გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებთან და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთად წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხი განიხილა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხი ბიზნესის წარმომადგენლებთან და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთად განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად წერტილოვანი შეზღუდვების რამდენიმე ვარიანტი განიხილა.

„დისკუსიისას შეზღუდვების ფორმებსა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებთან მიმართებაში საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული პროგნოზები მიმოიხილა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი შეფასებით, ქვეყანა პიკში შედის, შესაბამისად, საჭირო და აუცილებელია, წერტილოვანი ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრება, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეიზღუდოს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების განმარტებით, შეზღუდვების გაფართოება ინფიცირების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას არ გამოიწვევს, თუმცა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდნენ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე - შვეიცარიიდან, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი - ესტონეთიდან, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული აშშ-დან. საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს შეზღუდვების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული გამოცდილება, სადაც საქმიანობენ და აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის გეგმა შეზღუდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ადეკვატურად პასუხობს.

მთავრობის მეთაურმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ასევე განიხილა ის ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანი ამოცანაა, მხარდაჭერის ისეთი პაკეტის ჩამოყალიბება, რომელიც დაეხმარება როგორც მოქალაქეებს, ასევე განსაკუთრებით ბიზნესის იმ მიმართულებებს, რომელთა შეზღუდვის აუცილებლობა პანდემიის მეორე ტალღის პირობებში დგება.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა