ლადო პაპავა - სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება

მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან მოლოდინია, რომ ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ინფიცირების მზარდი დინამიკა. სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფესორმა ლადო პაპავამ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების ეკონომიკაზე გავლენის კომენტირებისას განუცხადა.

ლადო პაპავას შეფასებით, კარგი იქნებოდა, რომ გარკვეული შეზღუდვები ადრე დაწესებულიყო, თუმცა თუ პოლიტიკურ პროცესს გავითვალისწინებთ, მთავრობა სწორად მოიქცა.

„ის პროცესი, რაც დღეს მიდის პანდემიის მეორე ტალღასთან დაკავშირებით, გლობალური პრობლემაა და ბუნებრივია, თავიდან ვერ აიცილა საქართველომ. რომ არ ყოფილიყო არჩევნების პერიოდი, ალბათ, მთავრობა უფრო აქტიურად იმოქმედებდა ადრე, მაგრამ საჭირო იყო ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ გაყინულიყო. მესმის, რომ არჩევნების დროს შეზღუდვების შემოღება იქნებოდა თვითონ არჩევნების შეზღუდვაც, აქედან გამომდინარე მთავრობა სწორად მოიქცა, თუმცა არჩევნები გვერდზე რომ გადავდოთ, რა თქმა უნდა სჯობდა, როდესაც იფეთქა ეპიდსიტუაციამ აჭარაში, მკაცრი ზომების შემოღება დაწყებულიყო“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.

მისივე თქმით, იმ ფონზე, რომ გაუარესებული ეპიდვითარების გამო ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვის ზრდა დამატებითი საბიუჯეტო თანხების ხარჯვის საჭიროებას იწვევს, მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციები გამართლებულია.

„რაც შეეხება ეკონომიკურ მდგენელს, ჩვენ გვავიწყდება, რომ ჯანდაცვაც ეკონომიკის ერთ-ერთი დარგია და საკმაოდ მნიშვნელოვანიც და მას დაფინანსება სჭირდება. დაფინანსების ძირითადი წყარო პანდემიის დროს ბიუჯეტია, ხოლო ბიუჯეტს ის პრობლემა აქვს, რომ კრიზისის გამო შემოსავლებს კარგავს. ამიტომ, თუ ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვას ძალიან გავზრდით, ამ პრობლემის მოგვარებას ბიუჯეტიდან თანხები უბრალოდ არ ეყოფა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საწოლფონდსა და კვალიფიციურ მედპერსონალზე. ამიტომ, ყოველთვისაა საჭირო ბალანსი. მივესალმები, მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან მოლოდინია, რომ ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ინფიცირების მზარდი დინამიკა. ის გადაწყვეტილება, რაც მთავრობამ მიიღო ჯდება იმ ლოგიკაში, რაც დღეს მსოფლიოში ტრენდულია, ხოლო ის, რომ საახალწლო პერიოდში შერბილება იქნება, ვფიქრობ, დეკემბრის 20 რიცხვის შემდეგ შესაძლოა, მთავრობა ამ საკითხს დაუბრუნდეს და შერბილების გადახედვაზე იფიქროს, თუკი სიტუაცია ვერ დარეგულირდება, თუმცა როგორც მთავრობის წევრები მედიკოსებზე დაყრდნობით ამბობენ, დარეგულირება საკმაოდ მაღალი ალბათობაა.

ეს კრიზისი ატიპური ეკონომიკური კრიზისია, ანუ კლასიკურ ეკონომიკურ სქემებში არ ჯდება, უფრო მეტიც, ამ კრიზისის დასრულება ეკონომიკაში, მედიცინაზეა დამოკიდებული, ეკონომისტები ამ კრიზისის დასრულებისთვის რეკომენდაციებს ვერ შეიმუშავებენ, რადგან სანამ პანდემიაა, ეკონომიკურ მექანიზმებს მხოლოდ შეუძლია მოსახლეობას არსებობა შეუმსუბუქოს და ბიზნესისთვის შეარბილოს შექმნილი ვითარება. სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“) ასევე, თბილისში თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში და ზუგდიდში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია