საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მეცნიერებათა აკადემიამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხუთი მეცნიერი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საპატიო სიგელებით დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

საპატიო სიგელი გადაეცათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს: აკადემიკოს რამაზ ქაცარავას – მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; პროფესორ ალექსანდრე შარმაზანაშვილს – მექანიკისა და ინფორმატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; პროფესორ მერაბ ახობაძეს – მართვის სისტემების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; აკადემიურ დოქტორ ბარბარა კილოსანიძეს – ინფორმატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; პროფესორ დავით ნატროშვილს – მათემატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, მსოფლიო მასშტაბით, საზოგადოების დაინტერესება და ინოვაციური ტენდენციების სიუხვე განსაკუთრებით ტექნიკურ დარგებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე აისახება.

„21-ე საუკუნემ სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა - სწრაფად ცვალებად სამყაროში გვიწევს ცხოვრება. ახალი ტენდენციების მოძალება განსაკუთრებით საგრძნობია ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამავდროულად, მსოფლიო საზოგადოებაში სწრაფად იზრდება მოთხოვნა და ასევე ელვისებურად ვითარდება მეცნიერება და ინოვაციური ტექნოლოგიები, რაც ყველა ქვეყნის და შესაბამისად, საქართველოს მომავალზე ახდენს დიდ გავლენას, ის თითოეული ჩვენგანის ყოფიერებაში იჭრება. ახალი ტექნოლოგიების განვითარების მხრივ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით. არაერთი ჩვენი მეცნიერი უანალოგო გამოგონების, აღმოჩენისა და კვლევის ავტორია. ჩვენი კოლეგები, სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ევროპისა და ამერიკის წამყვან კვლევითი ცენტრებსა და უნივერსიტეტებში ხორციელდება. მადლობას ვუხდით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დაფასებისათვის. ჩვენი მხრიდან კი, გვამოძრავებს უდიდესი სურვილი, გავაგრძელოთ სამეცნიერო კვლევები და უახლესი იდეები ტექნოლოგიებში ავსახოთ, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თავის მისიას გააგრძელებს, რაც აუცილებლად დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ცნობისთვის, მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2001 წელს დააწესა და ყოველწიურად აღინიშნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა