„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ იქმნება

სკოლის ხელმძღვანელებისთვის „დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ იქმნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდიდან აცნობეს, „დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ სკოლის მართვის დამხმარე პროდუქტია, რომელიც „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით მუშავდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმძღვანელო ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელებაში.

"სახელმძღვანელოში თავმოყრილია საუკეთესო გამოცდილება როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების მაგალითზე. ამასთან, სახელმძღვანელო მიზნად ისახავს სკოლის ადმინისტრატორებისათვის ერთიანი სახელმძღვანელო გზამკვლევის შექმნას პრაქტიკული/კონკრეტული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით. პროექტზე მუშაობის პირველ ეტაპზე საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონის მასშტაბით სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან კვლევითი სამუშაოები უკვე დასრულდა და გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით ავტორებმა კონკრეტულ თემებზე დაიწყეს მუშაობა. სახელმძღვანელოს ავტორები არიან: გია მურღულია- სკოლა „ ლოგოსის’’ დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, სიმონ ჯანაშია- განათლების მკვლევარი, მარიამ ჩიქობავა - საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ სილაგაძე- საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების კოორდინატორი, გიორგი ჭანტურია- კოალიცია „განათლება ყველასთვის’’ დირექტორი, მეგი კავთუაშვილი- ასოციაცია „ მშობლები განათლებისთვის’’ ხელმძღვანელი, ეკატერინე კვირიკაშვილი- ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ბარაბაძე - პედაგოგიკის დოქტორი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი და სხვები“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი გია მურღულია აცხადებს, აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს დაეხმაროს სკოლის ხელმძღვანელებს პანდემიის დროს სკოლის დისტანციური მართვის მოდელის პრინციპების საფუძვლიანად აღქმასა და გამოყენებაში.

„როდესაც მართვის ახალი პარადიგმა იქმნება, მმართველთა კორპუსისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი თეორიული გააზრება სხვადასხვა განზომილებითა და რაკურსით, ასევე, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა. ეს კურსი სწორედ ამ ამოცანას ისახავს მიზნად - დაეხმაროს სკოლის ხელმძღვანელებს, პანდემიის დროს სკოლის დისტანციური მართვის მოდელის პრინციპების საფუძვლიანად აღქმასა და გამოყენებაში. საამისოდ კომპეტენტურ ავტორთა ჯგუფი შევკრიბეთ, რომელმაც სასარგებლო ინფორმაცია და რეკომენდაციები მოამზადა“,-აცხადებს მუღულია.

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია კი მიიჩნევს, რომ დისტანციური განათლების განსაკუთრებული აქტუალობა მართალია პანდემიით არის გამოწვეული, მაგრამ დისტანციური სწავლების განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებაში არჩევანის მრავალფეროვნების გაზრდისთვის. მისივე თქმით, დისტანციური განათლების გზამკვლევი სასარგებლო პუბლიკაციაა არა მხოლოდ განათლების ამ ფორმის გასააზრებლად, არამედ განათლების პროცესის ზოგადი განვითარებისთვისაც საქართველოში.

"სახელმძღვანელოს საპილოტე, ელექტრონული ვერსია გაზიარებულ იქნება ასოციაციის მიერ სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ „საპილოტე ჯგუფთან’’, რომელიც დაკომპლექტებულია სასკოლო საზოგადოების ყველა სეგმენტის წარმომადგენლებითა და სფეროს ექსპერტებით. საპილოტე ჯგუფის მიერ სამუშაო ვერსიის შეფასებისა და უკუკავშირის გაზიარების შემდეგ, სარედაქციო ჯგუფი გზამკვლევს მისცემს საბოლოო სახეს. 2021 წლის იანვრის თვეში, სახელმძღვანელო უფასოდ გადაეცემა ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. აღნიშნული სახელმძღვანელო, შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე სრულად დააკმაყოფილებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ადმინისტრატორთა მოთხოვნებს, რათა ეფექტიანად წარმართონ ონლაინ სწავლების პროცესი; გაეცნონ საქართველოსა და საერთაშორისო გამოცდილებას აღნიშნული მიმართულებით; დაინახონ ერთიანი სურათი სკოლაში მიდინარე ონლაინ პროცესების შესახებ, რაც დაეხმარება მათ დისტანციური სწავლების უკეთ დაგეგმვაში, პროცესების შეფასებასა და გაუმჯობესებაში. სახელმძღვანელო საშუალებას მისცემს მათ განახორციელონ სკოლის შიდა, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება, რათა მოახდინონ დროული რეაგირება არსებულ გამოწვევებზე. ეს იქნება დისტანციური სწავლების მართვის პირველი გზამკვლევი საქართველოში. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. სახელმძღვანელოს თანადამფინანსებელი და აქტიური მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა