საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები M249 ტიპის ხელის ტყვიამფრქვევებით  აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აშშ-ის მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ამერიკული წარმოების ნატოს 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის ტყვიამფრქვევებით უკვე აღიჭურვა.

მათივე ინფორმაციით, საერთო საჯარისო ცენტრში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური მომზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს, სადაც ამერიკელმა ინსტრუქტორებმა მათ ტყვიამფრქვევის სათანადოდ გამოყენების მიზნით თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს.

„პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში, სწავლების მონაწილეები 100-დან 600 მეტრამდე დისტანციაზე სასწავლო სროლის სავარჯიშოებს კრწანისის პოლიგონზე ერთი კვირის განმავლობაში ასრულებდნენ. აღნიშნული ტიპის ტყვიამფრქვევი ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებსა და ბრძოლის ველზე მოქმედების ეფექტურობას ზრდის. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებით დაკომპლექტება, შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას ემსახურება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა