სტოკჰოლმში პოეტ დათო მაღრაძის ახალი პოემის “ ბარაქიანი მიწის” შვედური თარგმანი გამოვა

საშობაოდ სტოკჰოლმში პოეტ დათო მაღრაძის ახალი პოემის “ ბარაქიანი მიწის” შვედური თარგმანი გამოვა.

გთავაზობთ აღნიშნული გამოცემის წინასიტყვაობას, რომელიც ცნობილ შვედ პოეტ კრისტიან კარლსონს ეკუთვნის.

„აქ ევროპული გამოცდილება ქართული თვალსაწიერიდანაა დანახული. არის ამ გამოცდილებაში რაღაც საგულისხმო და მნიშვნელოვანი. კერძოდ, ის, რომ იგი ხალხებს საშუალებას აძლევს დაახლოვდნენ ბრძოლაში, რომელიც გარდასულ დროთა კულტურული ნიშანსვეტების დაცვას გულისხმობს. პოეტი დათო მაღრაძე ელიოტის უნაყოფო მიწაზე თავის ბაღს აშენებს და ამას აკეთებს ვოლტერის კანდიდისთვის დამახასიათებელი ორაზროვნებით. ბარაქიან მიწაზე გადის გზა ბავშვობისაკენ. ამ გზაზე მოჩანს კულტურული ხატები და მათი აღმსარებელნი. ზოგჯერ ყველაფერი იმსხვრევა, ზოგჯერ კი ღირებულება ზეობს - დარღვეულია წონასწორობის ცენტრი. ყველაფერი შეიძლება გაქრეს მსოფლიო ბაზრიდან ისე, რომ შუა გზამდეც ვერ მიაღწიოს. ზოგჯერ კი შეიძლება ყველაფერი გაიოლდეს. აი, მაგალითად, ისე, როგორც ქართველი ნაივისტის, ფიროსმანის ფერწერა გამოდის თავისი ფოლკლორულად პასიური რეგიონალიზმიდან და მილიონობით დოლარს ატრიალებს მსოფლიოს აუქციონებზე. და ეს მაშინ, როდესაც სამყაროს შეძენა შესაძლებელია "ერთ გროშად". დიახ, სამყარო გაუფასურდა, რადგან ადამიანი აღარ ცდილობს ფასეულობათა შენარჩუნებას. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია ერთეულთა თავგანწირული მცდელობა, როგორმე სამყაროს ნატეხები მაინც გადავარჩინოთ. სიკვდილ-სიცოცხლის დილემა წარმოშობს უსაფრთხოების ცრუ განცდას. ხელისუფლებები ერთმანეთს ცვლიან, მაგრამ გადაწყვეტილებები იგივე რჩება, მიუხედავად იმისა, სჯერათ ეს თუ არა მოქალაქეებს. ის, ვინც იწყებს ბრძოლას თავისი საქმისთვის, გაიგებს რა ფასი აქვს ცხოვრებას.

ნემსის ყუნწი არ არის მხოლოდ ხვრელი აქლემის გასათრევად; ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ მხოლოდ ფიზიკის კანონების რუტინასთან გვექნებოდა საქმე. მაღრაძე დგას "ნემსის ყუნწის ტრიუმფალურ თაღთან" და ჩვენ ვფიქრობთ, საჭიროა მასში გავლა, თუ მისი ტრიუმფატორული ღიობის დანახვაც საკმარისია? შესაძლოა, ეს იყოს უზენაესი სიმბოლო და მინიშნება, რომ გზა ღირს ძალისხმევად და ამოცანა, სავარაუდოდ, მდგომარეობს იმაში, რომ მიზანი დავინახოთ. მკვდარი ნიადაგი ხეებში სიცოცხლეს აღვიძებს. პოეზიის ფერფლი მკვდრებში აღადგენს სიცოცხლეს. ჩვენი მეხსიერება ყოველთვის განწირულია საიმისოდ, რათა იყოს უფრო ხანმოკლე, ვიდრე ისტორია. კულტურა იცვლება, ახალი როლები ყალიბდება - ჩვენ გამარჯვებულებს შევყურებთ, მაგრამ დათო მაღრაძეს ჰამლეტი აჰყავს “წაგებულთა შტაბის" ავანსცენაზე. მეორე მხრივ, ჰამლეტის გამარჯვება ის არის, რომ გადარჩა, დრომ ვერაფერი დააკლო. ერთი შეხედვით, ასე ჩანს, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ მხოლოდ შექსპირია გამარჯვებული? მაშინ, როდესაც დასავლეთი, ევროპა ცალმხრივი ეგზოტიკით იყო გადარეული, ქართული პოეზია თავისი სისხლის მიმოქცევის სისტემაში სტაბილურად ინარჩუნებდა ოთხ მიმართულებას . უთუოდ გეოგრაფიული მდებარეობაც თამაშობდა მნიშვნელოვან როლს. თბილისის გარეთ მდებარე ავტომაგისტრალის საგზაო ნიშნებზე მითითებულია არცთუ დიდი მანძილი თეირანამდე. საბჭოთა კავშირისთვის საქართველო იყო პოპულარული ტურისტულ-სამოგზაურო ადგილი.

საინტერესო დიქოტომიაა: უნაყოფო მიწის ნაყოფიერი ალტერნატივა ლანდშაფტში, თუმცა არა პოლიტიკაში. ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამ პოეტური ტრადიცია ვერტიკალური რეგისტრით გააფართოვა. მთები და ხეობები. მაღლობები და დაბლობები. მოდარაჯე მზერა ზემოდან, უზენაესი სიმაღლიდან. მაღრაძე ღმერთსაც კი იცავს, ანუ თავდებად უდგება სუბიექტს, რომელიც მძევლად ჰყავთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ ხელისუფლებას და მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქიას. გწამდეს, ადვილია,- ამბობს პოეტი, მაგრამ რომ გწამდეს, რწმენა გჭირდება. მაშინ პოეზიაც უზენაესი ძალა ხდება: სიტყვის ენერგია ქმნის ლექსს. ზიარების საიდუმლოს მსგავსად, ლექსი გარდასახავს ლექსიკურ შემთხვევითობებს.

,,ბარაქიანი მიწა“ ავტობიოგრაფიულ მონაკვეთებში ხალხის ბიოგრაფია ხდება. პოეტი ატარებს ქვეყნის ეკლის გვირგვინს. როგორც ქვეყანა, პოეზიაც დაფუძნებულია ისტორიასა და ინდივიდზე. მაგრამ არც პოეტს შეუძლია შეცვალოს სამყაროს წესი და იცხოვროს სხვათა სიცოცხლით. რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება, ასეთია ცხოვრების დიალექტიკა: სიკვდილი სამუდამოდ ბეჭედს უსვამს და აგვირგვინებს პოეზიის იერარქიას“, - წერს კრისტიან კარლსონი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს