IRI-ს ევრაზიის დირექტორი - საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორის სტივენ ნიქსის თქმით, საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა.

მისივე თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა.

გარდა ამისა, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც , მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე.

„დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება და შედეგების მართვის პროცესი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო. არჩევნები შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს დაცვით, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩატარდა. თუმცა, პროცედურული კუთხით, შედეგების შეჯამების გაუმართავმა სისტემამ, რაც შესაძლო მანიპულაციის ეჭვს აჩენდა, კიდევ უფრო შეასუსტა მოსახლეობის ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და ეჭვქვეშ დააყენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (განსაკუთრებით ქვედა დონეებზე) დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი. გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ახალმა მთავრობამ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რომლებიც არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, 21 ნოემბერს ჩანიშნულ მეორე ტურამდე, კიდევ არის დრო იმისთვის, რომ გამოსწორდეს სანდო სადამკვირვებლო მისიების მიერ აღმოჩენილი დარღვევები“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, საერთაშორისო მხარდაჭერისა და საარჩევნო პროცესების შემდგომი განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ აქტორებს, პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისა და არჩევნების მეორე ტურების ხარისხის გაზრდის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებს რეკომენდაციებს სთავაზობს.

„არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით, პოლიტიკურმა პარტიებმა თავი შეიკავონ მწვავე რიტორიკისგან და მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, პროვოკაციებისა და ზეწოლისგან. მხარეები უნდა ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში. საარჩევნო დავების განხილვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა განსაკუთრებით იმ დავებზე, რომლებიც ეხება არჩევნების შედეგების გადათვლასა და გაუქმებას - სწრაფად უნდა განიხილონ საჩივრები. იმ უბნებზე, სადაც არსებობს შედეგებით მანიპულირების შემთხვებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ეჭვქვეშ დგას შედეგების დათვლის მთლიანობა, ხმები ხელახლა უნდა გადაითვალოს და უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებელია, შემუშავდეს საარჩევნო დავების განხილვის ეფექტური მაკონტროლებელი მექანიზმი, რათა უზრუნველყოფილი იქნას არჩევნებთან დაკავშირებული დავების მეტად დროული, ეფექტური და გამჭვირვალე გადაწყვეტა,“ - ნათქვმაია ინფორმაციაში.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ცესკო-ს ვებ-გვერდიდან აღებული შერჩეული ოქმების ანალიზის შედეგად აღმოჩენილია მთელი რიგი დარღვევები.

„საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები, რომლებშიც მიცემული ხმების რაოდენობა აჭარბებს უბანზე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას; არის შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველს მიეცა ხმის მიცემის უფლება მაჟორიტარულ არჩევნებში, როდესაც ის სხვა მაჟორიტარულ ოლქს მიეკუთვნებოდა; ოქმების შესწორდა ბეჭდის გარეშე; იყო შემაჯამებელი ოქმების მიზანმიმართული გაყალბების ნიშნები; დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მათემატიკური შეცდომების მქონე შემაჯამებელი ოქმების მიღება. ბიულეტენების დაკარგვის შემთხვევები; შემთხვევა, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიამ აღიარა საუბნო საარჩევნო კომისიის პროპორციული შემაჯამებელი, ოქმის შედეგები, რომლებშიც ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შეადგენდა ნოლს, მაგრამ შესწორდა 15 საათის შემდეგ. დაფიქსირდა ციფრების კოორდინირებული ჩანაცვლების და პარალელურად, ბათილი ბიულეტენების რაოდენობის შესწორების შემთხვევები; ბათილი ბიულეტენების რაოდენობის მაღალი მაჩვენებლის შემთხვევა (10%) მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში; იყო შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა სამაგიდო სიებში არ ემთხვეოდა შემაჯამებელი ოქმის შედეგებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, 31 ოქტომბერთან დაკავშირებული კიდევ ერთი შემაშფოთებელი პრობლემა იყო დამკვირვებლების შეურაცხყოფა და მათზე ზეწოლა, როგორც არჩევნების დღეს, ასევე მის შემდგომ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს