რომან გოცირიძე - გრიგოლ ვაშაძის მოსაზრება იყო გუშინდელი შეხვედრის დამაჩქარებელი, კატალიზატორი - მასზე არაობიექტური თავდასხმა განხორციელდა

გრიგოლ ვაშაძეზე არაობიექტური თავდასხმა განხორციელდა - გუშინ გამართულ შეხვედრამდე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ყველა წამყვანი პარტია ხვდებოდა, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

გოცირიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გაუკვირდათ ოპოზიციურ პარტიებს, როდესაც ვაშაძემ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ელჩებთან დღეში სამჯერ საუბრობს.

“რატომღაც ზოგიერთს გაუკვირდა, რატომ ელაპარაკება თურმე გრიგოლ ვაშაძე ელჩებს. თითქოს იყო შენიშვნები, თუ რატომ საუბრობს ოპოზიციის და პარტიების სახელით. მას არ განუცხადებია, რომ ოპოზიციის სახელით საუბრობს. ელჩებთან სხვებიც საუბრობენ საკუთარი პარტიის სახელით. არაერთი შეხვედრა ყოფილა და ეს საიდუმლო არ არის. პარტიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ, რაც მათი უფლებაა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ის რაც გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების თაობაზე განაცხადა, მოხდა გუშინ, როცა ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას“ არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გააცნო. გოცირიძე არ ეთანხმება შეფასებას, რომ გრიგოლ ვაშაძე ცალკეულ პოლიტიკოსზე, მათ შორის საკუთარი გუნდის წევრებზე შესაძლოა ნაწყენი იყოს.

„ეს არ არის პერსონალური გაბრაზების საკითხი. რაც ვაშაძემ თქვა, იმ სცენარით ხომ მიდის პროცესები? მისი პოზიცია მარტივია - მოდით, დავსხდეთ და ვუთხრათ ჩვენი შეხედულებები ხელისუფლებას არა მიტინგიდან, პრესიდან და სხვადასხვა სახის განცხადებების ფორმით, არამედ გადავიყვანოთ მაგიდასთან, სადაც ფასილიტატორები იქნებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენ გვინახავს მათ მიერ მიღწეული შედეგები. აი, ეს არის - მოდით, დავსხდეთ და ვუთხრათ და ასევე გვითხრას ხელისუფლების მხარემ, რა მოსაზრებები აქვთ, რა დათმობებზე მოდიან და ეთანხმებიან თუ არა ოპოზიციის მოთხოვნებს. რატომ უნდა იყოს ნაწყენი? მან თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატა და მეორე დღესვე ის მოხდა, რასაც თავად სთავაზობდა ოპოზიციას, ხელისუფლებას და ითხოვდა პარტნიორების ჩართვას. ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღესვე გონება გაუნათდათ ელჩებს და დანიშნეს ეს შეხვედრა, ბუნებრივია, მოსამზადებელი პროცესები მიდიოდა, მაგრამ მაინცდამაინც მეორე დღეს რომ დაინიშნა, შეიძლება სულაც არ იყო შემთხვევითობა. ყოველ შემთხვევაში, წინა დღით არ ვიცოდით, რომ ეს შეხვედრა მოხდებოდა... ბატონი გრიგოლის აზრი იყო მოვლენების დამაჩქარებელი, კატალიზატორი“, - აღნიშნა გოცირიძემ.

გარდა ამისა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არ ადასტურებს, რომ უშუალოდ პარტიაში დაპირისპირებაა.

„ეს ხელისუფლების სურვილია, რომ შექმნას ეჭვები და შეიტანოს განხეთქილების ელემენტები ოპოზიციურ ფლანგზე, მაგრამ ეს არ არის მათი მხრიდან სერიოზული მცდელობა, რადგან ოპოზიცია როგორც არასდროს არის ერთიანი. იმდენი განსხვავებული აზრი გამომითქვამს, ვიღაც რომ საჯაროდ გამოსულიყო, შეიძლება ეთქვა, რომ ეს არის დაპირისპირება. პარტიაში განსხვავებული აზრის ქონა ეს არის ბუნებრივი მოვლენა და ნებისმიერი განსხვავებული აზრის გარეთ გამოტანა ან საჯაროდ მოსმენა არ ნიშნავს, რომ პარტიაში არის დაპირისპირება“, - აღნიშნა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა