პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თემქაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ანა უთიაშვილს ბრალი დაუმძიმდეს

თემქაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ანა უთიაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. აღნიშნულს არ გამორიცხავს საქმის პროკურორი გიორგი ქობულაძე.

როგორც პროკურორი განმარტავს, გამოძიების ეტაპზე შესწავლილი იქნება შემთხვევის დროს ანა უთიაშვილის მიერ განხორციელებული ქმედებები.

„ამ ეტაპზე, ანა უთიაშვილის ქმედება შეფასებულია, როგორც დანაშაულის შეუტყობინებლობა. ის თვითმხილველი იყო ნიკა ნარიმანიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის, მან სამართალდამცავ ორგანოებს ამის შესახებ არ აცნობა. თუმცა, გამორიცხული არ არის, გამოძიების ეტაპზე, დადგინდეს მის მიერ განხორციელებული კონკრეტული ქმედებების შესახებ, რაც შესაძლოა, გამოხატული ყოფილიყო ბრალდებულის მიმართ სხვა სახის დახმარებაში. ეს საკითხებიც იქნება შესწავლილი“, - განაცხადა ქობულაძემ.

პროკურორის თქმითვე, ბრალდებულ ნიკა ნარიმანიძეს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია, ჩვენება არ მიუცია, შესაბამისად, სასამართლოში მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია და მკვლელობის მოტივი, გამოძიების ეტაპზე გადამოწმდება, შეესაბამება თუ არა, ის სიმართლეს და რამდენად ჰქონდა აღნიშნულ ფაქტს ადგილი.

„ბრალდებულს საერთოდ არ მიუცია გამოძიებისათვის ინფორმაცია, არ მომხდარა მისი გამოკითხვა, ამაზე უარს თავადვე აცხადებდა. უფრო მეტიც, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზეც უარს აცხადებდა“, - განაცხადა ქობულაძემ.

ცნობისთვის, თემქაზე მომხდარი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ანა უთიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 14 ნოემბერს, თემქაზე, პარტიის „კანონი და სამართალი“ წევრის, ლევან შაბურიშვილის სახლში მის მეგობარს, მიშო მელიქიშვილს მეგობარ გოგონასთან ერთად მყოფმა ნიკა ნარიმანიძემ ყელი გამოჭრა, ლევან შაბურიშვილი კი დაჭრა, რის შემდეგადაც სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან გოგონასთან ერთად მიიმალა. სამართალდამცავებმა ნიკა ნარიმანიძე განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. ის წარსულში არაერთგზის ნასამართლევია. რაც შეეხება გოგონას, ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა