მიხეილ ჩხენკელი - დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამერიკის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდია.

როგორც ჩხენკელი განმარტავს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანია.

„ძალიან დიდია ამერიკის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში ყველა მიმართულებით. ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით გრძელდება და ახალ განზომილებებს იძენს. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას“, - განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი წელია საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამის დასტურია, ამერიკის ხალხისა და მთავრობის მიერ განათლებაში ჩადებული მრავალმილიონიანი ინვესტიცია, რომელიც ათეულობით ახალი სკოლის მშენებლობას, მასწავლებლებისა და ლექტორების გადამზადებას, ერთობლივი საუნივერსიტეტო პროგრამების შექმნას, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, აშშ-ის მთავრობამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით მრავალმილიონიანი გრანტი გამოყო, რომელიც ისტორიული ძეგლების რესტავრაციას, კონსერვაციას, დიაგნოსტიკასა და დიგიტალიზაციას ხმარდება.

მინისტრმა განაცხადა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა გრძელდება, დაწყებულია ახალი პროგრამები, ფართოვდება არსებული მექანიზმები. სულ მალე საქართველოსა და აშშ-ის მთავრობები გააფორმებენ თანამშრომლობის შეთანხმებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა