ალეკო ელისაშვილი - გვითხრეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მოვლენათა განვითარება და მათ ეს წარმოუდგენიათ მშვიდად და წყნარად

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გვირჩია, თითი გვიქნია, მუშტი გვიბრახუნა, ასეთი რამ არ ყოფილა. უბრალოდ, იყო ძალიან მეგობრული, კეთილგანწყობილი და პარტნიორული საუბარი. აინტერესებდა ჩვენი პოზიცია, რატომ გვაქვს ბოიკოტი გამოცხადებული, რატომ მიგვაჩნია, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდა, გაყალბდა, როგორ ვხედავთ გამოსავალს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა განმარტა, შეხვედრის მონაწილე მეორე მხარესაც ჰქონდა მოსაზრებები და რჩევები.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ დღეს მოლაპარაკებები არ ყოფილა და იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ელისაშვილის განმარტებით, საერთო ჯამში არის ის, რომ ოპოზიცია შეხვედრის მესამე რაუნდის მოლოდინშია. თუმცა, როდის შედგება ეს შეხვედრა ზუსტად არ იცის, რადგან „ეს შუამავლებზეა ხოლმე დამოკიდებული“.

„ჩვენ ჩვენი ვუთხარით. ვუთხარით, ძალიან კონკრეტული დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ არ მუშაობს ინსტიტუციები. მაგალითად, როგორ არ იღეს ყურად საჩივრები საოლქო კომისიაში, სასამართლოში, როგორი ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო ცესკო-მ და ა.შ. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გავაცანით, ჩვენი პოზიცია დავასაბუთეთ და არგუმენტები ვუთხარით. მათი მხრიდან ერთადერთი რაც იყო, არის წუხილი. მათ უნდათ, რომ პარლამენტი, დემოკრატია ფუნქციონირებდეს. არჩევნებისადმი რწმენა იყოს ა. შ.“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, შეხვედრისას შესთავაზეს, თუ არა ოპოზიციის ლიდერებს პარლამენტში შესვლა ელისაშვილი პასუხობს, რომ „აქ, ხელის გადაწევაზე და დარწმუნებაზე არ იყო. უბრალოდ, მათ გვითხრეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მოვლენათა განვითარება და მათ ეს წარმოუდგენიათ მშვიდად და წყნარად“.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „საჯაროდაც ვლინდება, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ“, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, თუ რაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე.

„წლებია ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია არ მქონია და რანაირად უნდა მომიაზრებდეს მე“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა