გიგა ბოკერია - საკითხის ასე დასმა: „პარლამენტში შევიდეს ვინმე და მერე ვნახოთ, არჩევნები იქნება თუ არაო“, გამორიცხულია - გამოსავალი არის ახალი არჩევნები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და მიხვდეს, რომ ქვეყანაში ახალი, ნორმალური არჩევნები დანიშნოს.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გათავისუფლება.

„ტექნიკურად აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მანამდე კი, უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესების შეცვლაზე, რამაც ნაწილობრივ ამ კრიზისამდე მიგვიყვანა. მარტო თამარ ჟვანიას საკითხს კი არ ვგულისხმობ, მთელი რიგი საკითხებია, პოლიტპატიმრების გათავისუფლებით დაწყებული. როცა გონს მოვა ივანიშვილი, რომ ამ მიმართულებით წასვლა ერთადერთი გზა არის, მერე ვისაუბრებთ ტექნიკურად, როგორც მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ საკითხის ისე დასმა, ამ პარლამენტში შევიდეს ვინმე და მერე ვნახოთ, იქნება არჩევნები თუ არაო, ეგ გამორიცხულია.

ივანიშვილს ჩვენი ნდობა ნული აქვს, რადგან გამოცდილება გვაქვს. მთავარი არის ახალი, ნორმალური არჩევნების დანიშვნა, თამარ ჟვანიას მოხსნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არა მხოლოდ ოპოზიციის გამარჯვების, არამედ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საკითხია. ეს არ ესმით ჯერ, მაგრამ პერსონალურად ივანიშვილისთვის გადარჩენის საკითხიცაა, ოღონდ ამას ჯერ ვერ ხვდებიან“,-განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, რაც მალე შეცვლის ხელისუფლება საკუთარ პოზიციას, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.

„ამ შემთხვევაში ნიშნის მოგების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი საფრთხე შეუქმნეს ქვეყანას და საკუთარ მომავალსაც, რაც დროზე შეცვლიან თავის პრინციპულ პოზიციას, მით უკეთესი ქვეყნისთვის და მათთვის. ამიტომ, ახლა დროა ჩართული ასე, როდის მოვა გონს ივანიშვილი. გამოსავალი არის ნორმალური, ახალი არჩევნები“,-განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას განცხადებით, ბოიკოტი კარგი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, არჩევანი არის ცუდსა და ბევრად უარესს შორის.

„მესმის, რომ სხვადასხვა ადამიანები ასეთ კრიზისებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. თავისთავად, პარლამენტის ბოიკოტი კარგი არ არის. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო, რომ არჩევნებში ცუდი შედეგის გამო, დემოკრატიული პროცესების იგნორირება, არასწორი და მიუღებელია. ჩვენ არ გვერიდება არანაირი კრიტიკის, როცა მიგვაჩნია, რომ ჩვენი აზრით, ქვეყანას ამ ტიპის ნაბიჯის გადადგმა სჭირდება. ამ შემთხვევაში, არჩევანი არის ცუდსა და ბევრად უარესს შორის. ანუ, სრული უიმედობის დანერგვა ხალხში არჩევნების მიმართ, ეს არის სწორედ საშიში. ამიტომ, როცა ვინმე ამბობს, რომ პარლამენტის ბოიკოტი ცუდია, გასაგებია, ოღონდ რა ალტერნატივა არის კარგი?! ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ახალი, ნორმალური არჩევნები. საქართველო არ დადგება იმ გზაზე, რომ ხალხის ნაცვლად ვინმე, მითუმეტეს, ასეთი სამარცხვინო ოლიგარქი წყვეტდეს რამდენი ხანი დარჩება ხელისუფლებაში“,-განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა