ადვოკატი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ ლევან ზურაბაშვილს ხელში ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა - ის აზარტული თამაშების მსხვერპლია და მისი მხრიდან ეს იყო ერთგვარი პერფორმანსი

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, იარაღი არ ჰქონია, მას მეტი დამაჯერებლობისთვის ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

როგორც ჭკადუა განმარტავს, ზურაბაშვილის მხრიდან ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მას ფული არ მოუთხოვია. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ დაკავებული ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ ის მძევლებს აგრესიულად არ ექცეოდა, რამდენიმემ თავისუფლად დატოვა შენობა, თითოეულ მათგანს გადაადგილება შეეძლო. ასევე, გვესმოდა, როცა მოთხოვნებს აყალიბებდა, მძევალთაგან ორი უსწორებდა კიდეც, რომ 7 % ბევრია და საბანკო სესხის განაკვეთი 3 პროცენტამდე დაწეულიყო.

ამ ბატონის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები იმდენად საჭირო იყო, არცერთ პოლიტიკოსს, არც ოპოზიციიდან და არც ხელისუფლებიდან არ ჰქონია იმ ტიპის დაპირება, რა მოთხოვნაც ამ ბატონს ჰქონდა. ეს გულწრფელი პროტესტი, თითოეული ჩვენგანის სატკივარი იყო და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთგვარ პერფომანსს, რა ფორმითაც მან ეს შეძლო.

მას იარაღი არ ჰქონია, ხელყუმბარა არ ჰქონია, მეტი დამაჯერებლობისთვის სანთებელა იყო ყუმბარის ფორმით, რომელსაც საფერფლეც აქვს. ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან არც ერთი თეთრი არ მოუთხოვია, მოლარეს უთხრა, რომ სალარო დაეკეტა, რადგან არ ეფიქრა ვინმეს, რომ რამე ფორმით თანხასთან ჰქონდა შემხებლობა. ის აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში იყო, არც ნასვამი იყო და არც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო აზარტული თამაშების მსხვერპლი, მან ავტომანქანაც კი გაყიდა ვალების ნაწილის გასასტუმრებლად, 12 წლის შვილი ჰყავს და ამბობს, არ მინდა, ჩემი შვილიც იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც მე ვარო“, - განაცხადა ჭკადუამ, რომლის თქმითაც, დაკავებულს უფასოდ დაიცავს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მას საქმის მასალებს დღეს გადასცემენ და უფრო მეტი დეტალი ამის შემდეგ ეცოდინება. ლევან ზურაბაშვილს ბრალი შესაძლოა, ხვალ წაუყენონ.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გუშინ, 31 წლის მამაკაცი შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის დეპუტატების პარლამენტში შესვლას და 3 კანონის მიღებას ითხოვდა.

"1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში; 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ", - განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შესულმა მამაკაცმა მოთხოვნებზე საუბრისას.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა