამოვლენ დიალოგზე და ამ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც არის შექმნილი, განმუხტავს ამ დიალოგში მონაწილეობით და კონკრეტულ შეთანხმებებზე წამოსვლით. მანამდე ამ განცხადებებს და ამ სიტყვებს ფასი არ აქვს, ისევე როგორც ბევრ სხვა განცხადებას და სიტყვას, რომლებსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ლიდერები ისვრიან ხოლმე,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა